ყველასთვის კარგად ცნობილი ლექსი "წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო" პოეტმა მურმან ლებანიძემ ულამაზეს ონკოქირურგსა და მამოლოგს, ციცო სანაძეს მიუძღვნა...
ლინა ბარათაშვილს ციცო სანაძესთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. მან მურმან ლებანიძის გამოგზავნილი ხელნაწერი ლექსი მოგვაწოდა და ციცო სანაძის შესახებ გვესაუბრა:
- ყოველთვის საინტერესოა ლექსის ადრესატი, ის, თუ ვინ აუბობოქრა პოეტს ფანტაზია, და კიდევ უფრო საინტერესოა, როდესაც ლექსის ავტორი მურმან ლებანიძეა, ლექსი კი - შედევრი. სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და მოდი, თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიხსენებ ამ ლექსს:
"წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო -
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!
მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე - ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!
ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!
ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში -
ციცო ისეთია!
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო -
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!"
და მაინც ვინ არის ლექსის ადრესატი? - ადრესატი იყო უმშვენიერესი ციცო სანაძე, ონკოქირურგი, მამოლოგი, რომელიც 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძნელია თქმა, პირდაპირ ნატურიდან გადმოიღო პოეტმა ლექსში პროტოტიპის სახე თუ რაღაც შტრიხი შეცვალა ან დაამატა, ისე, როგორც ეს შემოქმედებით პროცესში ხდება. წლების განმავლობაში ლექსის ადრესატობას მრავალი ციცო იბრალებდა. ერთ-ერთ ტელევიზიაში რიგრიგობით 25 ციცო გამოვიდა. ყველა მათგანი ამტკიცებდა, რომ ის იყო პოეტის შთაგონება, ნამდვილი ადრესატი კი ჩუმად იყო. ოჯახის წევრებმა შესთავაზეს, ამ საკითხს ნათელი მოვფინოთო, მაგრამ ქალბატონმა ციცომ უპასუხა, იყოს ისევ ისეთი იდუმალი, როგორიც აქამდე იყოო.
- ციცო სანაძესთან ახლო მეგობრობა გაკავშირებდათ, სად და როდის გაიცანით?
- ქალბატონი ციცო დიდი ხნის წინ გავიცანი. ჩემი დის და ციცო სანაძის ოჯახები მეზობლები იყვნენ. დიდი სიყვარული და ურთიერთპატივისცემა იყო მათ შორის. ქალბატონი ციცო ისეთი ადამიანი იყო, არ შეიძლებოდა არ მოგწონებოდა და შეგყვარებოდა. ახლაც თვალწინ მიდგას მომხიბლავი, არისტოკრატული გარეგნობის ქალბატონი. ის მე და ჩემს დაზე ბევრად უფროსი იყო, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობას ხელს არ უშლიდა. სასიამოვნო იყო მის ოჯახში მისვლა, დიდ ადამიანურ სითბოს, სიყვარულს გრძნობდი.
მისაღებ ოთახში კორნელი სანაძის ნახატი იყო, რომელზეც ახალგაზრდა ციცო იყო გამოსახული. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ექიმი იყო, დიასახლისობასაც კარგად ითავსებდა. სიცოცხლით სავსე, კომუნიკაბელური, განათლებული, არაჩვეულებრივი მოსაუბრე გახლდათ. შეხედავდი და იფიქრებდი, რომ ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი ჰქონდა. არადა, რეპრესირებული ოჯახის შვილი იყო და დამღად აჩნდა გამოთქმა "ხალხის მტრის შვილი"... "ხალხის მტერი" მისი ინტელიგენტი მამა, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პატრიოტი ქართველი ალექსანდრე სანაძე იყო. სწორედ მისი უსამართლოდ დაპატიმრებისა და დახვრეტის შემდეგ დამძიმდა ბავშვის ცხოვრება. ქალბატონ ციცოს იმედად მხოლოდ დედა შერჩა, რომელთან ერთადაც დიდი განსაცდელით სავსე გზა გაიარა. მიუხედავად ამხელა ტრავმისა, სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. სასწაულივით მოხდა და თავისი ბედი რეპრესირებული ოჯახის შვილს, სერგო მამულიას დაუკავშირა. ერთი ბედისა აღმოჩნდნენ, მაგრამ ქალბატონ ციცოს დედა მაინც ჰყავდა, სერგო მამულიას კი მშობლები ისე გაუნადგურეს, მათი საფლავებიც კი არ დარჩა. ამ დროს დედაც და მამაც მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ არც ისინი დაინდო.