მომღერალი ნინი შერმადინი უკვე წლებია, რაც აშშ-ში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. ის უცხო ქვეყანაში თავდაპირველად მარტო წავიდა, მოგვიანებით კი ქალიშვილი, მარიამ ციცაგიც წაიყვანა. ახლა კი ნინი დროებით სამშობლოში დაბრუნდა და მონატრებული სახე არაერთი გადაცემისა თუ შოუს სტუმარია.
"ჩემზე არ იცით, რომ სამედიცინო კოლეჯში ვსწვალობდი. დედის და მამის მხრიდანაც ყველა ექიმია. ჩემი არც ერთი ძმა, არც ჩემი და ექიმი არ გამოვიდა და ამიტომ ყველას უნდოდა, ეს გზა გამეგრძელებინა. როგორც კი მორგში წამიყვანეს, იქ დამთავრდა ჩემი სამედიცინო კარიერა. გადავწყვიტე, რომ ისევ სიმღერა იყო ჩემი ძლიერი მხარე.
ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ კარგი მასწავლებლობა შემძლებია. ერთია, იყო კარგი მომღერალი და კიდევ სხვაა, გადმოცემის უნარი გქონდეს. თურმე კარგი ვოკალის მასწავლებელი ვყოფილვარ.
შეყვარებული იმდენი ხანია არ ვყოფილვარ, რომ არ მახსოვს, როგორია შეყვარებული ნინი, მაგრამ, ალბათ, მაშინ ხარ ყველაზე ბედნიერი და გიხარია ყველაფერი. ერთი სული მაქვს, როდის დაბრუნდება ყველა ემიგრანტი თავის ქვეყანაში, მეც, მათ შორის" - ამბობდა ნინი.
ამჯერად ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში დედის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მისი ქალიშვილი ძალიან ჰგავს ბებიას.
მომღერალი ნინი შერმადინი საზოგადოებისთვის ცნობილი წლების წინ გახდა, როცა ის მონაწილეობას არაერთ პოპულარულ მუსიკალურ შოუში იღებდა. მას შემდეგ ნინის კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანს წარმოადგენს.
განსაკუთრებული პოპულარობა ნინიმ 2003 წელს მოიპოვა, როცა მონაწილეობა მიიღო პროექტში "ნუცას სკოლა". იურმალაში „ახალ ტალღაში“ მონაწილეობის შემდეგ პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი ბერძნულ X Factor-შიც მონაწილეობდა, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა.
ნინის ყოფილი მეუღლე ვაჟა ციცაგი იყო. როცა წყვილი დაშორდა, ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ვაჟა ქალების მოყვარული გამოდგა და ნინის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომღერალი ამ ჭორის სასტიკად უარყოფდა:
"ეს ჭორი დიდი შეურაცხყოფაა, პირველ რიგში, ვაჟასი და მერე ჩემი. გამოდის, რომ სულელი ვარ, რომ ასეთ ვამპირს და ფსიქოპათს გავყევი ცოლად. ეს ბევრჯერ დაიწერა და მეც სულ ვიმეორებ, ხალხო, მსგავსი სისულელე აღარ თქვათ-მეთქი. ხომ შეიძლება, ორმა ადამიანმა ერთმანეთს ვერ გაუგოს? ადამიანები არ შეიძლება, სკანდალის გარეშე დაშორდნენ? მეც და ვაჟაც ძალიან ჯიუტები ვართ. ორივეს ჩვენი პრინციპები გვაქვს. მე ჩემს პრინციპებს ვერაფრით გადავაბიჯე. სულით ხელოვანი ვარ და ბავშვობიდან ვოცნებობ, ჰოლივუდის მსახიობი ან მომღერალი ვიყო და "გრემიზე" საუკეთესო მომღერლად დამასახელონ. ჩემი შრომისმოყვარეობისა და ნერვების წყვეტის ფასად მალე დიდ წარმატებებს მივაღწევ. ვაჟა კარგი ადამიანია, მაგრამ წარმატებას მარტო უფრო მივაღწევ, ვიდრე ვაჟასთან ერთად.
ყოველთვის გვერდში მედგა, "იქს ფაქტორიდან" დაწყებული. მაგრამ ქართველ კაცს ცოლი სახლში უნდა. რთულია, ცოლი ერთი თვე წავიდეს და კაცი სახლში დარჩეს. მე არ ვცხოვრობ ჩვეულებრივი, რიგითი ქალის ცხოვრებით. ხელოვანის ცხოვრება მაქვს. როგორ ფიქრობ, დედაჩემისა და მამაჩემისთვის ადვილი ასატანია, შვილი ღამის თორმეტ საათზე რომ გადის სახლიდან და ოთხზე შემოდის? მაგრამ იმდენად მენდობიან, რომ ეს სალაპარაკო თემა არ ხდება. ჩემი მიზანი ისაა, რომ ოცნება ავისრულო და ჩემი შვილი უზრუნველყოფილი იყოს. ჩემსა და ვაჟას შორის ბოლო დროს ურთიერთობა დათბა, შვილს ნახულობს. ვაჟამ გაიგო, რომ მე ჩემი კარიერა მაქვს გასაკეთებელი, მიხვდა, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ და მისი შვილის დედა არაფერს შეურაცხმყოფელს არ აკეთებს" - ამბობდა ნინი "რეიტინგთან" ინტერვიუში.
ვაჟას და ნინის ერთი შვილი, მარიამი ჰყავთ. ნინი უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. ის ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია და, პარალელურად, მუსიკისთვისაც ხშირად იცლის.
"როცა ჩადიხარ მეგაპოლისში, დიდ და უცხო ქალაქში, სადაც არავინ გყავს, არავის იცნობ, ენაც დიდად არ იცი, რა თქმა უნდა, რთულია და თავიდან გიჭირს ყველაფერთან შეგუება. აქ უფრო სითბოა, ოჯახი აქეთ გყავს, მეგობრები და ქართული რეალობა ბევრად სხვაა. ნოსტალგია გეუფლება, მაგრამ, როდესაც ძლიერი ხარ შინაგანად, ფსიქოლოგიურად და მიზნები გაქვს, ყველაფერს მიაღწევ.
მინდოდა, როგორც პროფესიონალი, გავზრდილიყავი და ბევრი რამ მესწავლა. როცა უცხო ქვეყანაში ადგილს იმკვიდრებ, მერე უკვე ადვილია შენს ქვეყანაში დაბრუნება და იმ გამოცდილებით ცხოვრება, რასაც იქ იღებ" - ამბობდა ნინი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.
ნინი წლების განმავლობაში ერთადერთი შვილისგან შორს ცხოვრობდა. ცოტა ხნის წინ კი მან მოახერხა, რომ მარიამი ამერიკაში წაეყვანა და ცხოვრება ერთად გაეგრძელებინათ. ამ სიხარულს, სამწუხაროდ, თან დიდი მწუხარებაც ახლდა. ნინიმ 2020 წელს ორივე მშობელი დაკარგა.
დღეს ნინი აქტიურად აგრძელებს კარიერას, იღებს არაერთ კონკურსში მონაწილეობას და ქართველ გულშემატკივარს კვლავ ხშირად ახარებს საკუთარი წარმატებით.