ბექა ცერცვაძე საფრანგეთში იმ მიზნით წავიდა, რომ უცხო ქვეყანაში ერთ წელს გაატარებდა და ფრანგულ ენასა და კულტურას შეისწავლიდა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდებოდა და სწავლას ჟურნალისტიკის მიმართულებით გააგრძელებდა, თუმცა, გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ფრანგულმა ცხოვრების წესმა და ყოველდღიურობამ ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მოკლედ, ბექა საფრანგეთით ისე მოიხიბლა, რომ უკვე წლებია, ბინა სწორედ ამ ქვეყანაში დაიდო:
„აქ რომ ჩამოვედი, თავიდან გამიჭირდა. ყველა და ყველაფერი მენატრებოდა. ვოცნებობდი, ქუჩაში გასულს ნაცნობი შემხვედროდა, თავი ბუნებრივად მეგრძნო ამ გარემოში. თავიდანვე ასე ვერ იქნებოდა, მაგრამ მჯეროდა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა. მართლაც, მალე ბევრი მეგობარი გავიჩინე, უამრავი თავგადასავალი გადაგვხდა თავს. უკვე ყველა დღე განსაკუთრებული გახდა და საქართველოში დაბრუნების დრო რომ მოახლოვდა, დავფიქრდი, მინდოდა თუ არა წამოსვლა. საბოლოოდ, გადავწყვიტე, კიდევ ერთი გვერდი გადამეშალა და ახალი გამოცდილებებისთვის გამეღო კარი. ვფიქრობდი, სორბონის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ფრანგულად საუბარი უკვე შემეძლო, მაგრამ ჩემი სურვილი ძალიან ამბიციურად მომეჩვენა – ქვეყანაში, რომელსაც არ ვიცნობდი, ჟურნალისტობა რთული იქნებოდა. ამიტომ, გადავწყვიტე, სულ სხვა მიმართულებით წავსულიყავი. სფერო, რომელსაც ავირჩევდი, პირველ რიგში, ჩემთვის ბედნიერების წყარო უნდა ყოფილიყო და მეორე – მას ფინანსური უზრუნველყოფა უნდა მოეტანა. საბოლოოდ, არჩევანი საფრანგეთის ფლორისტთა სკოლაზე შევაჩერე. ფლორისტის პროფესია აქ ძალიან მოთხოვნადია.
ბექა ფლორისტობამ ისე გაიტაცა, რომ საკუთარი ხელწერა მალევე შექმნა და პარიზში ყვავილების ერთ-ერთი პრესტიჟული სალონის კრეატიული დირექტორის პოზიციაც დაიკავა. ბექა ყვავილების ბაზრობაზე ყოველდღე, მზის ამოსვლამდე მიდის, არჩევს მისთვის სასურველ მცენარეებს და შემდეგ სამსახურში მიდის:
„ერთხელ, ქუჩაში სეირნობისას, შემთხვევით დავინახე ეს საყვარელი მაღაზია. გავბედე, შევედი და ჩემი რეზიუმე დავტოვე. ზუსტად იმ დროს დირექტორი იყოფებოდა მაღაზიაში და მთხოვა, იქვე ამეწყო თაიგული, მეჩვენებინა, რა შემეძლო. გარეთ გავედი, გამიმართლა და ერთ მცენარეზე პეპელა ვიპოვე. დიდი სიფრთხილით ხელში ავიყვანე და ჩემს თაიგულზე დასვი. სანამ გაფრინდებოდა, დავუძახე დირექტორს და რომ დაინახეს, ეგონათ, რომ თავისით მოფრინდა, მაგრამ ვუთხარი, რომ მე მოვიყვანე და დავსვი და ნახევარ საათში უკვე ამიყვანეს სამსახურში. ამ პეპელამ განაპირობა, რომ მე აქ დავრჩი, თორემ, ალბათ, საქართველოში დავბრუნდებოდი.“
ბექამ ფლორისტის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ კრეატიული დირექტორის პოზიციაც დაიკავა. მოგვიანებით კი მაღაზია თავად შეიძინა და ახლა საკუთარი ბიზნესის მფლობელია.
„ ამ სფერომ ძალიან ბევრ კარგ ადამიანს შემახვედრა. თუ პარიზში ნამყოფი ხართ, მაღაზია ძალიან კარგ უბანში მდებარეობს, სადაც ცხოვრობს ყველა ცნობილი ადამიანი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, ბევრი ცნობილი ადამიანი ჩემი მომხმარებელია“, - ამბობდა ბექა nargismagazine-თან საუბრისას.