ლორდი ბაირონი 1924 წელს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა - ერთი წლის შემდეგ კი სამ ტომად გამოიცა მისი ავტობიოგრაფია. მესამე ტომში ერთი საინტერესო შემთხვევაა აღწერილი, რომელიც პოეტისა და ქართველი ქალის შეხვედრის შესახებ მოგვითხრობს:
1810 წელს 22 წლის ბაირონი ტროას ალექსანდრიაში მოგზაურობდა, როცა ერთ დღეს მონათა ბაზარზე 13 წლის ქართველი გოგო უნახავს. ცნობების თანახმად, იგი მდიდარი ქართველი მემამულის შვილი უნდა ყოფილიყო, რომელიც ცხვრებს თამაშ-თამაშით ასდევნებია და ქურთებს ჩავარდნია ხელში...
ბაირონმა ქართული არ იცოდა, გოგონა კი ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა. ენის ბარიერს პოეტისთვის ხელი არ შეუშლია, ბავშვი შეჰბრალებია და მის გამოსასყიდად 800 პიასტრი გადაუხდია. პოეტმა გოგონას ბედი ირლანდიელ ვაჭარს, სახელად ფლეტჩერს ანდო და მისი სამშობლოში დაბრუნება დაავალა, თუმცა ფლეტჩერმა გოგონა თავისთვის დაიტოვა და ხასად აქცია. ბაირონი მის კვალს დიდხანს ეძებდა, ხოლო როცა იპოვა, ქალი უკვე მძიმედ იყო ავად.
"საოცარი იყო თირზასა და ბაირონის შეხვედრა, - ამის წარმოდგენა უფრო ადვილია, ვიდრე აღწერა. დაუძლურებული და სასოწარკვეთილი ქალი მხსნელს ყელზე შემოეხვია და გიჟივით კოცნიდა..." - ასე აღწერს პოეტის ბიოგრაფი ბაირონისა და თირზას შეხვედრას.
დაუძლურებული ქალი პოეტს კუნძულ კრეტაზე წაუყვანია სამკურნალოდ, თუმცა უკვე მძიმე ავადმყოფის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ბაირონს მისი სიკვდილი მძიმედ გადაუტანია. 1811 წლით დათარიღებულ წერილში პოეტი აღნიშნავს, რომ მეგობრის გარდაცვალებით განადგურებულია. სწორედ ამ პერიოდში წერს იგი თავის ერთ-ერთ გამორჩეულ ლექსს "To Thyrza“ - "თირზას", რიგით პირველს თირზასადმი მიძღვნილი ლექსების სერიიდან.
ვიცი, შენს საფლავს ხსოვნის ნიშნად ქვაც კი არ ადევს,
მინდა სიმართლეს გავუსწორო მზერა თვალებში,
ვაითუ ყველამ დაგივიწყა, არვის ადარდებ,
ასე უდროოდ, ასე მალე რატომ წახვედი...
ცხრა მთის გადაღმა, ცხრა ზღვის გადაღმა მეგულებოდი,
და სიყვარული ჩვენი თურმე იყო ამაო,
შენკენ მოჰქროდა ერთი ფიქრი - კვლავ შევხვდებოდით,
თუმც დამსხვრეული იმედები დამრჩა სანაცვლოდ...
როცა სიკვდილი გიმზადებდა მსუბუქ აღსასრულს,
როცა წარსულმა გაიელვა უხმო წამებით,
გულს ვინ ეწადა? თუ ნატრობდი შენგან შორს წასულს?
ვისაც უყვარდი და კვლავ უყვარხარ კვლავ გამალებით...
ლექსის ადრესატის რეალური სახელი უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ თირზა ებრაულად "სევდას" ნიშნავს. შესაძლოა, გოგონას "ცისო" ერქვა. არსებობს გრაფ ლავლეისის, ბაირონის შვილიშვილის ნაამბობი, რომლის მიხედვითაც, პოეტს ცოლისთვის თირზას თმა უჩვენებია, ეს ეკუთვნის მას, ვინც ძალზე ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან და გულში ჩამრჩა, მის ნამდვილ სახელს არასოდეს ვიტყვიო.
ბიოგრაფიული ცნობებიდან ისიც ირკვევა, რომ ბაირონს ქართველი ქალის პორტრეტის დახატვა დაუკვეთია, თუმცა, სამწუხაროდ, ეს პორტრეტი დღეს დაკარგულია. ბაირონი თირზას გარეგნულად თავის მეგობარს, ქერა, ცისფერთვალება მისის კაროლინა ლემს ამსგავსებდა.
ქალის საფლავი კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ირაკლიონში მდებარეობდა. ქალაქის გაფართოების შემდეგ საფლავის ქვები მშენებლობაში გამოიყენეს. ასე რომ, საფლავიც და გოგონას ვინაობაც დაკარგულია.
ჯორჯ ბაირონს, რომელსაც ვენეციაში 200 საყვარელი ჰყავდა, ქართველი გოგონას სიკვდილმა დიდი იარა დაუტოვა, რომელიც პოეტს მთელი ცხოვრება გაჰყვა. ეს განცდა კი ყველაზე კარგად თირზასადმი მიძღვნილ ლექსებში გადმოსცა: „მაგრამ რა არის სიყვარული თუნდაც ათასის, მასთან, რომელიც მკვდარს გეკუთვნის და ვერ გივიწყებს“.