პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი მეუღლეს, ჯონი გიგანს, დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს:
"ბევრს არაფერს გეტყვი... ერთს გეტყვი მხოლოდ - უშენოდ ერთი წუთით არ მაცოცხლოს ღმერთმა. გილოცავ, ჯონ... მადლობა ყველაფრისთვის", - წერს ის.
"ჩემი ძმისშვილი, ირინოლა, წყნეთში მყავდა აყვანილი და ერთი დღით დავრჩი. სწორედ იმ დღეს კოტეჯის ღია კართან ვიდექი და მანქანამ გაიარა. რომელიღაც კოტეჯს ეძებდნენ და მივასწავლე. იმ ავტომობილში ისხდნენ გივი სიხარულიძე და ერთი ბიჭი, რომელსაც უკითხავს, ეს გოგონა ვინ არისო? დაახლოებით 15-20 წუთში მობრუნდნენ. ბატონი გივისთვის უთხოვია, გამაცანიო... ჩემთან მეგობრები იყვნენ სტუმრად, ინსტრუმენტი გვქონდა, ვუკრავდით და მხიარული საღამო შედგა. მერე გაქრა, რადგან საერთო ნაცნობები თითქმის არ გვყავდა და ისევ ბატონმა გივიმ დარეკა, - სასტუმრო "საქართველოში" პრეზენტაციაა და გეპატიჟებიო. მაშინ ტელევიზიის მუსიკალურ რედაქციაში ვმუშაობდი და საკუთარი ჟურნალი მქონდა. იქნებ შენს გოგონებს სთხოვო, პრეზენტაციისთვის დიზაინის საკითხებში დაგვეხმარონო. კარგი-მეთქი. მივედით, გავაკეთეთ ყველაფერი და გაირკვა, რომ თურმე სასტუმროს მეპატრონე სწორედ ის ბიჭია. ასე "ეშმაკურად", სრულიად შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი. ერთ წლის მერე გავყევი” - ასე იხსენებდა პუბლიცისტი და პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი მეუღლესთან, ჯონი გიგანთან შეხვედრას.
თაკო ჩარკვიანსა და ჯონი გიგანს ერთი შვილი, ირმა ჰყავთ. ის წარმატებული პიანისტია და მისი წყალობით საქართველოს სახელი არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გაჟღერებულა.
როგორც თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, მას ოჯახში ძალიან გაუმართლა: „ქალს ეტყობა, კარგი მეუღლე ჰყავს თუ არა. ჩემ გვერდით კი მართლაც კარგი კაცია. მთელი ცხოვრება კარგი კაცების გარემოცვაში გავატარე, სამი ვაჟკაცის გვერდით. ესენი არიან: ჯანსუღ ჩარკვიანი, მამუკა ჩარკვიანი და ჯონი გიგანი” - ამბობდა ის.
ირმა გიგანი 1996 წლის 5 აპრილს პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისა და ჯონი გიგანის ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა ცნობილი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანია, ბიძა - მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი. 5 წლისა შევიდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის 1-ელ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ნიჭიერთა ათწლედში. 2002 წლის 16 ივნისს ქალაქ მინერბიოში, შემსრულებელთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე, ირმა გიგანი გახდა 8-13 წლის ბავშვებს შორის გრან-პრის მფლობელი. 2002 წლის 9 ივლისს თბილისის მწერალთა კავშირის საკონცერტო დარბაზში კამერული ორკესტრის თანხლებით შეასრულა ბახის კონცერტი რევაზ ტაკიძის დირიჟორობით. 2002 წლის 25 ივლისს მონაწილეობა მიიღო საკონცერტო მარათონში „ნიჭიერი ბავშვები“ და პირველ საერთაშორისო ფესტივალში „ხელოვნების ზეიმი“. 2003 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართა სოლო-კონცერტი, სადაც შეასრულა ბახის კონცერტი ზაალ აზმაიფარაშვილის დირიჟორობით. 2010 წელს ირმა გიგანი ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტთა მეორე კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. 27 წლის პიანისტი დროის ნაწილს საქართველოში, ნაწილს კი ავსტრიაში ატარებს და გულშემატკივრებს საკუთარი წარმატებით ხშირად ანებივრებს.