ცნობილი ამერიკელი დიზაინერი და მოდის ხატი აირის აპფელი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა. აირისი დაიბადა ნიუ-იორკში 1921 წელს. ბავშვობაში დიდ დროს ატარებდა ბრუკლინში, ბებიისა და ბაბუის სახლში, სადაც ოჯახის წევრები საქველმოქმედო მიზნით მრავალფეროვან საფეიქრო ნაწარმს კერავდნენ. ხელსაქმის დასრულების შემდეგ კი აირისს ნებას რთავდნენ, ქსოვილის ნარჩენები სახლში წაეღო. ფერადი ქსოვილებით თამაშმა და ექსპერიმენტებმა აპფელს ბავშვობიდან განუვითარა ვიზუალური აღქმა.
მოგვიანებით, ქმართან ერთად ფლობდა ტექსტილის მწარმოებელ კომპანიას Old World Weavers-ს. მისი კომპანია მე-17, მე-18 და მე-19 საუკუნეების ქსოვილების რეპროდუქციებს ამზადებდა და ისეთი ცნობილი კლიენტებისთვის მუშაობდა, როგორებიც ესტე ლოდერი, გრეტა გარბო და ამერიკის პრეზიდენტები, მათ შორის, დუაიტ ეიზენჰაუერი და ბილ კლინტონი არიან.
მისი ხანგრძლივი და ისტორიული კარიერის განმავლობაში იგი იყო თეთრი სახლის დიზაინერი ექვსი სხვადასხვა პრეზიდენტის დროს. ამის გამო აირისს “ქსოვილების პირველი ლედი” შეარქვეს.
- 91 წლის ასაკში Dazed Magazine-ის ქავერის ყველაზე ასაკოვანი მოდელი გახდა, 94 წლის ასაკში წარადგინა გამოფენა პარიზის მოდის კვირეულზე, 97 წლისამ IMG-თან სამოდელო კონტრაქტი გააფორმა და მონაწილეობა მიიღო H&M-ის, Citroën-ისა და eBay-ს კამპანიებში. 101 წლის ასაკში კი პირველად გახდა ბიუთი კამპანიის სახე, Ciaté London-ის მაკიაჟის ხაზით.
აირისის უნიკალურ სტილს 2005 წელს მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა რეტროსპექტული გამოფენა მიუძღვნა, ხოლო 2014 წელს ფართო ეკრანებზე Emmy-ს დაჯილდოებაზე ნომინირებული დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, სახელწოდებით “აირისი”.