ბოლო სამი დღე ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა. ილია თითქოს დამუნჯდა. მხოლოდ მოკლე რეპლიკებით შემოიფარგლებოდა. ეს გააკეთე, ის მოაწესრიგე, ამას დაურეკე, იმას გადაუგზავნე და მორჩა. საკმარისი იყო, რამე სხვა თემაზე წამოეწყო ლაპარაკი, რომ სათქმელს თავს ვეღარ აბამდა და მაშინვე ჩუმდებოდა.
პარასკევს ნანათე თითქმის გახარებულიც კი იყო, რომ სამსახურიდან მიდიოდა, რადგან მის ტანჯვას ბოლო ეღებოდა.
როცა ილიამ კაბინეტში გამოიძახა, იფიქრა, ალბათ გამომშვიდობების წინ მადლობის თქმა სურსო. მან უკვე იცოდა, როგორც უნდა მოქცეულიყო ბოსთან: თავდაჭერილად, თბილად, პროფესიონალურად. ილიას ზედმეტი არაფერი უნდა ეფიქრა, თავსატეხი არ უნდა გაეჩინა მისთვის. დაე, ეგონოს, რომ საერთოდ არ წყდება გული მის დროებით მენეჯერს, მისგან რომ მიდის!
მაგრამ სრულიად საპირისპირო რამ მოხდა.
- ნანათე, ასე ადვილად ვერ შეგელიე, ხომ ხედავ? - მთელი კვირის განმავლობაში პირველად გაიღიმა ილიამ.
ნანათეს სუნთქვა შეეკრა.
- რატომ, რა ხდება? - გულაჩქროლებულმა იკითხა.
- რა და… ელისო, მართალია, გამოვა სამსახურში, მაგრამ სანამ ის ყველაფერში გაერკვევა, დრო დასჭირდება. შენ უნდა მოხვიდე ხოლმე და დროდადრო წაეხმარო.
- მე წავეხმარო? - თვალები დააჭყიტა გაოცებულმა, - ის ხომ პროფესიონალია, ჩემი დახმარება რაში დასჭირდება?
- დასჭირდება! - ბრძანებასავით გაისმა უფროსის ხმა, - აქამდე შენ აწარმოებდი საქმეებს, ყველა საბუთი იცი, ყველა კონტრაქტი, ხომ უნდა გაარკვიოს, რა და როგორ?
- მაგრამ…
- რა მაგრამ?
- მე რომ მოვედი აქ, საერთოდ არაფერი ვიცოდი და არც არავის დავუკვალიანებივარ. ჩემით გავერკვიე ყველაფერში. ვფიქრობ, არც ქალბატონ ელისოს გაუჭირდება, - შორს დაიჭირა ნანათემ ილიას თხოვნა თუ მოთხოვნა.
- გაუჭირდება. მე ვიცი. ამიტომ გააკეთე ის, რაც გთხოვე… ჩემი ხათრით მაინც, - ბოლო წინადადება შედარებით ხმადაბლა წარმოთქვა ილიამ და ქვემოდან მალულად გახედა სახეაჭარხლებულ მენეჯერს.
ჰო, რა თქმა უნდა. ძვირფასმა და ფასდაუდებელმა ელისომ ტვინი ხომ არ უნდა იჭყლიტოს ამ საბუთების გარკვევაში, მისთვის როგორ შეიძლება ბევრი მუშაობა და გონების დაძაბვა! ბრაზი მოერია, მაგრამ დროზე მოთოკა ნერვები და თავი დააქნია.
- გასაგებია, - მორჩილად დაეთანხმა, - ორშაბათს ჩვეულებრივად გამოვალ მაშინ.
- დიდი მადლობა, დიდად დამავალებ!
- სულ ეს არის? - ჰკითხა უფროსს, სანამ გასვლას დააპირებდა.
- არის კიდევ რაღაც, - თითქოს ეუხერხულებაო, ისე წარმოთქვა ილიამ, - დაჯექი, თუ შეიძლება, ნუ გარბიხარ!
ნანათემ კვლავ გამოსწია სკამი, დაჯდა და ხელახლა გადაშალა ბლოკნოტი. შემდეგ კალამი მოიმარჯვა და ყურადღებით შეაცქერდა შეფს.
- გისმენ.
- ბლოკნოტი არ დაგჭირდება. უბრალოდ, მინდოდა მეკითხა, რამე ახალი ხომ არ გამოგიჩნდა-მეთქი სამსახურთან დაკავშირებით.
- აა! არა, ჯერ არაფერი. ვცდილობ, ამაზე ბევრი არ ვიფიქრო. გამოჩნდება ალბათ, ასე უცებ ციდან ხომ არ ჩამომივარდება ახალი სამსახური, დრო უნდა.
- როგორ ფიქრობ… საქმიანობის სფეროს შეცვლას შეძლებ? ოდესმე გიფიქრია ამაზე? - ფრთხილად შეეკითხა უფროსი.
- გააჩნია პროფესიას. რატომ მეკითხებით? რამეს მთავაზობთ?
- სამწუხაროდ, მე თავისუფალი შტატი არ მაქვს. არანაირი. თუმცა… ერთი იდეა მაქვს… დროებით მაინც, იქნებ შენც მოგეწონოს?
- რას მთავაზობ, ილია? - ისე თამამად მიმართა უფროსს ნანათემ, თითქოს ტოლი და სწორი ყოფილიყვნენ.
მისთვის ამწუთას სულერთი იყო, როგორ მიმართავდა, რადგან მის თანამშრომლად უკვე აღარ ითვლებოდა.
- თუ არ მოგეწონება, პირობა მომეცი, რომ არ გამიბრაზდები.
ნანათემ თითებშუა მომარჯვებული კალამი მაგიდაზე დადო, აცახცახებული ხელები მუხლებზე დაილაგა და შეფს გამომცდელი მზერა მიაპყრო.
- გააჩნია შემოთავაზებას, - მრავლისმეტყველი ტონით მიუგო.
- ყოველ შემთხვევაში, სამარცხვინოს და შეურაცხმყოფელს არაფერს გთავაზობ.
ნანათემ მსუბუქად ამოიოხრა. ჯერ თავი ჩაჰკიდა, დაფიქრდა, აწონდ-დაწონა შექმნილი ვითარება. იმედია, საყვარლობას არ შემომთავაზებს, რადგან ასეთი პასუხი გამცაო, გაიფიქრა, მერე კვლავ ასწია თავი და მტკიცედ წარმოთქვა:
- პირობას გაძლევ.
- ეს ისეთი რამეა, რაც მხოლოდ მე არ გადამიწყვეტია. ლიკატოსაც გაუჩნდა ეს აზრი და ერთად განვიხილეთ. მას, რა თქმა უნდა, გაუხარდა. არ ვიცი, ვგრძნობ, რომ ძალიან შეაყვარე თავი. როგორ და რანაირად, შენ უკეთ გეცოდინება.
- იქნებ პირდაპირ მითხრა, რა წინადადება გაქვს ჩემთან? - გააწყვეტინა ნანათემ, - რა საჭიროა შორიდან მოვლა, მითხარი, არ მეწყინება.
- კარგი, გეტყვი, - ყრუდ ამოთქვა მამაკაცმა, მაგრამ სანამ რამეს იტყოდა, წამოდგა, ბარიდან მინერალური წყლის ბოთლი გამოიღო, დაისხა და დაელოდა, სანამ გაზიანი სასმელი შუშხუნს შეწყვეტდა…
8 8 8
ილიამ მინერალური წყლით სავსე ჭიქა სულმოუთქმელად დალია.
«როგორ წყურებია!» - გულში გაიღიმა ნანათემ და უფროსს მოლოდინით სავსე მზერა მიაპყრო.
- ერთი სიტყვით, - განაგრძო შეფმა, როგორც კი წყურვილი მოიკლა, - ჩემთან მუშაობას გთავაზობ, სახლში.
- შენთან? სახლში? - ქალს განცვიფრებისგან თვალები გაუფართოვდა, - და რა უნდა ვაკეთო შენს სახლში?
- რა და… აი, რომ იტყვიან, საოჯახო საქმეებს უნდა მიხედო. ოღონდ, სანამ გააპროტესტებდე, გთხოვ, მომისმინო. შენი დამცირება სულაც არ მინდა, არც შეურაცხყოფას გაყენებ. ნებისმიერი სამუშაო დასაფასებელია, რასაც ადამიანი ხელს მოჰკიდებს. ასე რომ არ იყოს, არ გვეყოლებოდა არც მეეზოვეები, არც მენაგვეები და არც… ნუ, რა ვიცი, ნებისმიერი სხვა საქმიანობა აიღე, რომელიც გინდა… და ვივლიდით ყველანი დაბინძურებულ ქუჩებში და ვისუნთქავდით დაბინძურებულ ჰაერს. ეს ისე, შესავლისთვის. მე მაინც უნდა ავიყვანო ვინმე. უცხოს, ჯერ ერთი, ვერ ვენდობი და მეორეც, ლიკაც ვერ შეეგუება. ხომ ხედავ შენც, როგორი თავნებაა. არადა, თვითონ დიდი საქმიანი გოგო არ არის. ყველაფრის გაკეთება ეზარება. ოღონდ გაიპრანჭოს და სადმე გავარდეს, სხვა რამეზე ნაკლებად ფიქრობს. სახლი რამხელაც მაქვს, კარგად იცი. ყოველდღე დალაგება სჭირდება. იქ ძაღლია გასასეირნებელი, იქ ბაზარში წასასვლელი. მეც ვერ ვიცლი. თუ დამთანხმდები, ორჯერ მეტი ხელფასი გექნება, ვიდრე აქ გიხდიდი. სულ ეს არის, რაც უნდა მეთქვა. იფიქრე… თუ გინდა, ხომ კარგი და თუ არა, არც ეგ მეწყინება, მესმის შენი. უბრალოდ… სანამ რამე გამოჩნდება-მეთქი, ვიფიქრე… იქნებ მერე ისევ ჩემთან გადმოგიყვანო, იქნებ გათავისუფლდეს ადგილი…
ნანათე დაძაბული უსმენდა. თავიდან, ცოტა არ იყოს, მართლა დამცირებულად იგრძნო თავი და სიბრაზისგან წამოჭარხლდა, მაგრამ რაც მეტს უხსნიდა ილია, მით უფრო მშვიდდებოდა.
«ბარემ შემირთე ცოლად და ეგ იქნება!” - გაიფიქრა და ამოიოხრა.
- გაწყენინე? - შეცბუნდა მამაკაცი.
- არა, რას ამბობთ! - მისდა უნებურად, კვლავ ზრდილობიან ფორმას დაუბრუნდა ყოფილი მენეჯერი, - უბრალოდ, მსუბუქად ამოვიოხრე.
- მართლა? - გაიცინა ილიამ, - ღრმად ამოოხვრა გამიგია, მაგრამ აი, მსუბუქი პირველად მესმის.
- ეს მხოლოდ მე მახასიათებს ალბათ, მე ხომ სხვებს არ ვგავარ, - ირონია გაისმა ნანათეს ხმაში.
- ეგ მართალია, შენ სხვებს ნამდვილად არ ჰგავხარ და დღეიდან დავიმახსოვრებ, რომ მსუბუქი ამოოხვრა გახასიათებს, - თბილად შესცინა უფროსმა.
ნანათემაც ვერ შეიკავა ღიმილი.
- აბა, რას იტყვი? ჰო თუ არა? - ხელები მოიფშვნიტა გოკიელმა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს უარი მისთვის სულაც არ იქნებოდა მტკივნეული.
- როგორ გითხრათ… არც ვიცი, დაფიქრება ღირს თუ არა… - დაიწყო ნანათემ და თვალები დახარა.
ილიას შუბლი უსიამოვნოდ შეეჭმუხნა, მაგრამ მხოლოდ წამით, შემდეგ ისევ ღიმილი გადაეფინა ტუჩებზე.
- არა უშავს, არ არის პრობლემა…
- არა, თქვენ ვერ გამიგეთ… - თავი გადააქნია ქალმა, - მინდოდა, მეთქვა, რამდენიმე დღე ხომ არ ვიფიქრო-მეთქი, მაგრამ მგონი, არ ღირს… ნდობისთვის დიდი მადლობა…
- ანუ? - დაკონკრეტება მოითხოვა შეფმა.
- თანახმა ვარ… სხვა გამოსავალი ამწუთას მაინც არ მაქვს, - შეიშმუშნა ნანათე.
- ძალიანაც კარგი, - აშკარად შეეტყო გოკიელს, რომ ძალიან გაუხარდა ქალის პასუხი. ცდილობდა, არ შეემჩნია, მაგრამ ვერ მოახერხა, - შენ ისე შეგეჩვია ლიკატო… ეს არის ჩემთვის მთავარი. სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ისიც კი, რამდენად გულით გააკეთებ შენს საქმეს.
- უკვე შეურაცხყოფას მაყენებთ.
- ღმერთმანი, არა! ეს ისე, სიტყვის მასალად გამოვიყენე, თორემ კარგად ვიცი, როგორიც ხარ.
- ყოველ შემთხვევაში, თქვენი «სიტყვის მასალა» მცდელობა იყო. - თქვენობით რატომ მელაპარაკები? უცებ რაღაც ოფიციალური გახდი. ახლა ხომ აღარ ვარ შენი უფროსი?
ნანათემ მოკრძალებით გაიღიმა.
- პირიქით, ახლა ხართ, თუ ხართ…
- კარგი, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ახლა ის მითხარი, როდის შეუდგები საქმეს?
- აბა, რა გითხრათ… ალბათ, როცა ელისოს დაკვალიანებას მოვრჩები.
- აჰა… - ილიამ პაუზა გაწელა, - ეგ, მგონია, რომ 2-3 დღის მეტი არ გაგრძელდება. ელისო ადვილად გაერკვევა ყველაფერში.
- ეჭვიც არ მეპარება. ის კი არა, მგონია, რომ… - თქვა და ენას კბილი დააჭირა, მიხვდა, ზედმეტს ამბობდა.
- რაში არ გეპარება ეჭვი?
- არა, არაფერში… - გაწითლდა ნანათე.
- მითხარი.
- არა, - ჯიუტად გააქნია თავი.
- მითხარი-მეთქი! არ მოგეშვები.
- რა და… - დაიწყო და კვლავ გაჩუმდა, - სხვა დროს იყოს, ახლა ვერ გეტყვით.
ილიას მრავლისმეტყველად ჩაეღიმა. მიხვდა, რაც იგულისხმა მისმა მომავალმა ფსევდოდიასახლისმა.
- ეგრე იყოს. ახლა კი, უნდა დაგემშვიდობო, საქმეები მაქვს.
- დიახ… - ნანათე ადგა და მაგიდას თითის წვერებით დაეყრდნო, - დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
- სამადლობელი არაფერია. მე ჩემს საქმესაც ვიკეთებ ამით, - თავმდაბლობა გამოიჩინა გოკიელმა და თბილად გაუღიმა.
ნანათე კაბინეტიდან გამოვიდა და რადგან თამრიკო ოთახში არ იყო, ღრმად ამოიოხრა, თითქოს ყველა დარდი ამ ერთ ხმაურიან ოხვრას გააყოლაო…
8 8 8
მეკოსთან მთელი კვირა მალავდა ნანათე, რომ ილიასთან იწყებდა მუშაობას. იცოდა, მეგობარს რომ განდობოდა, აუცილებლად გაკიცხავდა და თავზე ლაფს დაასხამდა, თავმოყვარეობის ნატამალი არ გაგაჩნიაო. მართალიც იქნებოდა. თვითონაც ბევრი იფიქრა ამაზე. ღირდა თუ არა მოსამსახურედ მუშაობა? თანაც ყოფილ შეფთან? აბა, სხვა რა ერქვა მის თანამდებობას? რა უნდა ეთქვა, რას ვაკეთებ გოკიელის სახლშიო? საქართველოში ამ სამუშაოს სხვა სახელი არ ჰქვია… მაგრამ იცის, რატომაც დათანხმდა. იმიტომ, რომ ილიასთან ახლოს ყოფილიყო. მორჩა! ცოდვა გამხელილი სჯობს! მოსწონს ის კაცი და რა ქნას? იქნებ შეაყვაროს თავი და ეშველოს! გამორიცხული არაფერია, ყველაფერი ხდება ქვეყანაზე!
ამასობაში დაამთავრა ელისოსთან «სასწავლო დღეები» და დადგა დრო, როცა ახალი სამსახური უნდა დაეწყო. მაინც ვერ უთხრა მეკოს და ცისიას, რას აპირებდა. ამჯობინა, მოეტყუებინა მეგობრები და წინა საღამოს გამოუცხადა, მოხუცი ქალის მომვლელად ვიწყებ ხვალიდან მუშაობასო.
არც ეს ტყუილი გამოდგა უკეთესი ვარიანტი. მეკომ მაინც დაიმართა ისტერიკა.
- გაგიჟდი, გოგო? ამისთვის ისწავლე? ამისთვის გიდევს შენხელა დიპლომი სახლში? მოგეთმინა ცოტა ხანს.
- სანამდე? - არ შეეპუა ნანათე, - ვიჯდე და ველოდო, როდის რა გამომიჩნდება? არ იცი, რა ძნელია სამსახურის პოვნა? მე შენ გეტყვი, მინისტრად დამიძახებენ ხვალ ან მის მოადგილედ!
- ცოტა ხანს დაგეცადა, რა იცი…
- იქამდე რა ვჭამო?! მოთმინება?! თუ შენს კმაყოფაზე დავჯდე? კარგი რა! - აყვირდა ისედაც გაღიზიანებული.
- ცისია ხომ გვეხმარება.
- როგორ არ მოგბეზრდა შენც ეს დახმარება? მე, მაგალითად, თავმოყვარეობა მელახება, როცა ის მეხმარება. მრცხვენია! კახას რომ ფული აქვს, იმას არ ნიშნავს, რომ ცოლის დაქალები არჩინოს. ისედაც ბევრი გააკეთა ჩემთვის და… შენთვის.
- როგორც გინდა, - მეკომ მის არგუმენტს მყარად ვერაფერი დაუპირისპირა და გაჩუმება ამჯობინა.
ნანათე საძინებელში გავიდა. თან წუხდა, მეგობარს რომ წაეკინკლავა, თან სინდისი ქენჯნიდა. ყველაფერი ხომ მისმა ერთმა ვითომ უმტკივნეულო ტყუილმა გამოიწვია? არადა, სიმართლე რომ ეთქვა, თავის დაცვას ნამდვილად ვერ შეძლებდა. ისედაც დაიღალა. სულ მეკოს რჩევა-დარიგებების მოსმენა უწევს. თითქოს უფროსი და იყოს, წარამარა ჭკუას ასწავლის. რა სჭირს სხვისი ჭკუის სასწავლებელი?!
დაწვა და საბანი თავზე გადაიფარა. ოცნებებში გადავარდა. ყოველთვის უნდოდა, პატარა, კოხტა სახლი ჰქონოდა თავისი პატარა სამზარეულოთი, მოეხარშა მურაბები, ჯემები, კომპოტები… დაემზადებინა კონსერვები, მოევლო ოთახის მცენარეებისთვის და ჰყოლოდა ძაღლი და კატა, თან ორივე ერთად. ისე გაზრდიდა ორივეს, რომ ერთმანეთი ჰყვარებოდათ. ერთად ეთამაშათ, ერთად ეჭამათ, ერთად დაეძინათ… მისი ახალი «თანამდებობა» მთლად ცოლის ამპლუას ვერ შეედრებოდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იქნებოდა მისთვის თუნდაც სხვის სახლში ფუსფუსი.
თან რა ჯობია, როცა საღამოს დაბრუნდებიან მამა და შვილი და მის მიერ მომზადებულ სადილს თუ ვახშამს გემრიელად შეექცევიან.
რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო მოსწონდა იდეა. ფული არ აწყენს, გულხელდაკრეფილიც არ იქნება სამსახურის მოლოდინში და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორივეს მოსწონს იგი. მთავარი ეს იყო.
მეორე დილით, ის იყო, წასასვლელად გაემზადა, რომ მოულოდნელად ილიამ დაურეკა და მოუბოდიშა, იქნებ ხვალისთვის გადავდოთ შენი აქ მოსვლაო.
- დიახ, რა თქმა უნდა, როგორც იტყვით, - გაკვირვებულმა ნანათემ ვერ გაბედა, მიზეზი ეკითხა.
- საქმე ისაა, რომ მინდა საღამოს შევხვდეთ და სადმე რესტორანში დავსხდეთ, დავილაპარაკოთ…
- თუ გადაიფიქრეთ, არ მოგერიდოთ, რესტორანი და ბოდიშები საჭირო არ არის, - მიუხვდა ქალი.
- არა, არა, ეგ არაფერ შუაშია. მართლა მინდა შენთან ჯერ დალაპარაკება. შევხვდეთ და იქ აგიხსნი ყველაფერს.
- კარგი, როგორც გენებოთ, - ნანათე ცდილობდა, ხმადაბლა ელაპარაკა, რათა მათი საუბრისთვის მეკოს არ მოეკრა ყური.
- მაშინ შვიდისთვის გამოგივლი.
- დიახ, მზად ვიქნები.
რაღაც არ მოეწონა, თუმცა, ვერ მიხვდა, კონკრეტულად რა არ მოეწონა. რესტორანი რა აუცილებელი იყო? თუ სათქმელი ჰქონდა, ისე ვერ ეტყოდა? მარიაჟობა რა საჭირო იყო? ილიას წინადადებამ ნანათეს თავსატეხი გაუჩინა. არა, ალბათ არ ღირს, მეკოს ეს ყველაფერი დაუმალოს. უნდა უთხრას, რაც ხდება. ახლა მართლა სჭირდება მისი დახმარება.
- მეკო! - სასტუმრო ოთახში შემობრუნდა და მეგობარს გასძახა, რომელიც სააბაზანოს სარკის წინ თვალებს იხატავდა.
- რა იყო?
- რაღაც მინდა გითხრა…
- რა ფერი გადევს? ცუდად ხარ? ორსულად ხომ არ ხარ, გოგო?! - დაფეთებული ეცა მეკო.
- არა, რა ორსულად! მომისმინე… წუხელ რაც გითხარი, ტყუილი იყო… უფრო სწორად, ნაწილობრივ მოგატყუე, ახლა კი სიმართლე უნდა მოგიყვე.
- ტყუილი? აბა, არ იწყებ მუშაობას?
- კი, ვიწყებ, ხომ გითხარი.
- ვიღაცის სახლში, მომვლელად.
- მომვლელად არა, მოსამსახურედ უფრო… ანუ ისიც ვიქნები და ისიც, ოღონდ მოსავლელი არავინაა, საოჯახო საქმეები უნდა ვაკეთო მხოლოდ.
- მერე? რა იყო აქ დასამალი? - მხრები აიჩეჩა დაქალმა.
- რა და… გოკიელთან ვიწყებ მუშაობას.
- ვისთაააააან?! - კი არ იკივლა, იხავლა მეკომ და დოინჯშემოყრილი წინ აესვეტა მეგობარს.
- ნუ ყვირი, ძალიან გთხოვ… სხვა გამოსავალი არ მქონდა. თანაც, უკვე კარგად მექცევა, მის შვილსაც ვუყვარვარ…
- და მერე სექსზეც არ ეტყვი, რა თქმა უნდა, უარს!
- მოიცა, რა სექსი! - ზიზღით მიუგო ნანათემ, - ახლა ეგ არ არის პრობლემა. სხვა რამე მინდა გითხრა.
- კიდევ დარჩა რამე? - ირონიას არ იშურებდა მეკო.
- დღეს უნდა გავსულიყავი, გესმის? ჰოდა, წეღან მირეკავს და მეუბნება, დღეს ვერაო.
- დებილო! აბა, მე რას გეუბნები! გათამაშებს ეგ კაცი, ვერ ხედავ?
- არა, არა, მაცალე, რა! - ხელები გაშალა ნანათემ, _ ასე მითხრა, საღამოს რესტორანში გეპატიჟები და იქ ვილაპარაკოთო.
- რაზეო?
- რა უნდა აკეთო ჩემს სახლშიო.
- მე უკვე ვიცი, რაც უნდა აკეთო, - თავის კანტურით დაადასტურა მეკომ.
- ნუ ხარ ეგეთი ავი, თორემ ვიფიქრებ, რომ ჩემი გშურს, - მოულოდნელად წამოცდა ნანათეს.
რაოდენ გასაოცარი იყო, როცა მეგობარმა მის შენიშვნას ყურადღება არ მიაქცია. იგი უეცრად მოლბა და მშვიდად შეეკითხა.
- კონკრეტულად რაზე უნდა ვისაუბროთო?
- რისი გაკეთებაც მოგიწევსო.
- კარგი რა, ნან, - თვალები დაქაჩა მეკომ, - ნუ ხარ ეგეთი მიამიტი. ამისთანა სამუშაოზე როცა აჰყავთ ქალი, რესტორანში არ ეპატიჟებიან. ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მაინც. მაგას ალბათ, ამით უნდა პირველი ნაბიჯი გადადგას.
- მეეჭვება. ამის გასაკეთებლად უამრავი მიზეზი ჰქონდა, თან ისე, რომ ერთი თეთრიც არ დაეხარჯებოდა. რაღაც სხვა რამ ხდება და ამასაა, რომ ვერ ვხვდები.
- მაგრამ აქამდე მასთან მუშაობდი და არ უნდოდა, თანამშრომელთან რომანი გაება, - ხაზი გაუსვა თავის ნათქვამს მეკომ, - თან ამდენი წელია, ცოლს გლოვობს. შეიძლება ისე უნდა ეს ყველაფერი მოაგვაროს, რომ არავინ გაიგოს და ყველასთვის საიდუმლოდ დარჩეს.
მხრებჩამოყრილი ნანათე უმწეოდ მიაჩერდა დაქალს… იქნებ მართლა ასეა? სასოწარკვეთილმა თვალები დახუჭა და ისე დაებრიცა ტუჩები, აშკარად შეეტყო, სატირლად რომ გაემზადა.
8 8 8
საღამომდე ინერვიულა ნანათემ, მაგრამ ბოლოს ხელი ჩაიქნია, რაც იქნება, იქნება, მოვუსმენ მაინც, რას მთავაზობსო და ისე განეწყო, თითქოს საქმიან შეხვედრაზე მიდიოდა.
ყველაზე რთული ისევ და ისევ ჩასაცმლის პრობლემა იყო. ილიას მისი თითქმის ყველა სამოსი ნანახი ჰქონდა. რაც გააჩნდა, სამსახურშიც ეცვა უკვე და სამსახურს გარეთაც. მართალია, ეს არ იყო რომანტიკული ვახშამი, მაგრამ უნდოდა, მაინც მოეხდინა შთაბეჭდილება.
როგორც იქნა, გააკეთა არჩევანი და მოკლე შავი კაბა ჩაიცვა თავისი აბრეშუმის მოსაცმელით. მთლად მოკლე არ იყო, მუხლს ნახევრად უფარავდა და თან ძალიან უხდებოდა. ამ კაბაში ილიას იგი ნანახი არ ჰყავდა. გაზაფხულის ცივი საღამო კი იყო, მაგრამ რესტორანში «ეპატიებოდა» ასე ჩაცმულს მისვლა.
- არაჩვეულებრივად გამოიყურები, - შეაქო მეკომ დაქალი წასვლის წინ, - მოსამსახურეს სულ არ ჰგავხარ!
- ხომ არ გამოვიცვალო? ძალიან გამომწვევად ხომ არ ვარ?
- არავითარ შემთხვევაში! მაგარ ფორმაში ხარ! თვალს ვერ მოგაშორებს და შეიძლება ისეთი რამ შემოგთავაზოს, არც შენ დაიხიო უკან, - გადაიკისკისა…
მეკო ცხოვრებაში პირველად შეცდა. ილიას მის დანახვაზე რეაქცია არ ჰქონია, არც გზაში დაუწყია თვალიერება. ერთადერთი, რაც უთხრა, ორად-ორი სიტყვა იყო.
- სხვანაირი ხარ.
ჰო, იქნებოდა სხვანაირი, აბა, რა? ის ხომ სხვებს არ ჰგავს! კიდევ კარგი, რომ არ შეიყვარა ეს კაცი. მოწონებას ადვილად გადაიგდებს გულიდან, ეგ არაფერია! განაწყენებულს მთელი გზა ხმა არ ამოუღია.
ახლა ჯერი მასზე იყო. მტკიცედ გადაწყვიტა, ტუჩი აებზუებინა, როცა დათქმულ ადგილს მიუახლოვდებოდნენ და მამაკაცისთვის არჩევანი დაეწუნა. ამით სამაგიეროს გადაუხდიდა.
ილიას პატარა, მყუდრო რესტორანი აერჩია, ქალაქის ცენტრში, რომელსაც წითლად განათებული აბრა ამშვენებდა.
- ეს არის? - მოჩვენებითი გაკვირვებით იკითხა, დარბაზში რომ შევიდნენ.
იატაკზე წითელი ხალიჩა ეფინა, ხოლო კედლებზე შავ-თეთრი ტონების შპალერი იყო გაკრული. მკრთალად განათებულ დარბაზში ყველა მაგიდაზე თითქო ანთებული სანთელი იდო საშანდლეში.
- ეს არის… არ მოგწონს? - მოუბრუნდა ილია, - სიმართლე გითხრა, ძალიან არ გამოვიდე თავი. ეს ხომ პაემანი არ არის, ჩვეულებრივი ვახშამია, - თითქოს თავი იმართლა.
- ჰო, რა თქმა უნდა.
ნანათე დაჯდა და ირგვლივ მიმოიხედა. იქაურობა მდიდრულად იყო მოწყობილი. ამაზე მძიმე მოჩუქურთმებული სკამები და ვერცხლის დანა-ჩანგალი მეტყველებდა. მსგავსი ადრე არსად უნახავს… და მისი «დაწუნებული» რესტორანი, ამავდროულად, ძვირად ღირებულიც აღმოჩნდა. ამას ნანათე მენიუთი მიხვდა. როგორ ინანა, წეღან რაც წამოაყრანტალა! როგორ უსწრებს ენა წინ! რა ალაპარაკებდა? ვითომ ახლა მე მოვუგებო! და რა? მაინც თვითონ დარჩა წაგებული.
- საოცრად ლამაზი ქალბატონია, არა, ილო? - ოფიციანტმა მხარზე ხელი დაადო ილიას და ნანათეს შეხედა.
- ჰო… ძალიან… ახლა კი, აი, ესენი მოგვიტანე, - გულგრილად თქვა გოკიელმა და ოფიციანტს ჩამოუთვალა, რის შეკვეთასაც აძლევდა. ამ კერძების სახელები ნანათემ პირველად გაიგო.
- ორ წუთში ყველაფერი იქნება… ცოტა უხერხულად ხომ არ გამომივიდა? - ოფიციანტმა ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა, - ილო, ხომ იცი, ქალზე იშვიათად ვამბობ ასეთ რამეს. ადრე არ მჩვეოდა…
- ადრე ალბათ საკუთარი თავის იმედი ნაკლებად გქონდა, - მწარედ უკბინა გოკიელმა და ირიბად ახედა თავზე წამომდგარ მამაკაცს და ნირწამხდარი გაშორდა წყვილს. ნანათეს უნდოდა ეკითხა, რატომ ელაპარაკა ასე უხეშად მისთვის კარგად ნაცნობ ადამიანს, მაგრამ გადაიფიქრა. ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამოჩენა არ ღირდა. არც ილიას გასჩენია სურვილი, რამე აეხსნა.
თუმცა მისმა ლაკონიურმა ნათქვამმა: «ჰო… ძალიან», გული აუჩქროლა. მან თქვა, რომ ნანათე მოსწონს. მის გარდა, სხვას ვის შეუძლია ასე მოიქცეს? თქვას ქალზე, ლამაზიაო და უცებ მენიუს მიუბრუნდეს? მხოლოდ და მხოლოდ ილიას! იქნებ ოფიციანტის გასაგონად თქვა მხოლოდ? რათა მას ბევრი არ ელაპარაკა? იმდენად აღელდა, რომ ხელები აუკანკალდა. ჩანგალი ხელში მოექცია და აქეთ-იქით ატრიალებდა. კონცენტრაციის უნარი დაკარგა. ბოლოს სიჩუმე ვერ აიტანა და ილიას მიუბრუნდა.
- როდის გინდათ, მუშაობას შევუდგე?
- რაც მალე, მით უკეთესი. მე მინდა, რომ ხვალიდან დაიწყო, - საქმიანად უპასუხა მამაკაცმა, - მაგრამ თუ რამე გიშლის ხელს, ჯობია, შენ თვითონ გადაწყვიტო.
- არ მიყვარს გადადებული საქმე. მირჩევნია, ხვალიდან დავიწყო. მე დღესაც ვაპირებდი, რომ არ გადაგედოთ.
- მოდი, ზეგ დილით იყოს, კარგი? ხვალ სამსახურში მოდი, კიდევ ერთხელ «გავიაროთ» ეს ყველაფერი, - მამაკაცი ისეთი ცივი ტონით ლაპარაკობდა, თითქოს რომელიმე ფირმის წარმომადგენელთან კონტრაქტის დასადებად იყო მოსული. ასე შორეულად პირველ დღეებშიც კი არ მოჩვენებია ნანათეს იგი.
- და რაზე უნდა შევთანხმდეთ? რამე შეიცვალა? - ალმაცერად გახედა უფროსს.
ილიამ თავი ჩაკიდა და ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა. ნანათეს სული შეუგუბდა. ისე დაეჭიმა სხეული, წელი ეტკინა.
- იცი, რა ხდება? ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ცოლისდა ჩამოდის ჩვენთან სტუმრად. დროებით დარჩება, მაგრამ მაინც… ცოტა თავისებური ქალია.
- მის ოთახს განსაკუთრებულად გავალამაზებ, თუ ასეა, - თქვა ნანათემ, - ყვავილებს ჩავდებ ლარნაკში, მოდის ჟურნალებს დავახვედრებ… რა უყვარს, მითხარით და…
- შენ რა, ასეთი რამე უკვე გაგიკეთებია?
- მე? როდის?
- რა ვიცი, ადრე.
- არა, რატომ გგონიათ?
- ისე პროფესიონალივით ჩამოაყალიბე, რა უნდა დაახვედრო…
- ეგ ჩვეულებრივი ქალური ჭირვეულობებია, მეტი არაფერი. მე რაც გამიხარდებოდა, ჩემთვის დაეხვედრებინათ, ის ჩამოვთვალე მხოლოდ. თანაც, მიყვარს სტუმრები. მიჩვეული ვარ სტუმრებს და ხალხმრავლობას.
- მე ვერ ვიტყოდი იმავეს, - ყრუდ წარმოთქვა გოკიელმა, - ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადავეჩვიე სტუმრების მიღებას. ფაქტობრივად, მხოლოდ ლიკატოს მეგობრები დადიან ჩვენთან.
ამ დროს შეკვეთა მოიტანეს, ოღონდ ამჯერად სხვა ოფიციანტმა.
- ეს უნდა გეთქვათ და იმიტომ დამპატიჟეთ? - გაოცებულმა იკითხა ნანათემ.
- ამიტომაც… - ილიამ დანა-ჩანგალი აიღო და კვლავ დადო, თითქოს დაიბნა, - ნუ… მხოლოდა ამიტომ არა.
- აბა, კიდევ რაზე?
- რა და… ჩემი ცოლისდა რამდენი წელია, გულს მიწყალებს, კარგი ქალი უნდა გაგაცნო და ცოლი მოგაყვანინოო. ლიკატოს დედის შემცვლელი სჭირდება და შენც არ გაწყენდა ერთი კარგი დიასახლისი სახლშიო. ახლაც დაუჩემებია, რომ ჩამოვალ, ერთი ვიღაც შეგირჩიე და დავურეკავ, რომ შეგახვედროო.
- რა საინტერესოა. კარგია ძალიან, იქნებ გატყდეს ნავსი! - ხმა შეეცვალა ნანათეს.
- საქმე ისაა, ეს ყველაფერი ლიკატოს არ მოეწონა. კაპრიზები აქვს გოგოს თავისი, უცხო ქალი უნდა ახლა? თანაც ამ ასაკში? გავგიჟდები, ვინმე რომ მოიყვანოს აქ შენ გასაცნობადო. მერე თვითონ დაურეკა დეიდამისს და უთხრა, მამაჩემი სხვა ქალზეა შეყვარებული და მალე მის ცოლად შერთვას აპირებს, ამიტომ არავის გაცნობა არ სჭირდება და მოერიდა, შენთვის ეს ეთქვაო.
ნანათეს გული შეუქანდა, მიხვდა, საითაც უმიზნებდა მისი ბოსი.
- არ არსებობს! ღმერთო! - და აღელვებულმა ხელი გულზე მიიდო.
- აი, მაგაშია საქმე, - თავი დააკანტურა ილიამ, - რა თქმა უნდა, მე შემეძლო მისთვის მეთქვა, ლიკამ გაიხუმრა და არ დაუჯერო-მეთქი, მაგრამ არ ვთქვი. სიმართლე გითხრა, ტყუილად წყლის ნაყვაა მისი მცდელობა. არავის გაცნობის სურვილი არ მაქვს, მით უმეტეს ახლა, ამ ეტაპზე…
ნანათეს უცნაურად ენიშნა მისი ბოლო სიტყვები. რას ნიშნავს «ამ ეტაპზე»? მაგრამ ეს კითხვა მხოლოდ თავის თავს დაუსვა, ილიას კი ვერ შეჰბედა…
8 8 8
რაღაც გამოცანად რჩებოდა ილიას შემოთავაზება. ნუთუ ლიკამაც ნანათეზე იფიქრა? არა, უნდა ჰკითხოს, ცნობისმოყვარეობა არ ასვენებს, მაგრამ სხვანაირად უნდა დასვას შეკითხვა, პირდაპირ თქმა არ ივარგებს.
- ლიკატომ ვინ იგულისხმა? - რაც შეიძლებოდა, უდრეკი ხმით წარმოთქვა და თამამად შეხედა გოკიელს.
- რა თქმა უნდა, შენ, თორემ სხვა შემთხვევაში ვერც გავბედავდი შენთვის მსგავსი რამის შემოთავაზებას. ეს ლიკატოს იდეა იყო, ხომ გითხარი თავიდანვე.
- არა, თავიდანვე არ გითქვამს, - დამაჯერებელი ტონით უპასუხა.
- არა? ნუთუ? როგორც ჩანს, დამავიწყდა… ამას რამე მნიშვნელობა აქვს?
- თითქმის არაფერი, - იდუმალი ღიმილი აიკრა სახეზე ნანათემ.
- ჰოდა… ცოტა კი მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ… რა ვიცი. შენი გადასაწყვეტია, ჰოს მეტყვი თუ არას. ცუდი ის არის, რომ ლიკატო და მედეა ვერ ეწყობიან ერთმანეთს.
- მედეა ვინ არის?
- ჩემი ცოლისდა… მედიკო ჰქვია.
- ჰო… გასაგებია.
* * *
მეორე დღეს საღამოვდებოდა, როცა ნანათე ყოფილ სამსახურში მივიდა. ილია ელოდებოდა. წინა საღამოს დაწყებული საუბარი ახლა უკვე ილიას კაბინეტში გაგრძელდა, ამჯერად ორივე უარესად ჩანდა დაძაბული.
ამ დროს კარი გაიღო და კაბინეტში ლიკამ შემოჰყო თავი.
- შეიძლება? - ღიმილით იკითხა და ეშმაკურად გახედა ორივეს.
- რა დაუპატიჟებლად გამოცხადდი, ქალბატონო? რატომ არ დამირეკე? - რაღაცნაირი უხერხული მოძრაობით წამოიჭრა ფეხზე ილია.
- აქეთ ვიყავი და იმიტომ შემოვიარე, თორემ ისე სულაც არ ვაპირებდი გაუფრთხილებლად მოსვლას. როდის ერთხელ მოვქცეულვარ ასე! გამარჯობა, ნან, - ნანათეს მიუახლოვდა გოგონა და ტუჩები საკოცნელად მიუშვირა, თუმცა მხოლოდ ლოყა მიადო ლოყაზე, არ უკოცნია, - გითხრა მამამ?
- სწორედ ახლა ვუხსნიდი, - იცრუა ილიამ.
- მართლა? - სიცილი აუტყდა ლიკას და პირზე ხელი აიფარა, - რა შავ დღეში ჩაგაგდეთ ორივე, არა?
- ეს სახუმარო საქმე არ არის.
- ვიცი, რომ არ არის, მაგრამ ვერ ვიტან მედიკოს აკვიატებულ იდეებს. ჩამოვა, ვიღაცას დაურეკავს, მოათრევს და გინდა-არ გინდა, თავაზიანად უნდა მოექცე, გაუღიმო, სუფრა გაუშალო.
- შენ მაგარი სუფრის გამშლელი ხარ! - ჩაიფხუკუნა ილიამ.
- იმიტომ არ ვარ, რომ, როცა იმას ვიღაც შინაბერები მოჰყავს, გული მერევა და ვიმალები. აბა, რა ვქნა? არ შემიძლია ეს ნაძალადევი თავაზიანობა და რა ვუყო, ვა! ყველა ერთნაირი ხომ არ არის! შენ კი გსიამოვნებს?
- მე ხათრს ვერ ვუტეხ დეიდაშენს და იმის ბრალია. დაიწყებს მერე, სიძემ არ მიკადრაო და…
- ჰოდა, გამარჯობა შენი! აბა, მე რატომ მსაყვედურობ? აი, ახლა თუ დაგვეხმარება ნანათე, მეტჯერ აღარ განმეორდება სასოწარკვეთილ დიასახლისთა თარეში ჩვენს სახლში.
- რა სიტყვებს გასწავლის ეს სერიალები! გაგაგიჟეს, ვერ ხედავ? - შენიშნა მამამ.
- რა სერიალები?
- რა და ის «სასოწარკვეთილი დიასახლისებია» თუ რაღაც. იდიოტობებს ნუ უყურებ-მეთქი, რამდენჯერ გითხარი?
- კი მაგრამ, შენ თუ არ უყურებ, საიდან იცი, რომ ასეთი სერიალი გადის? - მამის გამოჭერა სცადა ლიკამ.
- წაიღო ტვინი მაგის რეკლამებმა. რომც არ გინდოდეს, მაინც ჩაგეჭედება ცნობიერებაში.
- მაშინ ის საიდან იცი, რომ იდიოტობაა? იქნებ ძალიანაც კარგია?
- რითია ძალიან კარგი? - შეკამათდა მამა-შვილი.
- რითი და… ცხოვრებისეულია, - დაასაბუთა ლიკატომ.
- «ჟიზნენნია», არა? - სიცილი ვერ შეიკავა ილიამ, - კარგი რა! არ გვინდა მაგ თემაზე საუბარი, თორემ შორს წაგვიყვანს.
- ნამდვილად არ გვინდა. მე აქ სულ სხვა საკითხის გასარკვევად მოვედი და თუ დადებითი პასუხით არ წავედი აქედან, ისტერიკას დავიმართებ. საერთოდ წავალ სახლიდან, სანამ დეიდა ჩვენთან დარჩება!
- მართლა ასეთი აუტანელი ქალია? - გაოცდა ნანათე და გოგონას მიაჩერდა.
- უარესი! - დაამძიმა განაჩენი ლიკატომ.
გაგრძელება იქნება