გოგონამ უცხო გარეგნობით მაყურებლის ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია. ანასტასია ჯეირათი ინტერნაციონალური ოჯახიდან გახლავთ, დედა ქართველია, მამა - ინდოელი. ბავშვობა მამის სამშობლოში გაატარა და საქართველოში საცხოვრებლად მეოთხე კლასიდან ჩამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 22 წლის არის და პროფესიით ფსიქოლოგია, ის უკვე გადაიღეს სერიალში "სტუმარი", რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა. ახლა „რუსთავი 2“-ზე დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია. ასევე გაფორმებული აქვს სამოდელო კონტრაქტი რამდენიმე უცხოურ სააგენტოსთან.
- ჩემი მშობლები ინდოეთში ცხოვრობდნენ, მე თბილისში დავიბადე. რელიგიით ქრისტიანი ვარ. მყავს უმცროსი ძმა, ანდრია, 17 წლის. მესამე კლასამდე ბაღშიც და სკოლაშიც ინდოეთში დავდიოდი, მეოთხე კლასში უკვე საქართველოში ვსწავლობდი. თუმცა ზაფხულობით და ახალ წლებზე სულ თბილისში მოვდიოდით. რომ ჩამოვიდოდი, ბებოს უკვე მოძიებული ჰყავდა მასწავლებლები, რომ ქართულ სკოლას და პროგრამას არ ჩამოვრჩენოდი. ასევე ბავშვობიდან დავდიოდი ქართულ ცეკვაზე, თეა დარჩიამ შემაყვარა ქართული ცეკვა.
ახლაც ხშირად მივდივართ ოჯახი ინდოეთში, ბებია-ბაბუას, ნათესავების სანახავად. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს მათთან და ძალიან მიყვარს ყველა. მამიდაშვილები ჩემი ასაკის არიან და ძალიან ვმეგობრობთ. წელსაც ვიყავით დეკემბერში, ახალ წელს იქ შევხვდით. სხვადასხვა შტატში ვიმოგზაურეთ და დავათვალიერეთ მამას მეგობრებთან ერთად. განსაკუთრებულად მიყვარს ინდოეთი, საოცარი ქვეყანაა თავისი კულტურით.
- რით იყო გამორჩეული ინდოეთში ცხოვრების პერიოდი და თუ იყო რაიმე სახის დისკომფორტი შენთვის?
- საქართველო და ინდოეთი კულტურულად ძალიან განსხვავებული ქვეყნებია, მაგრამ ამავდროულად, საერთოც ბევრი აქვთ. თუმცა ამის გამო დისკომფორტი არასოდეს შემქმნია - პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ორ ასეთ კულტურასთან მაქვს მჭიდრო კონტაქტი. ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესო გახადა ამ ფაქტმა. აქ რომ გადმოვედით საცხოვრებლად, ყველას ძალიან უკვირდა ჩემი გვარი და შემდეგ ინტერესსაც გამოხატავდნენ. მე ძალიან პატარა ვიყავი და დედას ვეკითხებოდი, თუ რანაირად ხვდებოდნენ, რომ გვარი არ იყო ქართული (იცინის).
- მშობლებმა სად გაიცნეს ერთმანეთი?
- დედა და მამა პროფესიით ექიმები არიან, სტომატოლოგები. ერთმანეთი წლების წინ მოსკოვში გაიცნეს, ორივე იქ სწავლობდა სამედიცინოზე.
- ქართველები ინდურ კულტურას ძირითადად სერიალებიდან და ფილმებიდან ვიცნობთ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სულ დღესასწაულია...
- კი, ასეა, ხალხიც ძალიან თბილია, უამრავი ტრადიცია და დღესასწაული აქვთ, ამით ძალიან გამოირჩევა ეს ქვეყანა. ასევე თავისი კერძებით, ფერებით, საჩუქრებით, ერთმანეთთან სტუმრობით. ხშირად აღნიშნავენ დღესასწაულებს, განსაკუთრებულად, რელიგიური ადამიანები, მაგრამ დივალისა და ჰოლის დღესასწაულს, რომელიც საქართველოშიც ცნობილია, ყველა აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩავდივართ, მაინც ყოველ ჯერზე ისე ვგრძნობ თავს, თითქოს პირველად ჩავედი, უზომოდ საინტერესო და უცხო ქვეყანაა. საქართველოში სერიალებიდანაც ბევრი იცნობს ინდოეთს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან გადაჭარბებულად არის ნაჩვენები (იცინის).
- ინდოელი ბებია-ბაბუები თუ განსხვავდებიან ქართველისგან?
- ღირებულებები და შეხედულებები ძირითადად ერთნაირი აქვთ. ასეა დედას და მამას შორისაც.
- იქაც ასე კარგად გვიცნობენ ქართველებს, როგორც ჩვენ ვიცნობთ?
- ინდოეთშიც იციან საქართველოს შესახებ, მაგრამ მე ინტერნაციონალურ სკოლაში ვსწავლობდი. ჩემს კლასში იყვნენ პოლონელი, იტალიელი მოსწავლეები, ასევე - აზიის ქვეყნებიდან. მხოლოდ ხუთი ბავშვი იყო ინდოელი ჩემს კლასში. ამის გამო სკოლაში კულტურულად დიდი სხვაობა არ იგრძნობოდა.