ცნობილი მოდელი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინფლუენსერი მარიამ გველესიანი 2022 წლის სექტემბერში ფეხბურთელ გიორგი პაპავაზე დაოჯახდა და ქორწილის მეორე დღეს საცხოვრებლად უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გადავიდა, სადაც მისი მეუღლე აგრძელებს სპორტულ კარიერას.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი ტკივილი ასეთი ძლიერი თუ შეიძლება ყოფილიყო... არც ამ ვიდეოში და ვერც ტექსტში გადმოვცემ რა გავიარე ამ 2 თვეში, რომელიც ჩემთვის 2 წელს უდრიდა. 1 დიდი და სრული ნაბიჯი უკვე გადავდგი, ჯერ არაფერი დასრულებულა, კიდევ 1 თვე დამრჩა, ფინალთან ძალიან ახლოს ვარ. დავიღალე… სული დამეღალა, მაგრამ არ მაქვს დანებების უფლება, ამ ჩემთვის გაჭედილ დროში იმდენი ვიბრძოლე საკუთარ თავთან! ეს მხოლოდ მე ვიცი და სხვა არავინ, მაგრამ ნამდვილად ღირდა, რადგან მგონი გამომდის რაზეც ყოველ ღამე ვლოცულობ...“ - წერს მარიამი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ბოლო პოსტზე...
- მარიამ, ტრავმის გამო, ახლა საქართველოში ხართ და რეაბილიტაციას გადიხართ, როგორ გრძნობთ თავს, როდის ბრუნდებით უზბეკეთში მეუღლესთან?
- კოჭის, წვივის და ტერფის მოტეხილობა მივიღე და ამ მიზეზით მოვხვდი საავადმყოფოში. ოპერაცია დამჭირდა, ამ თემაზე არ მინდა დეტალურად საუბარი, ახლა ბევრად უკეთ ვარ, რეაბილიტაცია გრძელდება, დაახლოებით ერთ თვეში სრულად გავივლი.
კადრები ულამაზესი მოდელის, მარიამ გველესიანისა და ფეხბურთელი გიორგი პაპავას შთამბეჭდავი ქორწილიდან
- ერთ-ერთი პირველი ქართველი ინფლუენსერი ხართ, როგორ დაიწყო სოციალურ ქსელში თქვენი აქტიურობა, რამაც 230 ათას გამომწერამდე მიგიყვანათ?
- თავიდან ყველაფერი ბუნებრივად დაიწყო, თითქოს არაფერს განსაკუთრებულად არ ვაკეთებდი. ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობიდან ამბებს ვტვირთავდი სოციალურ ქსელში. მალე ამ ყველაფერმა გამომწერების ყურადღება მიიქცია და რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდი რომ ამას სერიოზული სახე მიეცა. ერთი დღეს „სთორის“ ან პოსტს თუ არ დავდებდი, ხალხი უკვე პირადში მწერდა და მომიკითხავდნენ ხოლმე. შემდეგ დავიწყე უკვე კონტენტის გადაღება, მაგრამ დღემდე ჩემ ხაზს არ ვკარგავ, ხშირად ვაქვეყენებ ჩემს ყოველდღიურობაზე, ვწერ დღის გეგმებს, რას ვაკეთებ იმის შესახებ. რაც არ უნდა გაპრანჭული ფოტო დავდო ფოტოსესიიდან, ჩემი "ინსტაგრამის" სთორებში მაინც ყოველდღიურობაა.
- როდის მიხვდით, რომ ცხოვრება საჯარო გახდა...
- ამას ცოტა გვიან მივხვდი და მაშინ გავაანალიზე, როცა რაღაცებზე დაგვიანებული რეაქციები მქონდა. ხალხი პირადში მწერდა, მოითხოვდა ხოლმე ჩემს რეაქციებს სხვადასხვა თემებზე. ახლაც ყოველთვის ისე ხდება, რომ უფრო მეტს მოითხოვენ ჩვენგან, ვიდრე თავად აკეთებენ.
- ახლა მახსენდება, ქვეყანაში ტრაგიკული დღეების ან პოლიტიკური პროცეების დროს როგორ აკრიტიკებდნენ "ინფლუენსერებს", რომლებიც არ ეხმაურებოდნენ მიმდინარე მოვლენებს და ამ დროს სენდვიჩს არეკლამებდნენ...
- ჩემს მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არ ყოფილა. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი მხრიდან თუ შედეგს გამოიღებს, გავაკეთო კომენტარი. არ მახსენდბა, რომ რამეზე არ მქონოდეს რეაქცია. ერთხელ მახსოვს, უზბეკეთში რომ ვცხოვრობდი იმ პერიოდში ქართულ არხებს საერთოდ არ ვადევნებდი თვალს. მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელშიც არ ვიყავი შესული და საღამოს ინტაგრამზე რომ შევედი, უამრავი ადამიანი მწერდა, რატომ არ გავაკეთე კომენტარი, თუ არ ვცდები, დაკარგულ ბავშვს ეძებდნენ.
- თქვენი, "ინფლუენსერების" ცხოვრება გარედან ძალიან ლამაზი ჩანს, თითქოს ყველაფერი უფასოდ გაქვთ, კომპანიები გიგზავნიან საჩუქრებს...
- ამ უფასოს მიღმა "ინფლუსენსერები" ძალიან ბევრს შრომობენ. თუ ვიღაც მიდის სამსახურში მუშაობს და ამაში იღებს ანაზღაურებას, ჩვენი ცხოვრება ასეა, შეიძლება აიღო ანაზრაურება ან დათანხმდე ბარტერს. ეს ჩვეულებრივი სამსახურია და არ ვიცი, რა არის ამაში გამაღიზიანებელი, ამ უფასოს მიღმა შრომა დევს.
- ქართული ბაზარი რამდენად კეთილია, თუ გყოლიათ განაწყენებული მოხმარებლები...
- არასოდეს მქონია ისეთ კომპანიებთაბ შეხება, შემდეგ უკმაყოფილო რომ დარჩენილიყო. მაქსიმალურად ვცდილობ დავაკმაყოფილო მათი მოთხოვნები, ეს ჩემს ინტერესებში შედის და მომავალშიც ვითანამშრომლებ.
- საჯარო იყო თქვენი პირადი ცხოვრება, შეყვარებულობის პერიოდი, ხელის თხოვნა, დაოჯახება. დღეს როგორ ცხოვრობთ, როგორი ფეხბურთელის ცოლობა?
- საკმაოდ რთულია, რადგან გვიწევს ძირითადად დისტანციაზე ყოფნა, თან ამ პერიოდში ტრავმა მაქვს მიღებული და უზბეკეთში ვერ ჩავდივარ. გიორგი იქ ცხოვრობს და თამაშობს. თუ ბოლომდე არ გავიარე რეაბილიტაცია ისე ვერ ჩავალ, თან ვიცი, რომ აქ კარგი ექიმები გვყავს და რეაბილიტოლოგები. ისე აღმოჩნდა, რომ ჩემი ოპერაციიდან ერთ კვირაში მოუწია წასვლა. მას შემდეგ არ მინახავს, თვითონაც ვერ შეძლო ჩამოსვლა. შეყვარებულობის პერიოდშიც ხშირად გვიწევდა შორ მანძილზე ყოფნა, ერთად როცა ვართ დღის მანძილზე ვარჯიშზეა, საღამოს დაღლილი მოდის, დასვენება სჭირდება, ნამდვილად არ არის მარტივი. თავისი გრაფიკი აქვს, ცხოვრების რიტმი და სტილი, უნდა აუწყო ფეხი სხვანაირად არ გამოვა. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველაფერი დავუთმო, რაც ჩემზეა დამოკიდებული.