ილია თოფურია მამობის, შვილისა და ოჯახის შესახებ: "ჩემი შვილი მაგარი კაცია, მოსიყვარულე, თავმდაბალი, დინჯი, სერიოზული.... ჩემი შვილი საქართველოში მოინათლა და ქართულსაც ვასწავლით” - Marao

ილია თოფურია მამობის, შვილისა და ოჯახის შესახებ: "ჩემი შვილი მაგარი კაცია, მოსიყვარულე, თავმდაბალი, დინჯი, სერიოზული.... ჩემი შვილი საქართველოში მოინათლა და ქართულსაც ვასწავლით”

2024-02-26 13:02:47+04:00

UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ნოე სულაბერიძის გადაცემაში შვილის, ჰუგოს შესახებ ისაუბრა.  

  • "ჩემი შვილი მაგარი კაცია, მოსიყვარულე, თავმდაბალი, დინჯი, სერიოზული. მინდა იმ გზას გაჰყვეს, რომელიც მას გააბედნიერებს. მე ყოველთვის ხელს შევუწყობ. ჩემი შვილი საქართველოში მოინათლა და ქართულსაც ვასწავლით”, – ამბობს ილია თოფურია.

2024 წლის 18 თებერვალს ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ თოფურია გახდა UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი! ამ ამბავმა კვირას მთელი საქართველო დილაადრიან ფეხზე წამოაყენა და ყველამ, განურჩევლად იმისა, იყო თუ არა ამ სპორტის ან, საერთოდ, სპორტის ქომაგი, ეს დიდი წარმატება ერთად იზეიმა. თავად თოფურიამ ქართველ ხალხს გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ერთი სული აქვს, სამშობლოში ჩამოვიდეს და გამარჯვება ქართველებთან ერთად იზეიმოს. 

ბრძოლის დროს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ქართული შეძახილები, ფრაზები, რომლებითაც მომავალ ჩემპიონს ძმა, ალექსანდრე თოფურია ოქტაგონის კუთხიდან ამხნევებდა. მასთან ერთად, ილიას საგულშემატკივროდ მისი მშობლები, შვილი, ჰუგო და ახლობლებიც მივიდნენ. განსაკუთრებული მხარდაჭერა კი მას  ჯორჯინა უზკატეგუიმ გამოუცხადა. ჯორჯინა ილიას საყვარელი ქალია და ისინი მალე გოგონას მშობლები გახდებიან. 

ჯორჯინა ილიას დიდი გულშემატკივარია და, ცხადია, ამ დიდი წარმატების შემდეგ ყურადღების ცენტრში ისიც მოექცა. სოციალურ ქსელში მან ვრცელი პოსტი გამოაქეყნა და ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც მათ ოჯახს გულშემატკივრობდა: 

  • "ცხოვრება ატრაქციონს ჰგავს. ჩქარია, გვიქმნის მაღალ მოლოდინებს და გვაიძულებს, ბევრი ვიშრომოთ, მაგრამ ცხოვრება მაინც ოჯახის, სიყვარულისა და ასეთი მომენტებისგან შედგება და ეს ყველაფერი ამად ღირს! დიდი მადლობა ყველას ჩვენი ოჯახისადმი კეთილი სურვილებისთვის. ეს ყველაფერი ოდესღაც მხოლოდ ოცნება იყო და ახლა რეალობაა!" - დაწერა ჯორჯინამ.  

ვინ არის ილია თოფურია?

ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს გერმანიაში, ჰალეში დაიბადა. მისი მეტსახელია მატადორი. ილია არის ქართველი პროფესიონალი მებრძოლი. ამჟამად ასპარეზობს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ (Ultimate Fighting Championship, UFC). 2024 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, ის არის #3 UFC-ის წონით რეიტინგში.

ილია თოფურიას წარსული

ილია გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.

  • 2012 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან დაიწყო ვარჯიში საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, რომლებიც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.
  • 2015 წელს პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში შედგა მისი დებიუტი.
  • 27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული.
  • 2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია "მაროკოელ ეშმაკს“, იუსეფ ზალალს დაუპირისპირდა და სამრაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
  • 2022 წლის 19 მარტს ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მე-4 ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
  • 2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის - 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო! 

ვინ არის ილია თოფურიას შეყვარებული?

ილია თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი მეგობარი გოგონა, ჯორჯინა უზკატეგუია. კომპანიას, სადაც უმშვენიერესი ჯორჯინა მუშაობს, Future and Energy ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში.

"ინსტაგრამზე", სადაც ჯორჯინას 200 ათასი გამომწერი ჰყავს, წყვილი ხშირად აზიარებს სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ ფოტოებს. როგორც უცხოური მედია წერს, ილიამ და ჯორჯინამ იქორწინეს, თუმცა ეს ქორწილი გასაიდუმლოებული იყო და დეტალები მის შესახებ უცნობია.

ჯორჯინა უზკატეგუის შესახებ ბევრი ინფორმაცია ინტერნეტში არ იძებნება. მისი ოფიციალური LinkedIn ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა მაიამიში, ფლორიდაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაიამის უნივერსიტეტში 2016 წელს. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ბოსტონის უნივერსიტეტში. ფლობს სამ - ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.

ჯორჯინამ აქტიური კარიერა 2015 წელს დაიწყო, როცა მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორად დასაქმდა. ორ წელში მარკეტინგის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიიღო და Sanclemente Group-ში გააგრძელა მუშაობა. 2022 წელს კი მან საკუთარი კომპანია Future and Energy დააარსა.

მიუხედავად საკუთარი საქმისა, ჯორჯინა ილია თოფურიას უდიდესი გულშემატკივარია და არასდროს ტოვებს საყვარელი ადამიანის ბრძოლებს. ის სატიტულო ბრძოლის დროსაც მის გვერდით იყო და შავი ქამარი ილიას პირველმა მიულოცა.