"წარმოუდგენელ რეალობაში ვართ 28 დეკემბრიდან. თენდება და ღამდება - ვიღვიძებ და ვიძინებ, ზურას კიდევ სულ სძინავს, 2 თვეა სძინავს. ასე არ შეიძლება, უსამართლობაა" - წერს ანო მაისურაძე ბიძის შესახებ სოციალურ ქსელში. მანამდე ანომ ზურა ბერიკაშვილს სიმღერაც მიუძღვნა: "ადექი, ერთად გავიღიმოთ" - წერდა ის.
ანო ბიძის, ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სიახლეებს ხშირად აქვეყნებს. როგორც ცნობილია, მსახიობს ცოტა ხნის წინ მოულოდნელად გული გაუჩერდა. ამის შესახებ საზოგადოებას მისმა დამ, მანანა ბერიკაშვილმა აცნობა. ზურა ამ დროისთვის მკურნალობას გადის და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ლეგენდარული ქართველი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის ვაჟია. გივი ბერიკაშვილი 1933 წელს კოლაგში, გურჯაანის რაიონში დაიბადა, 2017 წლის 10 აპრილს კი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. 4 წლის იყო, როდესაც მამა ჭლექით გარდაეცვალა, 27 წლის ასაკში. დედასაც გულის თანდაყოლილი მანკი ჰქონდა.
1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. არის საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).
გადაღებულია 45 მხატვრულ ფილმში, ნათამაშები აქვს ათეულობით როლი თეატრში. 2008 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.
„მე რომ გავჩნდი, გივი უკვე გივი იყო. ბავშვობისას ქუჩაში რომ გამოვყავდი, მივხვდი, რომ ყველა რაღაც სხვანაირი დამოკიდებულებით უყურებდა. სპექტაკლები სამი წლიდან მახსოვს, ჯერ კიდევ რუსთავის თეატრში მუშაობდა..
დედაჩემს ექიმთან არ მივყვებოდი, გვერდში მამა თუ არ მყავდა. თუ სადმე გასაყოლი იყო, გივის გარეშე არაფერს ვაკეთებდი. პატარაობიდან ვიცოდი, რომ ჩემი იმედი იყო.
მერე უკვე ცოტა აღარ მსიამოვნებდა, რადგან 15 წუთის მისასვლელ ადგილას მივდიოდით 2 საათი, ყველასთან გაჩერდებოდა, ისაუბრებდა, ყველას მოუსმენდა, რაღაცას ჩაიწერდა, რა უჭირდა ხალხს. ახლაც კი გივის სული ბევრ რაღაცაში მეხმარება.
ქუჩაშიც, ნებისმიერ სიტუაციაში რომ გავივლი, მეუბნებიან – ვაიმე, ვაიმე, როგორი მამა გყავდაო. თან მერიდება.
ასეთი საჩუქარი გაგონილი არ გექნებათ: ერთხელ, ახალ წელს, სახლში მოვედი, ვიქეიფე. პირველი რიცხვია, საღამოს სუფრა გაშალეს და ცალკე დევს, ერთი შამპანური და ბევრი 10-თეთრიანი დიდი პარკით. დედაჩემს ვკითხე, რა მოხდა-მეთქი? ლიფტის მომსახურების ბიჭებმა მიულოცეს გივის ახალი წელი და ეს აჩუქეს, დახურდავებაზე რომ არ ეწვალაო. ამას რომ ვყვები, არ მიჯერებენ ხოლმე“, - იხსენებდა ზურა ბერიკაშვილი მამაზე, გივი ბერიკაშვილზე.