პეტეფის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს დემოკრატიულ სულისკვეთებას, თუმცა, ამის გარდა, პოეტს არაერთი ლექსი დაუწერია სიყვარულზე. ამ ლექსების ადრესატი კი მისი მეუღლე, ჯულია სენდრი იყო.
ჯულია პეტეფის ცოლი 18 წლის ასაკში გახდა, 21 წლისა კი დაქვრივდა. იმისდა მიუხედავად, რომ მათ მხოლოდ რამდენიმე წელი გაატარეს ერთად, გრძნობები მტკიცე აღმოჩნდა და პოეტის გარდაცვალების შემდეგ ჯულიამ მისი ხსოვნა სიცოცხლის ბოლომდე შეინახა.
ჯულია სენდრი
ჯულია სენდრი 1828 წლის 29 დეკემბერს, უნგრეთის ქალაქ კეშთელიში დაიბადა. მამამისი ფერმის ზედამხედველი იყო. ოჯახს ფინანსურად არ უჭირდა, ამიტომ მშობლები შვილების განათლებას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ჯულია შეძლებული ოჯახების ქალიშვილთა ინსტიტუტში სწავლობდა, თავისუფლად ფლობდა უცხო ენებს, უკრავდა ფორტეპიანოზე და უყვარდა ცეკვა. სხვა ქალებისგან განსხვავებით, არ ერიდებოდა საზოგადოებაში შარვლით გამოჩენას და სიგარის მოწევას.
ჯულია და შანდორი ერთმანეთს 1846 წლის სექტემბერში, ტრანსილვანიაში გამართულ მეჯლისზე შეხვდნენ. პოეტი ჯულიას ინტელექტით მაშინვე მოიხიბლა. მეჯლისის შემდეგ მათი გზები კიდევ რამდენჯერმე გადაიკვეთა.
"ჩემი სიცოცხლის ათვლა მისი გაცნობის დღიდან დავიწყე... მანამდე არაფერი არსებობდა... ეს ყველაფერი ჩემი ჯულიას დამსახურებაა" - სწერდა შანდორ პეტეფი თავის მეგობარს.
პეტეფი 19 სექტემბერს ერდოდშიც ეწვია მას, შემდეგ კი პეშტში გაემგზავრა. დებრეცენში გაჩერებისას აცნობეს, რომ ჯულია ავსტრიელ ოფიცერზე დაქორწინებას აპირებდა. ამ ამბით განაწყენებული პოეტი, შურისძიების მიზნით, მსახიობ პრიელ კორნელიას ეწვია და ცოლობა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. მოგვიანებით მარი ტერეიმ, ჯულიას საუკეთესო მეგობარმა, პოეტს აცნობა, რომ ჭორები სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ჯულიას მხოლოდ ის უყვარდა.
მალე ქორწილზე ლაპარაკი დაიწყეს, თუმცა წყვილი დიდ პრობლემას წააწყდა - ჯულიას მამა მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო და არ სურდა, მისი ქალიშვილი ცოლად ღარიბ პოეტს გაჰყოლოდა.
საბოლოოდ, ქორწილი 1847 წლის 8 სექტემბერს შედგა. თუმცა ცერემონიას ჯულიას მამა არ ესწრებოდა და წყვილმა ჯვარი მისი კურთხევის გარეშე დაიწერა. თაფლობის თვე კოლტოში, ტელექის ციხესიმაგრეში გაატარეს.
1848 წლის უნგრეთის რევოლუცია დაიწყო და პეტეფი ჯარს შეუერთდა. ფეხმძიმე ჯულია ამ პერიოდში მშობლებთან დაბრუნდა - წყვილის ერთადერთი ვაჟი, ზოლტანი, 1848 წლის 15 დეკემბერს დაიბადა. ჯულიამ სწორედ აქ შეიტყო, რომ პეტეფის კორპუსი ტიმიშოარას ქვეშ იყო დაბანაკებული. ქმარს წერილი მისწერა, სადაც სთხოვდა, რომ არასდროს მიეტოვებინა. საპასუხოდ, შანდორმა ცოლს თავისი უკანასკნელი ლექსი "მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ" დაუწერა.
26 წლის პეტეფი ბრძოლაში გაუჩინარდა. ქმრის დაღუპვის ფაქტს ჯულია არ აღიარებდა და მის მოსაძებნად ტრანსილვანიაში გაემგზავრა.
"ახლა, როცა ჩემი ქმარი, ჩემი ძვირფასი, იარაღით ხელში მირბის სისხლისმღვრელ ბრძოლაში ქვეყნის გადასარჩენად, ახლა, როცა ყოველ წამს შეუძლია ჩემი ცხოვრების ძვირფასი საგანძური წამართვას, რა ვქნა? რას ვაკეთებ, სანამ შანდორი იქ არის? ჩემი ცხოვრება მის გარეშე უსარგებლო ტვირთი იქნებოდა. როცა მის გვერდით ვარ, მავიწყდება ცა და დედამიწა" - ამონარიდი ჯულია სენდრის დღიურიდან.
ქმრის მოსაძებნად თურქეთში წასვლაც გადაწყვიტა, თუმცა პასპორტი არ მისცეს. ყველანაირ გზას მიმართა: პასპორტის თაობაზე განაცხადი უნდა წარედგინა გენერალ ჰაინაუსთვის, მაგრამ ამ უკანასკნელმა ახალგაზრდა ქვრივს დახმარების სანაცვლოდ საყვარლობა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უნგრეთის დედაქალაქიდან გაძევებით დაემუქრა, სადაც ჯულიას რეგისტრირებული მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდა.
ჯულია დაახლოებით ნახევარი წელი ეძებდა პეტეფის. ეწვია ბრძოლის ადგილს, სადაც პოეტი უკანასკნელად ნახეს, თუმცა მის კვალს ვერ მიაგნო. სასოწარკვეთილმა დახმარება ოჯახის მეგობარს, ისტორიკოს არპად ჰორვატს სთხოვა. ამ უკანასკნელმა მას ცოლობა შესთავაზა და ჯულიაც დათანხმდა. წყვილი 1850 წლის 21 ივლისს დაქორწინდა.
ჰორვატთან თანაცხოვრების პერიოდში ჯულიას ოთხი შვილი შეეძინა. ქორწინება დროთა განმავლობაში გაუარესდა და ჯულიამ იქამდეც კი მიაღწია, რომ ქმარს განქორწინება მოსთხოვა. გარდაცვალებამდე წელიწად-ნახევრით ადრე ქმარი მიატოვა და საცხოვრებლად ცალკე გადავიდა. თან მხოლოდ ერთი ქალიშვილი და ორი მსახური წაიყვანა.
მოგვიანებით ჯულიას მეგობარი მარია საპი წერდა, რომ ჯულია ამ ქორწინებას თავისი თავისა და შანდორის ვაჟის გადასარჩენად დათანხმდა, რადგან თვლიდა, რომ მხოლოდ შვილისთვის უნდა ეცხოვრა. ზოლტან პეტეფი ძალიან ახალგაზრდა, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.
1867 წელს ჯულიას საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. სიკვდილამდე მამას წერილი მისწერა, სადაც შანდორთან გატარებულ პერიოდს იხსენებდა:
"შენ ფიქრობდი, რომ მასთან უბედური ვიქნებოდი. არცერთ ქალს არ განუცდია ისეთი ბედნიერება, როგორიც მე ჩემს შანდორთან ყოფნისას განვიცადე. მე მისი დედოფალი ვიყავი, ის მე მაღმერთებდა... ჩვენ ყველაზე ბედნიერი წყვილი ვიყავით მსოფლიოში და ასეც გაგრძელდებოდა, ბედი რომ არ ჩარეულიყო".
ჯულია სენდრი 1868 წელს, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1908 წლის 24 ოქტომბერს მისი, ზოლტან პეტეფის და შანდორ პეტეფის ცხედრები ხელახლა დაკრძალეს საერთო სასაფლაოზე.