რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ქორწილის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატარა, ლამაზი გოგონა თაიგულის დასაჭერად მიდის და მას ძმა აჩერებს. ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში ყველა აღნიშნავდა და-ძმის გამორჩეულ გარეგნობას, თუმცა კომენტარებში ხალხის ნაწილი წერდა, რომ გოგონას ძმა ჩაგრავდა, ზოგიც ბიჭს უწონებდა საქციელს... ლამაზი და-ძმა მარიამ და ირაკლი ვიბლიანებია.
- მეგი, ვიდეო სოციალურ ქსელში თქვენ გაავრცელეთ, ალბათ, არც ელოდით ასეთ გამოხმაურებას...
- ჩემი მამიდაშვილის ქორწილში ვიყავით. პატარძალს ძალიან ლამაზი თეთრი თაიგული ეჭირა და როდესაც უნდა ესროლა, ჩემს დას, მარიამს ვუთხარი, მიდი, რა, მარიამ, დაიჭირე და მომიტანე, არ მინდა, რომ გაპუტონ-მეთქი. თავიდან უარზე იყო, მერე ადგა, მაინც მივიდა. ირაკლიმ რომ დაინახა, თაიგულის დასაჭერად მიდიოდა, უთხრა, რა თაიგულიო. სწორედ ეს მომენტი ჩანს ვიდეოში. მარიამმა მე შემომხედა გაბრაზებულმა, რატომ გამიშვიო. ვიდეოს გამოქვეყნებამდე სვანური სიმღერა დავადე, რომელიც ასე ითარგმნება: "გათხოვება როცა გინდა და თვალები გაქვს დიდი, მაგრამ საქმეს რომ გეტყვიან, მაშინ ამბობ, რომ ბავშვი ხარ".
იქამდე მარიამსაც ვაჩვენე, დედასაც და ყველამ ბევრი ვიცინეთ. არ ველოდი, თუ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა, მსოფლიოს მასშტაბით გახდა პოპულარული. საერთოდ, ირაკლი ძალიან მოსიყვარულე ძმაა, განსაკუთრებით, მარიამისთვის. მე მათზე უფროსი ვარ და 11 წელია საქართველოდან წასული ვარ, ჩინეთში ვცხოვრობ. ესენი სულ ერთად არიან და გაგიჟებულები არიან ერთმანეთზე. კომენტარები რომ დაწერეს ირაკლიზე, მარიამი გაოცებული მეკითხებოდა, რატომ წერს ხალხი ამას, დაჩაგრული რატომ გამოვედიო. მე ხალხისაც მესმის, ნორმალური რეაქცია ჰქონდათ, ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა.
- მეგი, თქვენს ოჯახზე მოგვიყევით...
- ხუთი დედმამიშვილი ვართ, დედისა და მამის მხრიდან შვიდი თაობა სვანები. მე, ილია, ირაკლი, მარიამი და ნაბოლარა 10 წლის სესილი. ირაკლი სამჯერ იყო ჩინეთში ჩემთან ჩამოსული. ახლა ზაფხულში მარიამსაც წავიყვან, მინდა, რომ ჩინურ კოლეჯში შევიყვანო და ენა ისწავლოს.
- მეგი, დიდი ხანია რაც ჩინეთში ცხოვრობთ, თუმცა ახლა საქართველოში ხართ, იმიტომ, რომ მალე ბავშვს ელოდებით და აქ გაჩენა გადაწყვიტეთ...
- შვიდი წელია დაოჯახებული ვარ. ახლა პატარას ველოდები და დროებით ვარ საქართველოში. ძალიან ტრადიციული ოჯახი გვაქვს, მით უმეტეს, მამაც სვანი მყავს. როდესაც დაოჯახება გადავწყვიტე, საქართველოში ჩამოვედი და მამას ვკითხე. მითხრა, ვინც გინდა იმას უნდა გაჰყვე, მაგრამ კარგად გაიცანი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებო. გავყევი ჩინელს და მთელი ჩემი ოჯახი გიჟდება ჩემს ქმარზე, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.
- როდესაც ეს ვიდეო გავრცელდა, მეორე დღეს ირაკლის ფოტოები გამოაქვეყნეთ, სადაც ჩანს, რომ თითქოს სამოდელო სფეროშია...
- არა, უბრალოდ ჩინეთში ჩემთან იყო ჩამოსული და ქუჩაში ფოტოგრაფმა გააჩერა და ფოტოების გადაღება სთხოვა. მე ჩემი საკონტაქტო ნომერი მივეცი და ასე შემთხვევით მოხდა ყველაფერი. იკა 21 წლის არის. ზოგადად, ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ყველაზე ბედნიერი ჩვენს ოჯახში დედა იყო, უხაროდა, რომ ბევრი კომპლიმენტი მიიღეს მისმა შვილებმა. ვიდეოში ქალი რომ ჩანს, მარიამს ამშვიდებს, ყველას დედა ეგონა, მაგრამ ჩვენი ბიცოლაა.