- გამარჯობა, ჯონ! – მიესალმა მეთიუ ბარმენს და დახლზე ათდოლარიანი დაუდო.
- გაგიმარჯოს, მეგობარო! გილოცავ დაქორწინებას! არაჩვეულებრივი არჩევანია, მინდა გითხრა!..
- მადლობა! – თქვა მეთიუმ და ელის მისალმების ნიშნად თავი დაუქნია. მეთიუს ცოლმა ჯონს გაუღიმა და თავის ქმარს დაკუნთულ მკლავზე ნაზად მოუჭირა ხელი.
- ლუდი ხომ ცივია? – ჰკითხა მეთიუმ ბარმენს.
- რა თქმა უნდა! აბა, ისე როგორ?..
- ძალიან დაცხა! ანა, სადმე დაჯექი და მეც ახლავე მოვალ!
ელი სამზარეულოში გავიდა და პატარა სარკმლიდან მეთის ცოლს გახედა, რომელიც ვენტილატორთან ახლოს დამჯდარიყო და პატარა სარკეში იყურებოდა.
- მისმინე, ჯონ! მანქანის დაქირავება მინდა რამდენიმე დღით… მე და ანამ გადავწყვიტეთ, თაფლობის თვე "ფორესტ ფლეისში" გავატაროთ…
- "ფორესტში?" – ჯონს გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა. – იქ რა დაგკარგვიათ?.. ოღონდ ახლა არ მითხრა, რომ…
- მგონი, სწორად გაიფიქრე… – "მდუმარე სასტუმროში" მივდივართ! სულ რაღაც ერთი კვირით…
- გამაოცე, ძმაო... - სიდს დაელაპარაკე! მამამისის მანქანას მაინც არ იყენებს, წესით, სიამოვნებით მოგაქირავებს!
- დღესვე შევუვლი! მადლობა შენ!
მეთიუმ ორი კათხა ლუდი აიღო და მაგიდისაკენ გაემართა.
ელი სამზარეულოდან მხოლოდ მაშინ გამოვიდა, როცა მეთი და მისი ცოლი ბარიდან გავიდნენ.
- რაო? რა გითხრა?
- "მდუმარე სასტუმროში" აპირებენ წასვლას… ეტყობა, ეგ გოგოც კაი უცნაურია!
- "მდუმარე სასტუმრო" რა უბედურებაა?
- არ გაგიგია? – გაუკვირდა ჯონს.
- არა…
- მართლაც რომ უბედურებაა! სადღაც, გადაკარგულში რომ ააშენეს… შუაგულ ტყეში. იქ მხოლოდ გიჟი და არანორმალური თუ წავა!
- და რა ხდება ასეთი იმ სასტუმროში?
- "ჰორორის" სტილშია რა… შესახედად ძაან საზარელია. მოჩვენებების სახლს ჰგავს… მომსახურე პერსონალი სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილი, დაგრიმული დადის… ვამპირები, მოჩვენებები, ორკები და რა ვიცი... ადმინისტრატორი გრაფი დრაკულაა! სასტუმროს გალავანზე თავის ქალებია ჩამოცმული… ნეტა ვის მოუვიდა აზრად მაგის გაკეთება? არაფრის დიდებით იქ არ შევიდოდი… რომელ ღამის გატარებაზეა საუბარი… ელექტროობაც არ არის, მხოლოდ სანთლები… ირგვლივ ტყე, სამარისებური სიჩუმე… ნეტა რა სიამოვნება უნდა მიიღონ იქ?
- ალბათ, ადრენალინი… რომ წარმოვიდგინე, ჟრუანტელმა დამიარა და ისე რა იქნება… კი მაგრამ, იქ მიჰყავს ახალმოყვანილი ცოლი?
- ჰო…
ელის აღარაფერი უთქვამს, თავისი ცვლა დაამთავრა და სახლში დაბრუნდა. შხაპი მიიღო და მანსარდაზე, თავის ოთახში ავიდა. მისი ფანჯრიდან კარგად ჩანდა მეთიუს სახლი. ვერანდაზე სინათლე ენთო. მეთი ხის დაწნულ საქანელა-სავარძელში იჯდა და რაღაც წიგნს კითხულობდა. სამზარეულოს ფანჯარაში ანას სილუეტი ჩანდა, გაზქურასთან ფუსფუსებდა. ცოტა ხანში ლანგრით ვახშამი გამოიტანა ვერანდაზე.
ელი იქამდე უყურებდა მათ, სანამ თვითონაც არ შეაწუხა კუჭმა. გაახსენდა, რომ შუადღის მერე არაფერი ეჭამა.
მას ჩვევად ჰქონდა ფანჯრიდან მეთიუს თვალთვალი. ყოველთვის აინტერესებდა, რას აკეთებდა ეს უცნაური ბიჭი. აინტერესებდა მისი სამყარო. ალბათ, ამიტომაც გადაწყვიტა გასულ ზაფხულს მასთან მისვლა და ერთი ღამის გატარება… ეს გადაწყვეტილება ადვილად არ მიუღია.
როდესაც მეთიუს სახლისკენ მიდიოდა, ძალიან ეშინოდა, მაგრამ რაც უფრო მეტად ეშინოდა, მით უფრო მეტად უძლიერდებოდა სურვილი… მაშინ პირველად გააკვირვა საკუთარმა თავმა…
"რა საინტერესოა!.. ნეტა საიდან მოიყვანა ეს გოგო… ან რატომ აირჩიეს ის სასტუმრო?.. იმის მაგივრად, რომ სადმე მხიარულ, ლამაზ ადგილას წასულიყვნენ… რომელი წყვილი ირჩევს ასეთ საშინელ ადგილს თაფლობის თვის გასატარებლად?"
ფიქრობდა ელი და თან ძეხვს ჭრიდა. ფიქრებში გართულმა თითქმის მთლიანად დაჭრა ძეხვი. ტაფა გაზზე შემოდგა, კარაქის ნაჭერი დააგდო და ძეხვის ნაჭრები დაალაგა. ტაფა აშიშხინდა. ელიმ ძეხვი ორივე მხრიდან კარგად შებრაწა, ნაწილი თეფშზე გადმოიღო და ჭამას შეუდგა.
- რა სუნი დაატრიალე, ელ? – სამზარეულოში ელის უმცროსი და შემოვიდა.
- მეგონა, გეძინა...
- მეძინა და მგონი, ამ სუნმა გამაღვიძა! ჩემთვისაც არის?
- რაც დავჭერი, სულ შევწვი… მისმინე, მეგ! – შენ გსმენია რამე "მდუმარე სასტუმროზე"?
- როგორ არა! აქედან არაა ძაან შორს! მაგათ თავიანთი საიტიც აქვთ, დაგუგლე! ნომრების დაჯავშნა ინტერნეტითაცაა შესაძლებელი…
- მართლა? და რა ღირს ეგ სიამოვნება?
- რა სიამოვნება, ელ… მანდ როგორ უნდა ისიამოვნოს კაცმა?
- ვხუმრობ… მე დღეს გავიგე პირველად და დამაინტერესა…
- ვაკანსიებიც ჰქონდათ გამოცხადებული ადრე! კარგად კი იხდიდნენ… არ გინდა? სექსუალური ზომბი იქნები...
მეგიმ ძეხვიან თეფშს ხელი დასტაცა და სიცილით გაიქცა თავისი ოთახისკენ. ელი მეგის ნათქვამმა დააფიქრა. ოთახში ასვლისთანავე ჩართო ლეპტოპი და "მდუმარე სასტუმროს" საიტზე შევიდა. ვაკანსიები ისევ იყო: – "სისხლიანი მერის", "ქალიშვილი-მოჩვენების" და ტროლის. ეს უკანასკნელი მამრობითი სქესის, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი უნდა ყოფილიყო.
ელის უცებ საკუთარ თავზე ნერვები მოეშალა და ლეპტოპი დახურა. ვერაფრით ვერ გაეგო, რატომ იმოქმედა მასზე ასე ძალიან მეთიუს დაქორწინების ამბავმა.
სინათლე ჩააქრო და სასწრაფოდ საბანში გაეხვია.
მეთიუს სახლშიც ჩამქრალიყო შუქები… მხოლოდ ვერანდაზე ენთო ერთი ნათურა. მაგიდაზე ცარიელი ჩაის ჭიქები იდგა…
გამთენიისას ელი ძლიერმა ჭექა-ქუხილის ხმამ გააღვიძა. კოკისპირული წვიმა ისე უცბად წამოვიდა, რომ გაღებულ ფანჯარასთან, იატაკზე რამდენიმე წამში გუბე დააყენა.
ელიმ ფანჯარა მიხურა და თან მეთიუს სახლს გახედა. ისეთი ნისლი იყო, რომ ირგვლივ არაფერი ჩანდა, გარდა ყვითელი, მრგვალად მბჟუტავი სინათლისა. როგორც ჩანს, მეთიუს ვერანდაზე ისევ ენთო ნათურა.
ელი ისევ საწოლში შეწვა, თვალები დახუჭა და წვიმის ხმაურს ყური დაუგდო. მას ძალიან უყვარდა სახურავზე მოხვედრილი წვიმის წვეთების ხმა. იმ სიზმარზე დაიწყო ფიქრი, რომელიც ცოტა ხნის წინ ესიზმრებოდა:
ღამე იყო. ელი თეთრ, ძველებურ მანქანასთან იდგა და პირქუშ სასტუმროს უყურებდა. მანქანის ფარები ენთო, მაგრამ მძღოლი არსად ჩანდა. ელის ძალიან უსიამოვნო განცდა დაეუფლა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იყო. ელი სასტუმროსთან მიახლოებას ვერ ბედავდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს იქ რაღაც ბოროტება იყო ჩაბუდებული. თითქოს სასტუმროს ბნელი ფანჯრებიდან მას უთვალთვალებდნენ.
ელის გაუხარდა, რომ ქუხილის ხმამ გააღვიძა და ის კოშმარი აღარ გაგრძელდა. წვიმის ხმაურმა საგრძნობლად იმატა. თითქოს მის თავთან ვიღაცები იდგნენ და ჩაქუჩებს აბრახუნებდნენ…
- ელ, გძინავს?
ოთახის კარი ოდნავ გაიღო და მეგის შეშინებული სახე გამოჩნდა.
- არა!
- სეტყვაა! მოვალ რა შენთან…
- სეტყვა? – მოდი, მოდი, მშიშარა!
ელი საწოლში წამოჯდა და საბანი გადასწია, რომ მეგიც დაწოლილიყო.
- მეჯავრება სეტყვა!
თქვა მეგიმ და საბანი ყურებამდე გადაიფარა.
- რამდენი ხანია არ ყოფილა! ბოლოს სეტყვა როცა იყო, შენ პატარა იყავი, – ათი წლის. მე აივანზე გავედი და ჭიქაში მოვაგროვე…
- მახსოვს! თეთრი მრგვალი და მსხვილი ბურთები იყო… მერე შენ ერთი ცალი პირში ჩაიდე და წუწნა დაიწყე… გემრიელიაო, მითხარი.
- შენც გაჭამე და…
- საშინელი ანგინა დამმართე!
მეგის და ელის სიცილი აუტყდათ. ნაიადაში სეტყვა მართლა ძალიან დიდი ხანია, აღარ ყოფილა. ელი საწოლზე მუხლებით დადგა და შუბლით ფანჯრის მინას მიეყრდნო. ყველაფერი გადათეთრებული იყო.
- დღეს შენ ვერ წახვალ სამსახურში! ვის გაახსენდება ასეთ ამინდში ლუდი? არა მგონია, ვინმემ სახლიდან დღეს ცხვირი გამოყოს.
- ჯონი ისეთი გიჟია, სეტყვის კი არა, მგლის არ ეშინია.
ელი ისევ მეთიუს სახლს უყურებდა. ნისლი გაფანტულიყო. ვერანდაზე სინათლე აღარ ენთო. მაგიდიდანაც აელაგებინა ვიღაცას ჭიქები.
- სულ მინდოდა შენთვის მეკითხა, ელ… ის უცხოპლანეტელი მოგწონს?
- რა უცხოპლანეტელი? – თავი გამოიშტერა ელიმ.
- იცი, ვისზეც გეუბნები! – მეთიუს ვგულისხმობ… ხშირად დამინახიხარ ეზოდან ფანჯარასთან მდგარი… სულ მის სახლს უყურებ… აი, ახლაც!
- აქედან სხვას რას უნდა ვუყურო, მეგ? მეთიუს სახლისა და მდინარის მეტი არაფერი ჩანს!
- მომეწონა მაგისი ცოლი… ლამაზი გოგოა! მე მგონი, ინტერნეტით გამოიწერა…
- რას ჰქვია გამოიწერა? ნივთი ხომ არაა?
- აბა, რა უნდა ვიფიქრო? გარიგებით არავინ გაურიგებდა. ნათესავი მაგას არ ჰყავს და მეგობარი… ვერც იმას დავიჯერებ, რომ სოციალურ ქსელში ისეთი გახსნილი და ენაკვიმატია, რომ გოგო უნახავად დაითანხმა ცოლობაზე. უცნაურია ეს ყველაფერი… ძალიან უცნაური. ჰოდა, ვიფიქრე, რომ ალბათ რაღაც სპეციალურ საიტზე დარეგისტრირდა, ცოლებს და ქმრებს რომ ირჩევენ ხოლმე… და ალბათ იქიდან…
- არა მგონია! აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს…
- რა ამბავი? ნუ, თუ ის გოგონა ნიმფაა და ოქროს სავარცხელი მოპარა, მაშინ არ ვიცი. - გაეცინა მეგის.
- აღარ მეძინება! წავალ, ყავას ავადუღებ და აქ ამოვიტან!
- მართლა? რა კარგიაა! – მე ცოტა ჯინჯერი ჩამიყარე რაა!
- ნეტა რა მოგწონს მაგ ჯინჯერიან ყავაში, საზიზღრობაა…
ელიმ აბრეშუმის ხალათი მოიცვა და სამზარეულოში ჩავიდა. სანამ ყავა მოადუღა და ფინჯნებში დაასხა, სეტყვამაც გადაიღო. ელიმ კარი გამოაღო და ზღურბლთან დაყრილი სეტყვა მუჭით აიღო ხელში. ამჯერად არ იყო ისეთი მსხვილი, როგორიც ადრე… ხელი გაეყინა.
თავის ოთახში ლანგრით ხელში დაბრუნდა, მაგრამ მეგის ჩასძინებოდა. ლანგარი საწერ მაგიდაზე დადო და ფანჯარასთან მივიდა. აღარ წვიმდა. ელიმ ფანჯარა გამოაღო. სასიამოვნო სიგრილე შემოიჭრა ოთახში. ელი კარგა ხანს იდგა და ხარბად ისუნთქავდა ტყიდან წამოსულ სურნელს… მიწის, ბალახების, ყვავილების… – საოცარი სუნი იყო…
მერე ფანჯრის რაფას ზურგით მიეყრდნო. თან ყავას სვამდა და თავის მძინარე დას უყურებდა. ელი მეგიზე ექვსი წლით უფროსი იყო, მაგრამ ფაქტობრივად, დედასავით უვლიდა…
16 წლის იყო, როდესაც დედამ ოჯახი მიატოვა და სხვა მამაკაცთან ერთად სადღაც გაემგზავრა… სახსოვრად მხოლოდ წერილი დატოვა, სადაც ბოდიშს უხდიდა ყველას…
ეს ამბავი გოგონების მამამ ძალიან მძიმედ გადაიტანა. მათ სახლიდან საკმაოდ მოშორებით ფერმა და პატარა სახლი ჰქონდათ. უფრო სწორად, ქოხი, სადაც ჩარლი კვირაში ხუთ დღეს ატარებდა. შინ მხოლოდ ვიქენდებზე ბრუნდებოდა. შაბათობით ისინი ოჯახურ სადილს მართავდნენ, ხოლო კვირა დღეს ჩარლის პიკაპით მდინარეზე მიდიოდნენ სათევზაოდ და საპიკნიკოდ.
როდესაც ელის დედა ძალიან მოენატრებოდა ხოლმე, სკივრიდან მის ძველ კაბებს ამოიღებდა და იცვამდა. მეგიც ბაძავდა მას… თუმცა, ის უფრო თამაშობდა, ვიდრე დედის მონატრებას იკლავდა.
18 წლიდან ელიმ უკვე მუშაობა დაიწყო. თავიდან ნაჭრების მაღაზიაში, გამყიდველის დამხმარედ მუშაობდა, საკაბე ნაჭრებს ზომავდა და მაკრატლით ჭრიდა, მაგრამ ხელებზე ალერგია დაემართა და იძულებული გახდა, წამოსულიყო. შემდეგ ჯონისთან, ბარში დაიწყო მუშაობა და კარგა ხანს შემორჩა. ჯონი მას ყოველთვის კარგად ექცეოდა.
ელის ახსოვს, რომ პერიოდულად სოფია მათთან მოდიოდა ხოლმე. პატარა ელის ხშირად უთამაშია მის ვერანდაზე, ოღონდ მაშინ მეთიუ ჯერ კიდევ ბავშვთა სახლში იზრდებოდა. როდესაც პირველად დაინახა ელიმ სოფიას სახლში ახალგაზრდა, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი, ძალიან გაუკვირდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ სოფიას ნათესავები ძალიან შორს ცხოვრობდნენ და კავშირი, ფაქტობრივად, გაწყვეტილი ჰქონდათ.
ელის მეთიუს თვალთვალი ჩვეულებად ექცა. თავიდან ფანჯრიდან უყურებდა, როგორ ჩეხდა მეთიუ შეშას, წელზევით შიშველი… ელიმ რამდენჯერმე სცადა მასთან კონტაქტში შესვლა, როდესაც მეთი მდინარეზე იყო, მაგრამ ურთიერთობა მაინც ვერ ააწყო მასთან. მეთიუ მხოლოდ რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლებოდა ხოლმე და აგრძნობინებდა, რომ მისთვის უინტერესო იყო.
ელის რაღაცნაირად იზიდავდა ეს ბიჭი. თავისი ოთახიც იმიტომ მოიწყო მანსარდაზე, რომ ფანჯრიდან კარგად დაენახა სოფიას სახლი. მეთიუ თავისი გაკეთებული მშვილდ-ისრით ერთობოდა ხოლმე. საოცრად კარგად არტყამდა მიზანში. ხანდახან დანასაც ესროდა ხეს.
სოფიას გარდაცვალების მერე ელი უფრო მეტ შინაგან სიახლოვეს გრძნობდა მეთთან… იცოდა, რომ მეთიც მასავით მარტოსული იყო.
ერთ მშვენიერ დღეს საბოლოოდ გადაწყვიტა, მოულოდნელად დადგომოდა თავზე მეთიუს. დიდხანს ივარცხნიდა თავის ჟღალ თმას სარკის წინ… პერანგზე პირდაპირ პენუარი მოიცვა და ისე გაემართა მეზობელი სახლისაკენ…
გაგრძელება იქნება