თამარ წულუკიძემ თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტებში, გადასახლებაში მყოფმა შეძლო და თავისი თეატრი შექმნა, ისე, რომ სამსახიობო კარიერა არ ღირსებია მისგან ძალიან ბევრი დამოუკიდებელი მიზეზების – პირველ რიგში, მეუღლის, სანდრო ახმეტელის, შემდეგ 15 წლის ვაჟის გარდაცვალების გამო.
1911 წელს წულუკიძეების ოჯახი ბაქოში გადასახლდა. იმხანად აზერბაიჯანში ბევრი ქართველი ცხოვრობდა. იქაურმა ქართველებმა თავიანთი თეატრი შექმნეს, რომლის მუშაობაში აქტიურად ჩაება თამარ წულუკიძის დედა. ბაქოს ქართული დასი სერიოზული შემოქმედებითი კოლექტივი იყო. მის შემადგენლობაში ბევრი ქართველი მსახიობი ირიცხებოდა. ამ თეატრში საგასტროლოდ ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენი სცენის სასიქადულო ოსტატები. მომავალი მსახიობი კულისების ხშირი სტუმარი გახდა, დედა დაატარებდა რეპეტიციებზე, წარმოდგენებზე. გოგონას თვალწინ გადაეშალა თეატრის ზღაპრული სამყარო. ნიჭიერი ბავშვი ოცნებებმა, ფანტაზიამ გაიტაცა…
შემდეგ წულუკიძეების ოჯახი სამშობლოში დაბრუნდა. 1921 წლისთვის თამარმა უყოყმანოდ აირჩია თავისი გზა და ცნობილი რეჟისორის, აკაკი ფაღავას სტუდიის მოსწავლე გახდა.
თამარ წულუკიძეს ბედნიერი დღე გაუთენდა, როდესაც ის მიიწვიეს და თოჯინების პროფესიული თეატრის ჩამოყალიბება დაავალეს. მსახიობი გაიტაცა ამ წინადადებამ. ორი წელი ეს თეატრი აღაფრთოვანებდა და ახარებდა ბავშვებსა და უფროსებს სოფლებსა თუ დაბებში, კატლასიდან ვორკუტამდე. შემდეგ ჩამოაყალიბა საესტრადო ანსამბლი, რომელშიც მუშაობდნენ რუსი, პოლონელი, ლატვიელი მუსიკოსები და მომღერლები…
დადგა მომენტი, როდესაც დოდო ალექსიძემ თამარ წულუკიძეს შესთავაზა მარია ალექსანდროვნა ულიანოვის როლი პოპოვის პიესაში – „ოჯახი“, რომელიც მან რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე განახორციელა. ამრიგად, წულუკიძე დაუბრუნდა ქართულ თეატრს...
1959 წელს თამარ წულუკიძე თეატრიდან წავიდა და დასახლდა ბელორუსიაში, სადაც აქტიურად ჩაება პუბლიკის კულტურულ ცხოვრებაში. 1968 წელს ბელორუსულ ენაზე შეადგინა ქართველ მწერალთა მოთხრობების კრებული. ქართულ ენაზე თარგმნა ბელორუსი მწერლების ბევრი ნაწარმოები...
თუკი არ შედგა თამარ წულუკიძის ცხოვრება როგორც ქალის და როგორც მსახიობის, ეს ყველაფერი, შეიძლება ითქვას, სანდრო ახმეტელის ბედუკუღმართი ცხოვრების ბრალია, რაც მას ბოროტი საბჭოთა იმპერიის რეჟიმის არსებობისას ერგო. ეს არაჩვეულებრივი შესახედაობის, ნიჭის, აზროვნების, თეატრზე უზომოდ შეყვარებული კაცი მთლიანად, ოჯახიანად შთანთქა იმდროინდელმა სასტიკმა რეჟიმმა. სანდრო ახმეტელმა შეყვარებაც სხვანაირი იცოდა. რუსთაველის თეატრში მან გაიცნო ულამაზესი, მასზე 17 წლით უმცროსი მსახიობი, თამარ წულუკიძე. მას ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა დასჭირდა მასთან ერთად ყოფნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სანდრო ახმეტელს პირველ მეუღლესთან – ტასო როსტომაშვილთან იმ დროს უკვე ჰქონდა უთანხმოებები, მისი თამართან შეუღლების წინააღმდეგ წავიდნენ სანდროს უახლოესი მეგობრები, მაგრამ მან ასე სთხოვა – „მაჩუქეთ ეს ქალი“ და მის გადაწყვეტილებას ვეღარავინ ვერ შეეწინააღმდეგა. სამწუხაროდ, მათ ერთად ყოფნის ძალიან მცირე დრო ჰქონდათ დარჩენილი. სანდრო ახმეტელის დაპატიმრების შემდეგ, ზეწოლა მის მეუღლეზეც დაიწყო. თამარ წულუკიძე-ახმეტელს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წინასწარი გამოძიებისას მან მისცა ჩვენება, რომ 1934 წელს კონტრრევოლუციურ ტერორისტულ ორგანიზაციაში ქმარმა, ა.ვ.ახმეტელმა გადაიბირა და ის ხელოვნების ხაზით ეწეოდა ანტისაბჭოთა ძირგამომთხრელ საქმიანობას. სასამართლოზე თამარ წულუკიძე-ახმეტელმა არ დაადასტურა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები, განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ მიიჩნევს, მაგრამ არ იცის, რაში, და რომ წინასწარი გამოძიებისას მიცემული მისი ჩვენებები დამახინჯებულადაა დაფიქსირებული და ამიტომ არ ადასტურებს. ამ დროს სანდროსა და თამარის ერთადერთ ვაჟს, რომელსაც მოფერებით სანდის ეძახდნენ, სანდროს და, ეკატერინე და მისი მეუღლე გრიგოლ მუხაძე ზრდიდა. თამარ წულუკიძე ორი წლის განმავლობაში ერთადგილიან საკანში ჰყავდათ გამოკეტილი, სადაც მარტოობისგან რომ არ გაგიჟებულიყო, ხმამაღლა კითხულობდა ლექსებს. შემდეგ ტყეების მოჭრაზე და ქვების კარიერში ამუშავებდნენ. ბოლო წერტილამდე რომ მიიყვანეს, ლაზარეთში დააწვინეს და დაუდგინეს დიაგნოზი – ფილტვის დაჩრდილვა. მიუხედავად ამისა, ის იმდენად ღირსეულად იქცეოდა, რომ „თამარ დედოფალი“ შეარქვეს. ყველაზე მეტად პატარა სანდიზე დარდობდა და მუშაობა დაიწყო გადასახლებაში გახსნილ თოჯინების თეატრში, რის გამოც შვიდი თვით შეუმცირეს პატიმრობა. ის 1946 წელს გაათავისუფლეს და მაშინ ნახა ამდენი ხნის უნახავი და მონატრებული თავისი 15 წლის ვაჟი, რომელიც ჩაეხუტა და უთხრა – „რა კარგია, რომ ხმამაღლა შემიძლია დაგიძახო დედაო“.
თამარი სიკტივკარში გაემგზავრა, სადაც სამუშაო იშოვა. იქ ელოდა სანდის, რომელსაც გამოცდების ჩაბარების შემდეგ დედისთვის უნდა ჩაეკითხა. მას ბილეთიც კი ჰქონდა ნაყიდი, მაგრამ წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ტრამვაის შეახტა, რომელსაც ხელმოსაკიდი მოსძვრა. სანდი ახმეტელი ექიმების მოსვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. როდესაც თამარმა ეს ამბავი გაიგო, მას გარკვეული დროის განმავლობაში საერთოდ დაავიწყდა რუსული ენა და გამუდმებით ერთსა და იმავე რაღაცას ქართულად იმეორებდა. შვილის დაკრძალვაზე წასასვლელად ფული შეუგროვეს. ჩამოვიდა, მაგრამ უკვე სანდი წინა დღის დაკრძალული დახვდა. ამასობაში დაპატიმრებების ახალი ტალღა დაიწყო და თამარი კრასნოიარსკის მხარის დაბა აბანში აღმოჩნდა.
მან აქ გაიცნო მასავით ცხოვრებისგან დაჩაგრული ბელორუსი მწერალი, ალეს პალჩევსკი, რომელზეც მეუღლემ და საკუთარმა შვილმა უარი განაცხადეს. მათ ერთმანეთის თანადგომაში მონახეს ცხოვრების გაგრძელების აზრი და ძალა. ისინი უბედურებამ დააახლოვა. პირველად ალესმა თამარს ლეკვი ჯიმკა აჩუქა, შემდეგ კი შროშანების თაიგული მიართვა და უთხრა: „მე, უბრალო გლეხის კაცი, თქვენი ღირსი არა ვარ, მაგრამ ძლიერი ვარ და საკუთარი ცხოვრების ფასად დაგიცავთ ყველა უბედურებისგან“. თამარს დედამ გაუგზავნა ფული და მათ პატარა ქოხი იყიდეს. ალესი სკოლის დირექტორად მუშაობდა, თამარი – თოჯინების წრის ხელმძღვანელად. 1951 წელს კი, მთავრობამ ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვით, ყოფილი პოლიტიკური პატიმრების დასაქმება მხოლოდ ფიზიკურ სამუშაოებზე შეიძლებოდა და თამარი მეფრინველე გახდა, ალესი კი – დურგალი.
თამარ წულუკიძე გარდაიცვალა 1991 წელს. ის გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს შვილის, სანდროს (სანდის) გვერდით. თამარ წულუკიძის ტრაგიკული ცხოვრებიდან აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი: ერთხელ მეგობრისთვის უთქვამს, მძაგს ჩემი თავი, იმიტომ, რომ სანდის შემდეგ ცოცხალი ვარო. გადასახლებიდან ჩამოსვლის მერე, სანამ ახალ გადასახლებაში მოუწევდა ყოფნა, თამარ წულუკიძე დოდო ალექსიძესთან, „რუსთაველის თეატრში“ მიიწვიეს. ერთ-ერთ სპექტაკლში დედის როლს ასრულებდა, რომელიც შვილს, საშას ეძებს. თამარ წულუკიძე სცენაზე გამოვიდა და ხმამაღლა დაიძახა, საშა, სად ხარ, საშა!.. ეს ფრაზა არ იყო ტექსტში. სცენაზე თუ დარბაზში მყოფმა ადამიანებმა ცრემლი ვერ შეიკავეს, რადგან საშას სანდრო ახმეტელს ეძახდნენ. სპექტაკლის მერე, მსახიობს ფეხზე ამდგარი დარბაზი მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდა. სახლში მისულმა თამარმა კი თავის დღიურში ჩაწერა: „თუ სადმე ხარ, საშა, შენი უკვდავი სული თუ სადმე აქ არის, დაე, ამ საღამომ დაგიბრუნოს ნაწილი იმისა, რაც შენგან წაიღეს და წაგართვეს სიცოცხლესთან ერთად. გაქრა და ისტორიის ფურცლებზე გადაინაცვლა ჩვენმა სიყვარულმა...“ 1952 წელს ბერიას სთხოვს, რომ „ამ ცივ, შორეულ ქვეყანაში გადასახლებულმა, უთვისტომოდ და უსახლკაროდ, ჩემს თავს უფლება მივეცი, შეგაწუხოთ და უდიდესი მოწიწებით მოგმართოთ თხოვნით – სამშობლოში დამაბრუნოთ”. 1953 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, მას უარი ეთქვა.