სერიალ „ბოლო სეზონში“ მსახიობ დათო დვალიშვილის სამსახიობო ოსტატობამ არცერთი მაყურებელი არ დატოვა გულგრილი. ალბათ, ამიტომაც, სერიალის დასრულების შემდეგ მან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო.
დათო დვალიშვილი: მეგონა, რომ დავამთავრე ჯგუფთან მუშაობა, რომელიც ამ სერიალს იღებდა. შესაბამისი ანაზღაურებაც ავიღე და წამოვედი. უცებ მირეკავენ და მეუბნებიან: მანქანას ვათამაშებთ, გათამაშების წამყვანი დიმა ობოლაძეა და გვინდა, რომ თქვენ თანაწამყვანი იყოთ და თუ შეგიძლიათო?! უარს როგორ ვიტყოდი, კი ბატონო-მეთქი, დავთანხმდი. მივედი, დავდექით მე და დიმა. წინ დიდი დოლურა დგას და ვემზადებით ეთერისთვის. მოკლედ, მეცინება, რომ მახსენდება, როგორ „მაჭამეს“.
ეთერში ვართო, რომ თქვეს, წელში გავიმართე და დაიწყო დიმამ ლაპარაკი. დაიწყო და დაიწყო, აღარ ჩერდება. მე კიდევ ერთი სული მაქვს, მალე დაამთავროს – მეგობარი ღორს კლავდა და მწვადებზე ვიყავი დაპატიჟებული. მერე კომპანიის წარმომადგენელი გამოვიდა და მან დაიწყო საუბარი. მე ჩემთვის ვფიქრობ: ნეტავ, მწვადებს თუ მივუსწრებ-მეთქი. მერე ეს ყმაწვილი ამბობს, განსაკუთრებული მადლობა ბატონ დავითს ამ არაჩვეულებრივი როლისთვის და ჩვენი კომპანიისგან, მადლობის ნიშნად, მინდა, საჩუქრად გადავცე ახალთახალი ავტომობილიო. წარმოგიდგენიათ, ეს ჩემთვის როგორი შოკი იქნებოდა?! თუ ეს გადაცემა ნახეთ, იქ კარგად ჩანს ჩემი გაოცებული სახე. ასეთ რამეს ვერაფრით წარმოვიდგენდი.
ჩვენ საკმაოდ კარგი საქმიანი ურთიერთობა გვქონდა კარგი ხელშეკრულებით. დავმეგობრდით. მთელი გუნდი შესანიშნავი ადამიანებისგან შედგებოდა და მუშაობა რომ დავასრულეთ, წამოსვლისას გული ძალიან მწყდებოდა, მაგრამ ასეთია ჩვენი პროფესია. მერე უცებ ასეთი სიურპრიზი გამიკეთეს და არც კი ვიცი, რა ვთქვა, გარდა უღრმესი მადლობისა. მერე გავაცნობიერე, რომ ეს საჩუქარი, ალბათ, იმ ყველაფრის შედეგია, რაც კი ამდენი წლის განმავლობაში მიმუშავია. მგონი, არც არავისთვის მოუწყვიათ ასეთი სიურპრიზი. ძალიან მიხარია, ასეთი რამ რომ მოხდა. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი ჩემი მანქანის შეცვლაზე, მაგრამ არ ვიცოდი, რით შემეცვალა. უცებ ასეთი რამ მოხდა და ეს ნამდვილად ძალიან მოულოდნელი და კარგი სიურპრიზი აღმოჩნდა.
– თქვენს შემოქმედებაზე ვისაუბროთ – უკვე 55 წელია, სცენაზე დგახართ. როგორი იყო ეს წლები თქვენთვის?
– მთლად ამდენიც არაა, 54 წელია. ამ წლებმა და ამ საქმემ შექმნა დათო დვალიშვილი. ჩემს საქმეს პატიოსნად ვაკეთებ, ყოველგვარი ყალთაბანდობის გარეშე. ჩხუბისა და დამდურებების გარეშე მოვედი აქამდე. ის ვარ, ვინც ვარ.
– ბევრი მსახიობი ამბობს, რომ ბოლომდე რეალიზებულად არ გრძნობს თავს, მიაჩნია, რომ მეტი შეეძლო. სხვა პირიქით – ფიქრობს, რომ ბოლომდე გამოავლინა შესაძლებლობები. თქვენ როგორ ფიქრობთ?
– იცით, რა არის, არტისტი ძალიან ხარბია თავის ბუნებით. ყველა არტისტს უნდა ის, რაც შეიძლება, არც მოერგოს. ყველას უნდა ბევრი ითამაშოს, მაგრამ არსებობს შესაძლებლობები და მას ვერ გადაახტები. ის ზოგს მეტი აქვს, ზოგს – ნაკლები. ჩემს ცხოვრებაშიც იყო როლები, რომლებიც ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ ვითამაშე. ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი, ხან სხვა მიზეზი იყო, მაგრამ რას ვიზამთ.
ქართული გენი, სილამაზე და ნიჭი - მე-20 საუკუნის ქართული კინოს 10 გამორჩეული ვარსკვლავი
– საერთო ჯამში, შეძელით საკუთარი ნიჭის ბოლომდე გამოვლენა?
– ბოლომდე? არ ვიცი. ბოლომდე ამოწურვა ძნელია, მაგრამ ამას სიბერე აკეთებს. ასაკმა ამომწურა, ნელ-ნელა მაცლის ძალებს. შეიძლებოდა რაღაცები, თუმცა კიდევ შეიძლება. დღესაც ვმუშაობ ორ-სამ სპექტაკლზე თეატრში. ეკრანზეც არის პროექტები. დაცემით არ დავეცემი, არ დავუჩოქებ სიბერეს. შემართება არ მაკლია.
– კლინიკური სიკვდილი გამოგიცდიათ...
– კი, ასე მოხდა, მაგრამ არ ვიცი, რას დავუკავშირო. ჩვეულებრივად, პატარა სამფეხზე ჩამოვჯექი დასასვენებლად. არც მანამდე მტკენია რამე და არც მას შემდეგ. სოფელში ვიყავი, ჩემს მამულეთში. უცებ წავქცეულვარ. მერე რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ მახსოვს ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა, ვხედავდი ამ ყველაფერს. ვუყურებდი, როგორ გაიქცა მეზობლის ბავშვი ნემსის მოსატანად. ერთი სახლი გაიარა, მეორე, მესამე. ოთახში შევიდა, კამოდის უჯრები გამოაღო, ერთ-ერთიდან შპრიცი გამოიღო და უკან გამოიქცა. თითქოს მეც უკან მივყვებოდი. როგორც კი ნემსი გამიკეთეს, გონს მოვედი. სხვათა შორის, ახლახან „ფეისბუკზე“ ვნახე კადრები, თუ როგორ ამოვიდა სული ორგანიზმიდან. ალბათ, მეც ასეთი რამ დამემართა. ხანდახან მგონია, რომ ძილშიც ტოვებს ადამიანის სული სხეულს და სიზმარშიც ამიტომ დავფრინავთ. მე ფრენას ახლა დავანებე თავი, თორემ დიდხანს ვფრინავდი (იცინის). სხვათა შორის, ეს რომ მოხდა, თავიდან არ მიმიქცევია ყურადღება, უფრო მერე და მერე გავაანალიზე, რომ ის ვნახე, რაც ჩემი უგონოდ ყოფნის დროს მოხდა, რომ მე ამ ყველაფერს ზემოდან დავყურებდი. საერთოდ, ცხოვრება მოულოდნელობებითა და უცნაურობებით არის სავსე. ნელ-ნელა ირკვევა, რომ ადამიანებმა ბევრი რამ არ ვიცით. ხანდახან მეცნიერებაც ტყუილში ჩაკარგული მგონია.