არავის ეგონა, თუ მეთიუ ოდესმე დაქორწინდებოდა. უფრო მეტიც, – შეყვარებულთან ერთად ის არავის დაუნახავს… ყველა შეგუებული იყო მის უცნაურობებს და მისი სიმარტოვე არავის უკვირდა.
ხომ იცით, პატარა დასახლებებში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, სწრაფად ვრცელდება ხოლმე ახალი ამბები. ყველამ თითქმის ყველაფერი იცის ერთმანეთის შესახებ. ნაიადაც სწორედ ასეთი ადგილი იყო, ქალაქისაგან საკმაოდ მოწყვეტილი.
ხშირად ადგილებს, რომელთაც უცნაური სახელები ჰქვიათ, რაიმე ლეგენდა უკავშირდება. ამ სოფელსაც სწორედ ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად დაერქვა სახელი – "ნაიადა".
ნაიადა – წყლის, ნაკადულის, მდინარის ან წყაროს ნიმფას ჰქვია. ნაიადას მკვიდრნი სიამაყით ჰყვებიან ლეგენდას ნიმფაზე, რომელიც თურმე წელიწადში ორჯერ, გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობისას, როცა დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთმანეთს უტოლდება, მდინარიდან ამოდიოდა და ჩანჩქერის ქვეშ, უზარმაზარ ლოდზე ჩამომჯდარი ივარცხნიდა გრძელ, ფაფუკ თმას თავისი ოქროს სავარცხლით.
თუ ნიმფა სავარცხელს დაკარგავდა, ის ვეღარ დაუბრუნდებოდა წყალქვეშა სამყაროს მანამ, სანამ სავარცხელს არ იპოვიდა.
ლეგენდის თანახმად, ერთმა მოხერხებულმა მეთევზემ შეძლო, ნიმფასთვის სავარცხელი მოეპარა და საგულდაგულოდ დაემალა, დამწუხრებული ნაიადა კი სახლში წაეყვანა და ცოლად შეერთო.
საბრალო ნიმფას აღარასოდეს გაუღიმია.
მეთევზე ხედავდა, როგორ დარდობდა და მისტიროდა მშობლიურ წყალქვეშა სამყაროს მისი ცოლი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ელეოდა მას…
მხოლოდ ათი წლის შემდეგ დაუბრუნა ოქროს სავარცხელი და სახლის ზღურბლთან მდგარი კარგა ხანს გაჰყურებდა, როგორ მირბოდა მდინარისკენ გახარებული ნაიადა. მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. აი, ასეთ ლეგენდას ინახავდა ეს პატარა სოფელი.
მეთიუს სახლი იმ ჩანჩქერთან სიახლოვეს იდგა, სადაც გადმოცემის თანახმად, ნაიადა თმას ივარცხნიდა ბუნიობისას.
***
გოგონა, რომელიც მეთიუსთან ერთად მოულოდნელად გამოჩნდა, მანამდე არავის ენახა. ის არ იყო აქაური. საინტერესოა, სად უნდა გაეცნოთ ერთმანეთი და რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ყოველგვარი შეხვედრისა და ურთიერთობის გარეშე გადაეწყვიტათ დაქორწინება…
მეთი უპატრონო ბავშვთა სახლში იზრდებოდა. როდესაც სრულწლოვანი გახდა, ის ბავშვთა სახლში მომუშავე ძიძამ წამოიყვანა და იშვილა. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სოფია ძალიან კეთილი ქალი იყო.
მეთიუ 28 წლის იყო, როდესაც სოფია გარდაიცვალა, მანამდე კი, ორი წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი.
მეთი ყოველ დილა-საღამოს ასეირნებდა მას გორგოლაჭებიანი სავარძლით, რომელიც თვითონვე ააწყო. მას პირადი ცხოვრება, ფაქტობრივად, არც ჰქონდა.
"ცენტრში" მხოლოდ საყიდლების გულისთვის ჩამოდიოდა, ხანდახან "ჯონის ბარს" სტუმრობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისაგან ყურადღება ნამდვილად არ აკლდა, პირველ რიგში, მისი ფიზიკური მონაცემების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ მეთიუ სიტყვაძუნწი იყო და ადამიანებთან იშვიათად შედიოდა კონტაქტში, გოგონების დაყოლიება "ერთი ღამისთვის" მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. მის ქცევაში იყო რაღაც იდუმალი და ამოუცნობი. ვერასოდეს მიხვდებოდი, როდის რას ფიქრობდა, როგორ ხასიათზე იყო ან რას აპირებდა… ქალებსაც, ალბათ, ეს იდუმალება იზიდავდათ, მაგრამ ხანგრძლივ ურთიერთობას მასთან, როგორც ჩანს, არავინ ცდილობდა; ან შეიძლება მეთიუს ჰქონდა რაღაც ბარიერი და ახლოს არავის უშვებდა...
***
მეთიუს ცოლს ღია წაბლისფერი, გრძელი თმა ჰქონდა და ძალიან მუქი, თითქმის შავი ფერის თვალები. ფერმკრთალი იყო, მაგრამ ლამაზი.
- ალბათ, ინტერნეტით გაიცნო! – გადაულაპარაკა ლუდის ბარში მომუშავე მიმტანმა გოგონამ ბარმენს, თან მეთიუს ცოლს თვალს არ აშორებდა. ბარის ღია კარიდან კარგად ჩანდა წითელწინწკლებიან კაბაში გამოწყობილი გოგონა, რომელიც მაღაზიის ვიტრინასთან იდგა და ვერ გადაეწყვიტა, შესულიყო თუ არა შიგნით.
- ლამაზია! – თქვა ბარმენმა და ჩაის ტილოთი ჭიქა გაამშრალა.
- ჰო… არა უშავს… – ისე, ვინ იფიქრებდა, რომ ეს ოდესმე ცოლს მოიყვანდა…მეეჭვება, ამ გოგომ დიდხანს გაუძლოს…
- რატომ, ელი?
- მეთს თავისი სამყარო აქვს! ნახევარ დღეს ძილში ატარებს. ღამით კიდევ ხან ტყეში დაბორიალობს, ხან მდინარესთან დადგება და წყალში კენჭებს ისვრის… რამდენჯერ გამღვიძებია ღამის ოთხ ან ხუთ საათზე, ფანჯრიდან გამიხედავს და დამინახავს მდინარის პირას ჩამომჯდარი. შენ მისი ოთახი უნდა ნახო! ისეთი უცნაური კოლექცია აქვს…
- რისი?
- რა ვიცი… ყველანაირი ხარახურის! – ქვების, ნიჟარების, რაღაც ცხოველების რქების და ბევრი უცნაური სიმბოლოსი. პირველად რომ ვნახე, შიშისაგან კინაღამ გული წამივიდა. ვუდუს მიმდევარი მეგონა!
- და შენ როდის ნახე მისი კოლექცია? – ჰკითხა ბარმენმა ელის და დაეჭვებით გადახედა. ელი დაიბნა. მიხვდა, რომ ზედმეტი წამოროშა და ბარმენს ზურგი აქცია.
- რა ვიცი, ჯონ… ადრე…
დაბნეულმა ჩაიბურდღუნა და უახლოეს მაგიდას სველი ნაჭრით დაუწყო წმენდა, რომელიც ისედაც სუფთა იყო.
ელის მეთიუს სახლში გატარებული ის უცნაური ღამე გაახსენდა და გული აუჩქროლდა. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს უფიქრია მეთთან სერიოზულ ურთიერთობაზე და იმ ღამის შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა, გააცნობიერა, რომ მისი დაქორწინების ამბავმა მასზე ძალიან იმოქმედა.
***
ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ ბარში ახალდაქორწინებულმა წყვილმა შემოაბიჯა.
გაგრძელება იქნება