ანა შემოსასვლელში იდგა და ხელში ვაშლის ღვეზელი ეჭირა. გრძელი ნაწნავი მხარზე გადმოეგდო და იღიმოდა.
- ცუდ დროს ხომ არ მოვედი?
- არა, პირიქით… სწორედ ახლა ვაპირებდით ყავის დალევას!
თქვა მეგიმ და ანას ღვეზელიანი თეფში გამოართვა.
- ჩემი ღვეზელი ყავას ძალიან უხდება!
- ღვეზელს დავჭრი და ყავასაც მე მოვადუღებ! თქვენ მანამდე მისაღებ ოთახში დასხედით…
- არ გინდათ ოფიციალურობა, რაა… მე ძალიან მიყვარს სამზარეულოში ყოფნა. ყველაზე მეტ დროს, მგონი, იქ ვატარებ!
თქვა ანამ და გაიცინა.
- მართლა? – ჩვენც სამზარეულოში გვიყვარს ყავის დალევა! მაშინ აქეთ წავიდეთ…
მეგიც გამხიარულდა. ღვეზელით ხელში სამზარეულოსაკენ გაიჭრა.
- რა მაგარია! თქვენი სამზარეულოს ფანჯრები ტყის მხარეს გადის… ვგიჟდები, ისე მიყვარს ტყე!
ელის მოეჩვენა, რომ ანა ფამილარულად და ზედმეტად თავისუფლად იქცეოდა. ელი უფრო გრძნობდა თავს სტუმარივით, ვიდრე ანა. სამზარეულოში თავისუფლად მიმოდიოდა და ყველაფერს ათვალიერებდა.
ბოლოს მაგიდასთან დაჯდა და ელის მიმართა, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე დამუნჯებულივით იყო:
- თქვენც ხომ მოხვალთ ხოლმე ჩვენთან? მე ძალიან მიყვარს, როცა ვინმე მოდის სტუმრად… ვერ ვიტან მარტოობას!
- მართლა? მე კიდევ პირიქით ვარ... მარტოობა მიყვარს!
- ელი საღამომდე ბარშია ხოლმე, შაბათ-კვირას კი მამა ჩამოდის… მე უფრო თავისუფალი ვარ მაგ მხრივ და სიამოვნებით გადმოვალ ხოლმე შენთან!
მეგი ეცადა, ელის უკმეხად ნათქვამი გამოესწორებინა.
- ძალიან კარგი!
გაიღიმა ანამ.
- მალე, ალბათ, ელიც წავა…
გააგრძელა მეგიმ, მაგრამ ელიმ მოასწრო და მაგიდის ქვეშ ფეხი გაჰკრა.
- წავა? სადმე მიდიხარ, ელი?
ანამ ცნობისმოყვარე მზერით გადახედა.
- დეიდა უნდა მოვინახულო! ვერ ყოფილა კარგად…
მეგიმ გაოცებული სახით გადახედა ელის. მათ არავითარი დეიდა არ ჰყავდათ. უცებ მიხვდა, რომ ელის არ სურდა ანასთან მდუმარე სასტუმროს ხსენება და ენას კბილი დააჭირა.
- სამწუხაროა…
- ანა, შაქარს რამდენს იყრი ხოლმე?
მეგიმ ყავის აპარატიდან ყავადანი გამოიღო, რომ ფინჯნებში ჩამოესხა.
- ერთნახევარი კოვზი ჩამიყარე!
- გემრიელი ღვეზელია...
- მადლობა, ელი! მიხარია, თუ მოგეწონა. თქვენ ამ სახლში მარტო ცხოვრობთ?
- ჩვენ და მამა! ოღონდ მამა მარტო შაბათ-კვირას მოდის ხოლმე…
- და არ გეშინიათ?
- რისი? ნაიადა ყველაზე მშვიდი ადგილია! აქ, ფაქტობრივად, ცუდი არაფერი ხდება… შენ საიდან ხარ, ანა?
მეგიმ ყავა ფინჯნებში დაასხა და თვითონაც მაგიდას მიუჯდა.
- ჩემი სახლი აქედან საკმაოდ შორსაა! კანადაში ვცხოვრობ!
- კანადაში?
გაიმეორა გაოცებულმა ელიმ.
- მერე აქ რომელმა ქარმა გადმოგაგდო?
ჩაეკითხა მეგი.
- გაინტერესებთ, მეთიუ როგორ გავიცანი, ხომ?
გაეცინა ანას და ყავას კოვზით დაუწყო მორევა.
- ეგეც გვაინტერესებს!
უთხრა მეგიმ და ღვეზელი გადაიღო.
- ეგ ყველას აინტერესებს… მოკლედ, დაახლოებით ერთი წლის წინ ექსპედიციაში ვიყავი… აქედან არც ისე შორს! ჩემი მეგობარი იყო რაღაც პროექტში და მათ გუნდს გავყევი. კარვებით ვიყავით. ერთხელაც ისინი მღვიმეების დასათვალიერებლად წავიდნენ. მე რაღაც ვერ ვგრძნობდი თავს კარგად, ამიტომ დავრჩი…
- მარტო დარჩი?
მეგი მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და სმენად გადაიქცა. ელისაც აინტერესებდა ანას მონათხრობი, მაგრამ ინდიფერენტულ გამომეტყველებას ინარჩუნებდა.
- მარტო დავრჩი! ძალიან დაიგვიანეს… დაახლოებით ვიცოდი, საითაც წავიდნენ და მეც იქით გავემართე… გზაში მაინც შემხვდებიან-მეთქი… ჰოდა, დავიკარგე. ძალიან ბევრი ვიარე. მერე მდინარის ხმა მომესმა და იმ ხმის მიმართულებით წავედი… ნაიადას მდინარეს მივადექი და ქვემოთ ჩავუყევი. ბევრი ვიარე. როგორც იქნა, სულიერსაც მოვკარი თვალი…
- მეთი?
ჩაეკითხა ელი და გული მოეწურა.
- კი, მეთიუ იყო! მდინარის მეორე ნაპირზე იდგა! ვკითხე, სად ვარ-მეთქი, მაგრამ ვერ გავაგონე… ჩანჩქერთან მოვხვდით და წყლის ხმაურში არაფერი ისმოდა. თვითონაც მიყვიროდა რაღაცას. ბოლოს ჟესტების ენით მივახვედრე, რომ დავიკარგე…
- ვაიმე… რა მაგარიაა! როგორ მიყვარს ასეთი ისტორიების მოსმენაა!
წამოიძახა მეგიმ აღფრთოვანებული სახით.
- მერე ორივემ გზა გავაგრძელეთ… მდინარეს ისევ ქვევით მივუყვებოდით… დროდადრო შევისვენებდით ხოლმე და გადაძახილ-გადმოძახილით ველაპარაკებოდით ერთმანეთს… ძალიან სასაცილო სანახავები ვიყავით…
- ეგ როდის იყო, ანა? შეგიძლია ზუსტად მითხრა?
ჰკითხა ელიმ.
- როგორ არა! შარშან, სექტემბრის ბოლოს…
- " მაშინ, როცა სადღაც გაემგზავრა ზურგჩანთით" – გაიფიქრა ელიმ და სიმწრისაგან ჭიქას ისე მაგრად მოუჭირა ხელი, კინაღამ დაფშვნა. ელის მეთიუსთვის თავი რომ არ აერიდებინა, ის არსად არ წავიდოდა და შესაბამისად, ვერც ანას შეხვდებოდა… ესე იგი, გამოდის, რომ მათ შეხვედრაში თვითონაა დამნაშავე…
- მერე, მერე?
მეგი ინტერესში ჩავარდნილიყო.
- როგორც იქნა, "ბეწვის ხიდამდე" მივაღწიეთ. მეთი თავისი მხრიდან წამოვიდა, მე ჩემი მხრიდან და ზუსტად ხიდის შუაში შევხვდით ერთმანეთს…
- კი მაგრამ… ის ერთი წელი სად იყავი?
- მეთიუ დამეხმარა ჩემების მოძებნაში. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და საკონტაქტო ინფორმაცია გავცვალეთ. მერე, გარკვეული პერიოდი რატომღაც არ შევხმიანებივართ ერთმანეთს… ერთხელ შემთხვევით მისი ელექტრონული ფოსტის მისამართი ვიპოვე და მივწერე. რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტერნეტით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ბევრი საერთო ინტერესი აღმოვაჩინეთ და…
ანამ გაიღიმა, ყავა მოსვა და ისევ განაგრძო.
- მეთი ძალიან კარგი ადამიანია! მიუხედავად იმისა, რომ უცნაურია და ისეთი რაღაცები აინტერესებს, რასაც ბევრი ვერ გაიგებს… მე სწორედ ეს მომეწონა მასში… რომ არავის არ ჰგავს!
ელიმ მეტი ვეღარ გაძლო და საპირფარეშო მოიმიზეზა, რომ ცოტა ხნით გარიდებოდა სიტუაციას.
აბაზანაში შეიკეტა და სარკეში დიდხანს უყურებდა საკუთარ ანარეკლს. ის ახლა იმ სიძულვილის მარცვალს ებრძოდა, რომელიც მის გულში გაჩნდა. ასეთი რამ პირველად განიცადა ელიმ და ძალიან შეეშინდა! შეეშინდა, რომ იმად არ გადაქცეულიყო, რაც ყველაზე მეტად სძულდა! მას სძულდა შურიანი და ბოროტი ადამიანები. ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლება სძულდეთ ადამიანებს ერთმანეთი…
"იქნებ ეს განსაცდელია, რომელიც ღმერთმა მომივლინა გამოსაცდელად?"..
გაიფიქრა ელიმ. რაც უნდა იყოს, ძლიერი უნდა ვიყო! მე ამ ყველაფერს გადავლახავ!
- მტკიცედ უთხრა თავის გამოსახულებას სარკეში და წელში გაიმართა. ხელი შემთხვევით ნიჟარის გვერდით მდგარ ჭიქას გაჰკრა და წააქცია. ჭიქაში ბროწეულის წვენი იყო. ეტყობა, მეგიმ შემოიტანა, როდესაც აბაზანას იღებდა. მას ძალიან უყვარდა აბაზანაში ნებივრობის დროს წვენის წრუპვა.
ბროწეულის წვენი ელის ორივე ხელზე გადაესხა და ნიჟარა სულ გააწითლა. რამდენიმე წვეთი სარკესაც მოხვდა. ელიმ ჯერ ხელებზე დაიხედა, მერე სარკეს შეხედა და უნებლიეთ აღმოხდა სიტყვები:
- სისხლიანი მერი…
სასწრაფოდ მოასუფთავა იქაურობა და სამზარეულოში დაბრუნდა.
- რამდენჯერ უნდა გითხრა, მეგ… აბაზანაში ნუ შეგაქვს ჭიქები… წაიქცა და ბროწეულის წვენი ზედ გადამევლო!
- ვაი… გამოტანა დამავიწყდა! ვერ დავლიე, ძალიან მჟავე იყო… მაპატიე, ელ…
შეწუხებული მეგი ფეხზე წამოხტა და ელის ჩაის ტილო მიაწოდა.
- კარგი, არა უშავს… ავალ, გამოვიცვლი…
- მე უკვე მივდიოდი... ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა და როგორც კი მოგზაურობიდან დავბრუნდებით მე და მეთიუ, აუცილებლად გვესტუმრეთ!
ანა მხიარული სახით წამოდგა და კარისაკენ გაემართა.
- პირობას გაძლევ! მე გაგაცილებ...
უკან აედევნა მეგი. ელიმ მხოლოდ კარებამდე მიაცილა და მალევე შემობრუნდა უკან. ცოტა ხანში მეგიც დაბრუნდა. სწრაფად აირბინა კიბის საფეხურები და ელის ოთახში შევიდა.
- ძალიან საყვარელია, არა? მხიარული და კონტაქტური… მეთიუსაგან რადიკალურად განსხვავდება! ნეტა ბედნიერები იქნებიან ერთად? როგორ ფიქრობ?
- მე რა ვიცი…
უხალისოდ ჩაილაპარაკა ელიმ და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა.
- რა დაგემართა შენ? ანას მოსვლის წუთიდან ხასიათი გაგიფუჭდა! მე ვერ მომატყუებ! ამიტომ კეთილი ინებე და მითხარი, რა ხდება შენს თავში! როდის იყო, ერთმანეთს რამეს ვუმალავდით და საიდუმლოებები გვქონდა?
მეგი ნაწყენი სახით ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და პატარა, გაბუტული ბავშვივით გამობურცა ტუჩები.
- ჩემი თავი მაკვირვებს… მეგონა, აღარ მაინტერესებდა მეთი… მეგონა, ჩემი გატაცება თუ არ ვიცი, რა დავარქვა… წარსულში დარჩა! მაგრამ, თურმე, მხოლოდ მეგონა…
- ასეც ვიცოდი!
წამოიძახა მეგიმ და ელის მიუახლოვდა.
- გიყვარს?
- საქმე იმაშია, რომ არ ვიცი… არ ვიცი, მიყვარს, მომწონს თუ რაღაც პათოლოგიური გრძნობა მაქვს… ფაქტია, რომ არანორმალურად მიზიდავს… ახლა ათასჯერ უფრო მეტად, ვიდრე ადრე და არ ვიცი, რა გავაკეთო… უფრო სწორად, ვიცი, რაც არ უნდა გავაკეთო, მაგრამ ვერ ვაკეთებ… ვიცი, რომ არ უნდა ვიფიქრო მასზე, მაგრამ თავს ვერ ვერევი…
- მდუმარე სასტუმროც…
- ჰო… მეთიუს გამო გადავწყვიტე! ახლა აღარ ვიცი…
- ელ, არ ღირს იქ წასვლა, დამიჯერე! რისთვის უნდა წახვიდე? რომ იმათი ბედნიერების ყურებით დაიტანჯო? თანაც, არა მგონია, ეს სიყვარული იყოს! უფრო, ალბათ, ეგოიზმია...
- სააბაზანოში რომ ბროწეულის წვენი გადამესხა… თითქოს ნიშანივით იყო… სისხლიანი მერი, ლეგენდის მიხედვით, ხომ სააბაზანოში ჩნდება…
- ნუ გადავარდები მისტიკაში! სისხლიანი მერი არა, ისა კიდე… აი, სწორედ ამიტომ არ უნდა წახვიდე იქ! ხომ ხედავ, უკვე რანაირი აზრები მოგდის თავში?
- მართალი ხარ…
- მაგას ჯობია, მართლა დასასვენებლად წახვიდე სადმე! დაისვენო…
- მაგალითად?
- თუნდაც მამას გაჰყვე ფერმაში… ერთი კვირით! ლამაზი ბუნებაა იქ და განიტვირთები, დაისვენებ!
- ლამაზი ბუნება აქაც არის…
- სამაგიეროდ, მეთიუ არ არის იქ…
ელის მეგის ნათქვამზე გაეცინა.
- ეგრე რა! მიყვარს, როცა იცინი! - გრილზე შემწვარი ხორცი… – აბა, როგორ ჟღერს?
- გემრიელად! – არაჩვეულებრივი იდეაა! ტკბილს რომ შევჭამ, ყოველთვის მშივდება...
- ჩავალ, ცეცხლს ავანთებ. შენ მანამდე გამოიცვალე!
ელიმ ტანსაცმელი გამოიცვალა და ის იყო, ქვემოთ უნდა ჩასულიყო, რომ მანქანის ხმა შემოესმა. ფანჯრიდან გადაიხედა და პიკაპი დაინახა, რომელიც მათ სახლს უახლოვდებოდა.
- მამა?..
გაკვირვებით წამოიძახა ელიმ და კიბეზე დაეშვა.
გაგრძელება იქნება