მომღერალ ლიზი დარასელიას უკვე უწოდეს "გოგო აღმოჩენა". ის სახელოვანი ფეხბურთელის - ვიტალი დარასელიას შვილიშვილია. ამბობს, რომ ეს სტატუსი მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ლიზი და მისი ReActive Band "პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუს" მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავს. როგორ აღმოჩნდა ტელევიზიაში, რა გზა გაიარა დღემდე, როგორი ურთიერთობა აქვს პაატასა და ნიკასთან? - ამ ყველაფერზე ლიზი თავად გვესაუბრება.
- მე ვარ ლიზი დარასელია, 21 წლის, ძალიან შრომისმოყვარე, კეთილი და მიზანდასახული ადამიანი. ბავშვობიდან ასეთი ვარ, როგორც ჩემი მშობლები ამბობენ, რასაც ვიტყოდი, ყოველთვის ვასრულებდი და მომავალშიც ასე იქნება. ადამიანმა საკუთარ ნათქვამს ფასი არ უნდა დაუკარგო.
- სიტყვის თქმამდე ბევრს ფიქრობთ?
- აუცილებლად! უნდა იცოდე, რას ლაპარაკობ, შენს ნათქვამს რა შეიძლება მოჰყვეს. არ შეიძლება სიტყვები ჰაერში გაისროლო, ასე არაფერი გამოვა.
- მუსიკით რა ასაკში დაინტერესდით?
- 5 წლის ვიყავი, "ბასტი ბუბუს" კარაოკე, მიკროფონი და დინამიკები მიყიდეს. "თუ თუ თუ" რომ ვიმღერე, დედამ აღმოაჩინა, - მგონი, ჩემი შვილი მღერისო. ლალიკო ბერაძე იყო ის ადამიანი, რომელმაც ჩემში დიდი შრომა ჩადო, მისი მადლიერი ვარ. საკუთარ თავზე გამუდმებით ვმუშაობდი, ვახურებდი ყელს, ვიცოდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა.
- თვლით, რომ მუსიკალურ სამყაროში პირველი ნაბიჯები დამოუკიდებლად გადადგით?
- ასეა. არა მხოლოდ მუსიკაში, ცხოვრებაშიც ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებ. ახლახან პროექტში "გვაჩვენე შენი ხმა" რომ გავდიოდი, მშობლებმაც კი არ იცოდნენ. ბენდი, პატარა პოპულარობა, რაც გამაჩნია, ეს ყველაფერი ჩემი დამსახურებაა, მარტო ვუმკლავდები ყველა გამოწვევას, თუმცა იმასაც ყველგან აღვნიშნავ, რომ ვიტალი დარასელიას შვილიშვილი ვარ.
- ეს სტატუსი, ალბათ, ძალიან გეხმარებათ, არა?
- რა თქმა უნდა, ბაბუის სახელს იმხელა პატივს სცემენ, ძალიან უხერხული იქნება, არ დაგეთანხმოთ. როდესაც ასეთი ადამიანის შვილიშვილი ხარ, როდესაც მის სახელს და გვარს ახსენებ, საზოგადოებას შენ მიმართ დადებითად განაწყობ.
- როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, პროექტის "გვაჩვენე შენი ხმა" მონაწილე გამხდარიყავით?
- სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ბევრი ვიფიქრე, თითქოს ტელევიზიაში მისვლა არ მინდოდა. ადრე "ვოისის" კასტინგზე ვიყავი, პირველი ტური წარმატებით გავიარე, მეორე ტურში ბოლო გამომსვლელი ვიყავი, ადგილები აღარავის ჰქონდა, რომ შემობრუნებულიყვნენ. ეს გულში ძალიან ცუდად ჩამრჩა. ვფიქრობდი, სატელევიზიო პროექტში აღარასდროს გავალ-მეთქი. მაშინ პატარაც ვიყავი, 15 წლის. მერე საკუთარ თავს ვუთხარი, - შენ ხომ ის ადამიანი არ ხარ, პირველივე დაბრკოლებაზე რომ უკან იხევს-მეთქი? საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება არასდროს შემიწყვეტია. რომ წამოვიზარდე, ვფიქრობდი, არავის და არაფრის გამო არ დავნებდები-მეთქი და აი, ეს პატარა ნაბიჯიც გადავდგი. წინ დიდი და კარგი გეგმები მაქვს.
- ამ პროექტში "გოგო აღმოჩენა" გიწოდეს. წლების წინ განცდილი უსიამოვნების შემდეგ ეს რა განცდა იყო?
- ძალიან ბედნიერი ვიყავი. სცენაზე რომ გავდივარ, ძალიან თამამი ვარ, საერთოდ არ ვნერვიულობ. ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, დარბაზში ჩემი ოჯახის წევრები თუ მეგულებიან. დედა ამ საკითხში იმდენად კრიტიკულია, ტონალობა, ერთი ნოტიც რომ შემეშალოს, მის მიმიკებზე ეგრევე ვხვდები.
- ამ წარმატებული გამოსვლის შემდეგ თავდაჯერებულობა მოგემატათ?
- თავდაჯერებულობა სულ მქონდა. ვინც უნდა მითხრას, ვერ გააკეთებ, არ გამოგივაო, შეუძლებელს შევძლებ და მიზნამდე მაინც მივალ. ცოტათი ხისტიც ვარ და ამბიციურიც, მარტივად არ ვნებდები. ჩემი ხასიათი ბრძოლაში ძალიან მეხმარება. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, ჩემი ოჯახის დამსახურებაა, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება მიყვარს. ერთხელ დედას ვუთხარი, 18 წლის რომ გავხდები, ჩემი სამსახური მექნება და მინდა ფინანსურადაც დამოუკიდებელი ვიყო-მეთქი. შემომხედა და, - ყველა ეგრე ამბობს და მერე არავინ აღარაფერს აკეთებსო. აი, ამას დაგიმტკიცებ-მეთქი და ეს მართლა შევძელი. შეიძლება თამამად ვთქვა, რომ ამ ასაკიდან დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება, ყველაფერს ჩემით ვაკეთებდი, საკუთარ თავს მატერიალურად უზრუნველვყოფ. ოჯახი ყოველთვის დაგეხმარება, მაგრამ ამაზე უარი თავად მქონდა ნათქვამი. ჩემი ოჯახის მიმართ უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მაქვს, განსაკუთრებით, დედაზე ვარ ჩაციკლული, ის სამაგალითო ადამიანია. სულ ვეუბნები, შენ ჩემთვის მისაბაძი ხარ, მინდა შენნაირი ვიყო-მეთქი და ის გამუდმებით მიმეორებს, რომ მე მასზე უკეთესი უნდა ვიყო. ჩემს მშობლებს არ უნდოდათ საცხოვრებლად ცალკე გადავსულიყავი, ანგარიში გავუწიე, ახლაც მათთან ვცხოვრობ, მაგრამ სხვა მხრივ ყველანაირად ცდილობდნენ, ჩემში დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არ დაეთრგუნათ. 21 წლის გოგო ფინანსურად მშობლებზე რომ ვიყო დამოკიდებული, ეს ჩემთვის მიუღებელია. ასე ბევრი ცხოვრობს, მათ არ ვაკრიტიკებ, ამის უფლებას საკუთარ თავს არასდროს მივცემ. ვთვლი, რომ ყველას თავისი ცხოვრება და არჩევანი აქვს. მეგობრებსაც სულ ამას ვეუბნები, იშრომონ! არ მესმის, დრო ტყუილად რატომ უნდა დაკარგო?
- ბენდი ReActive Band როგორ შეიქმნა?
- სოციალურ ქსელში ჩემი სიმღერა ავტვირთე. იმ დროს იტალიაში ვიყავი. მომწერეს, ბენდს ვკრებთ და სოლისტი გვჭირდებაო. ვიფიქრე: რატომაც არა? საკუთარ თავს გამოვცდი-მეთქი. მანამდე სოლო-მომღერალი ვიყავი. თბილისში რომ დავბრუნდი, შევიკრიბეთ, გავისაუბრეთ, ყველას მოვეწონე და ჩვენი ბენდიც შეიკრა. მერე ისე მოხდა, რომ 2 ადამიანი შევცვალეთ და დანარჩენი ყველანი სახეზე ვართ: მე, გიორგი გვანცელაძე, გრიგოლ შახნაზიანი, ალექსანდრე მანაგაძე და მიხო არახამია.