მსახიობი ნინო მუმლაძე ფეხმძიმედაა. ის პირველ შვილს ელოდება. მისი მეუღლე ფერმწერი გუგა გოგინაშვილია. წყვილი ერთად ცხოვრობს, თუმცა ქორწილს ბავშვის გაჩენის შემდეგ გეგმავენ… ნინომ ფეხმძიმობის შესახებ "რადიო ფორტუნასთან" ისაუბრა:
"ფეხმძიმობა მიმდინარეობს ყოველგვარი გართულების გარეშე. მადლობა ღმერთს, ყველაფერი რიგზეა. ექვსი თვის ორსული ვარ.
სულ გადარბენებზე ვარ, იმავე რეჟიმით ვცხოვრობ, რაც ფეხმძიმობამდე მქონდა. ერთადერთი, რაც მიჭირს, ფეხსაცმლის შეკვრა და იატაკის მორეცხვაა (იცინის). გარდა ამ სიძნელეებისა, როგორც ვიდექი სცენაზე, ისევ ისე ვდგავარ.სიმართლე გითხრათ, ჩემი კოლეგებიც მერვე თვემდე დგანან სცენაზე. დედაჩემსაც საკმაოდ მარტივი ორსულობა ჰქონდა. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს აღქმებზე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ართულებენ და მერე რეალურადაც პრობლემები ექმნებათ. მე მარტივი აღქმის მომხრე ვარ, არც ტოქსიკოზი მქონია.
აი, სახელზე მე და ჩემს ქმარს გვაქვს სერიოზული ამბავი. ვერაფრით ჩამოვყალიბდით მე და ბავშვის მამა. საბოლოო ჯამში რა იქნება, არ ვიცი. ბევრ სახელზე ვიფიქრეთ, ბევრი ვარიანტი ჩამოვყარეთ, არ ვკამათობთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერც შევთანხმდით.
გუგა თავისი აზროვნებითა და საუბრით ხელოვანის ნატურაა. სხვა თუ არაფერი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შვილი ნიჭიერი და ხუჭუჭა იქნება.
სანამ მე და გუგა ურთიერთობას დავიწყებდით, მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ როცა ერთმანეთი გავიცანით, მაშინ ქორწინებაში იყო. გოგო ჰყავს პირველი ქორწინებიდან. მერე მეუღლეს გაშორდა და სპონტანურად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, მისმა და ჩემმა მარტოსულობამ გვაპოვნინა ერთმანეთი ალბათ.
ჩვენი ემოციური ფონი, დამოკიდებულებები რაღაცების მიმართ მსგავსია. მხატვარია, არ არის მსახიობი, მაგრამ როცა სცენაზე ვდგავარ ან სხვას უყურებს სცენაზე, ისეთ ზუსტ შეფასებებს იძლევა… ბევრ რამეს ერთნაირად აღვიქვამთ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ საერთო ენაზე ვსაუბრობთ და გვესმის ერთმანეთის, არ ვზოგავთ ემოციების გამოხატვას, ამ მხრივ ნამდვილად არ ვართ ძუნწები…
ოჯახის წევრები ძალიან დადებითად შეხვდნენ. მეც პატარა აღარ ვარ, 39 წლის ვარ. დედაჩემი უკვე დიდი ხანია, ნატრობს შვილიშვილს. დედაც უკვე ასაკშია, დეიდაც და ჩემს შვილს ორი ბებია ეყოლება, დეიდაც დედასავით მყავს. ამ ასაკში ეს ამბავი მათთვის დიდი სიხარულის საბაბი იყო, ძალიან მიწყობენ ხელს. მე და გუგა ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ ორ კვირაში ერთხელ მოდიან, მეხმარებიან ძალიან" - საუბრობს ნინო მუმლაძე.