თათული დოლიძე ყველასთვის საყვარელი, ცნობილი მსახიობია. მაყურებელი იცნობს რუსთაველის თეატრში შესრულებული როლებიდან და ასევე, რამდენიმე სატელევიზიო პროექტიდან, რომლებშიც მეუღლესთან - ასევე ცნობილ მსახიობ ჟანრი ლოლაშვილთან ერთად ჩანდა ხოლმე.
თათული დოლიძე 1952 წელს დაიბადა თბილისში. ძვირფას მოგონებად შემორჩა ძველი სახლი და ერთ ჭერქვეშ თავმოყრილი მთელი ნათესაობა - ბიძები, მათი შვილები, დედა, მამა და სამი დედმამიშვილი. იმ წლებმა ერთმანეთის სიყვარულში ჩაიარა.
საინტერესო და სახალისო იყო ოჯახის წევრების ურთიერთობა და დიდი გაკვეთილიც. დღემდე უკვირს, როგორ ახერხებდნენ უკონფლიქტო თანაარსებობას. სიმშვიდე - ყველაზე მეტად ეს ახსენდება.
"იქნებ დრო იყო ასეთი, - თავისთვის ჩაფიქრდება და პასუხსაც პოულობს, - ის თაობა იყო, რომელმაც ომი გამოიარა. გაჭირვებისა და ომის ქარცეცხლის შემდეგ სიმშვიდე ძვირფასი მონაპოვარი იყო, რომელსაც ყველა უფრთხილდებოდა" - იხსენებდა მსახიობი.
ოჯახს არ უჭირდა, თუმცა არც ფუფუნებაში იზრდებოდა. არც მომთხოვნი იყო. რაც სკოლის მოსწავლეს სჭირდებოდა, ყველაფერი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან კარგად მღეროდა და ცეკვავდა, მსახიობობაზე არასდროს უფიქრია.
მამის ბიძაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. თათული მაშინ პატარა იყო და ამაზე არ დაფიქრებულა. მერე, როცა თავადაც თეატრს დაუკავშირა პროფესია, მსახიობის სულიერი განცდა მისთვისაც ნაცნობი აღმოჩნდა.
დამამთავრებელ კლასში მოსკოვში წასვლა და უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა. გამოცდებზე ქულა დააკლდა და თბილისში დაბრუნდა. ამ მარცხს თათული დიდად არ აუღელვებია, მაგრამ...
მისი მეგობრები სტუდენტები გახდნენ და თათულის მომავალზე დედა ძალიან დარდობდა. დედის მეგობარმა, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში მუშაობდა, თათულის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება შესთავაზა: თუ აღარ მოგინდება, საბუთები უნივერსიტეტში გადაიტანეო.
"ამ შემოთავაზებამ ძალიან დამაბნია. მასწავლებლისთვის ჩაბარებულ გაკვეთილებს თუ არ ჩავთვლით, საჯაროდ ლექსი არასდროს წამიკითხავს. ძალიან მორცხვი ვიყავი და ყველაფრის მერიდებოდა". - იხსენებს მსახიობი.
დღესაც ყველაზე მეტად მშობლების დამოკიდებულება აოცებს. სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება თავად რომ ნდომებოდა, შეიძლება წინააღმდეგობა გაეწიათ, მაგრამ ამ შემოთავაზებას სიამოვნებით დათანხმდნენ.
მიაჩნია, რომ სამსახიობო ფაკულტეტზე შემთხვევისა და ბედისწერის წყალობით აღმოჩნდა. სწავლის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობდა. ხელოვნება ყოველთვის უყვარდა და აინტერესებდა, ამიტომ უნივერსიტეტში საბუთების გადატანაზე აღარც უფიქრია.
თავიდან გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფში მოხვდა. მესამე-მეოთხე კურსზე, როდესაც საკურსო სპექტაკლების დადგმა დაიწყეს, მის ჯგუფში გიზო ჟორდანია მოვიდა. რეჟისორებმა მშვენიერი და ნიჭიერი გოგონა თავიდანვე გაანებივრეს როლებით.
ითამაშა ელიზა დულიტლი სპექტაკლში"პიგმალიონი". დამამთავრებელ კურსზე იყო, როცა თემურ ჩხეიძემ ერთ-ერთ სპექტაკლში მთავარი როლი შესთავაზა, მაგრამ სპექტაკლის დადგმა ვეღარ მოახერხა და...
ახალგაზრდა მსახიობმა თეატრალური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი პირველი დარტყმა მაშინ მიიღო...
ძალიან გაუჭირდა... მსახიობის ტრაგიკული ბედის სიმწარე, აღმასვლითა თუ დაცემით, პირველად მაშინ იგრძნო.
განცდა, რომ არავის სჭირდებოდა, პირველად მაშინ დაეუფლა, შეიძლება იმიტომ, რომ სტუდენტობისას ანებივრებდნენ და რატომღაც ეგონა, რომ სულ ასე იქნებოდა. ამ განცდას ისიც ამძაფრებდა, რომ შეთავაზებულ როლზე ბევრი იფიქრა და იოცნება.
ამავე პერიოდში ერთ-ერთ სპექტაკლში ეპიზოდური როლი შესთავაზეს. მთავარი როლებიდან ეპიზოდურ როლზე გადასვლა? - თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. უცებ უნიჭო გახდა. ვერაფერს უხერხებდა საკუთარ თავს და არაფერი გამოსდიოდა. ბედის დაცინვა იქნებოდა, ვინმეს რომ ეთქვა, ეპიზოდურ როლსაც ვერ თამაშობსო.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. პროფესიულმა ჩვევებმა და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებამ იმუნიტეტი გამოუმუშავა. დღესაც ისევე განიცდის, მაგრამ არასდროს ეძლევა დეპრესიას. მთავარი როლების შემდეგ არასდროს ეშინია ეპიზოდურ როლებზე გადასვლის.
კიდევ ერთხელ გაიზიარებს არაერთი მსახიობის აზრს, რომ არანაკლებ რთულია ეპიზოდური როლის თამაში და ამ როლით მაყურებლისთვის თავის დამახსოვრება.
ერთ დღეს რუსთაველის თეატრიდან დაურეკეს და ძალიან უცნაური რამ შესთავაზეს, იმდენად უცნაური, სერიოზულად არ მიუღია. არა, ეს უფრო ბრძანებას ჰგავდა. თეატრის მაშინდელმა დირექტორმა აკაკი ბაქრაძემ თათულის "კავკასიურ ცარცის წრეში" გრუშეს როლზე იზა გიგოშვილის შეცვლა შესთავაზა. თავიდან ხუმრობა ეგონა, მაგრამ მერე...
არ უნდოდა... კატეგორიულად...
"ხშირად ხდება, როცა მსახიობს ამა თუ იმ სპექტაკლში დუბლიორი ჰყავს, ანდა როცა მსახიობი ავადმყოფობისა თუ სხვა სერიოზული მიზეზის გამო ვერ გამოცხადდება და გეტყვიან, ჩაიცვი, სპექტაკლზე უნდა შეგიშვათო. მაგრამ, ამ წინადადებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა.
თავიდან უარი ვთქვი, რადგან ეს ძალიან კარგ და გახმაურებულ სპექტაკლს უკავშირდებოდა. გრუშეს როლი, რომელიც უნდა მეთამაშა, გაიგივებული იყო იზა გიგოშვილთან, რომელიც ძალიან კარგად ასრულებდა.
ამ დროს მაყურებელი, იცით, როგორი დაუნდობელია? ჩასაფრებულია, რომ რაღაც აღმოგიჩინოს. თითქმის სპორტული ინტერესია. ეს დამთრგუნველია მსახიობისთვის", - ამბობდა ქალბატონი თათული.
მოკლედ, თეატრში მაინც დაიბარეს. პირდაპირ რობერტ სტურუასთან მიიჭრა და პირობა წაუყენა, - იმ პირობით არ იტყოდა უარს, თუ ამ სპექტაკლში სხვა დროსაც ითამაშებდა. ბატონმა რობერტმა უპასუხა: ვნახოთ, როგორ გამოგივა და შენს წინადადებაზე პასუხს მერე მიიღებო.
გადაინაცვლეს სარეპეტიციო დარბაზში და თათულიმ გრუშეს თამაში დაიწყო.
"ამავე სპექტაკლში ერთ ეპიზოდურ როლს ვასრულებდი და გრუშეს როლი ვიცოდი. როგორც ჩანს, კარგად შევასრულე. ასეთ შედეგს ბატონი რობერტიც არ ელოდა და ჩემს წინადადებას დათანხმდა.
მერე ვთხოვე, სცენაზე გადავსულიყავით, რომ მიზანსცენებში, მსახიობებს შორის მანძილის დადგენაში დამხმარებოდა - ეს დადგმაში მნიშვნელოვანია. სპექტაკლზე შევედი ისე, რომ რეპეტიცია არ მქონდა გავლილი. ამიტომ, ამ როლს კი ვთამაშობდი, მაგრამ ხან გამომდიოდა, ხან - არა.
მაყურებელი ვერც კი ამჩნევდა, მაგრამ მე ხომ ამას ვგრძნობდი. წლების შემდეგ "კავკასიურში" მსახიობების შეცვლა დაიწყეს და რეპეტიციების გავლა აუცილებელი გახდა. რეპეტიცია მაშინ გავიარე და ამ როლმა სტაბილურობა მას შემდეგ შეიძინა".
მსახიობის პირველი მეუღლე გახლდათ მსახიობი ვანო გოგიტიძე, რომელთანაც ქალიშვილი ჰყავს. ჟანრი ლოლაშვილს შეხვდა სპექტაკლზე "ქალის ტვირთი". როგორ არ იცნობდა მანამდე, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. ამ სპექტაკლში პარტნიორები იყვნენ და მაშინ დაიწყო მათი რომანი.
"მჯერა ბედისწერის. ეს რომანი და შექმნილი ოჯახიც მისი "დამსახურება" მგონია, - იმდენად უცნაურად და სწრაფად განვითარდა ყველაფერი. ჟანრის ბევრი კარგი თვისება აქვს, არის საინტერესო მხატვარი და მოაზროვნე. მასთან გატარებული წლები საინტერესო და მოულოდნელობით სავსე იყო.
დღემდე ერთად ვართ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა. ვაღიარებ, მეც რთული ხასიათი მაქვს და მასაც. მიღებულია აზრი, რომ პირველ წლებში მეუღლეებს უფრო უჭირთ ერთმანეთთან შეთვისება.
მგონია, რომ ამ ურთიერთობას ეტაპები აქვს. ორი ადამიანი ნელ-ნელა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდება და ყალიბდება. ერთხელაც დგება მომენტი, როცა ბევრ საკითხზე საერთო აზრი აღარ გააჩნიათ. ჩვენთანაც ასე იყო.
რაღაცის შესაცვლელად ჯერ იბრძვი, მერე იღლები, გბეზრდება და ბოლოს"ატარებ"... მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ერთად ვართ, იმიტომ, რომ ასეთ დროს მთავარი ერთმანეთის პატივისცემაა და გრძნობა - სიყვარული".
"თათულიზე ათი წლით უფროსი ვარ. მოვთაფლე. მაინცდამაინც არ გიჟდებოდა ჩემზე. ჩვენი ურთიერთობა სპექტაკლით დაიწყო - "ქალის ტვირთი". მაშინ თათული ყველას მოსწონდა. მაგრამ ასე მოხდა. შედგა.
თათული სხვა ადამიანია. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემი მეუღლეა და ახლა ვაბუქებ რაღაცას. ურთიერთობაში ჩემთვის იმდენი რამ აკეთა, წარმოუდგენელია. მშობლის გარდა არავინ გააკეთებს. ძალიან გულისხმიერია. კლინიკური სიკვდილის პერიოდში, არ დამავიწყდება, რა საოცარი მოვლა მქონდა თათულის მხრიდან.
სიყვარულს ქმნის ურთიერთობა. ურთიერთობაა დროის ჩუქება ერთმანეთისთვის. ურთიერთობისას ცოცხლობ. სიცოცხლის იმპულსია.
"მე შენ მიყვარხარ" ცხოვრებაში არ მითქვამს. სცენაზეც არ ვამბობ. მაზალო სიტყვაა" - ამბობდა ჟანრი ლოლაშვილი.