მოდელი და უკვე ყოფილი ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2"-დან წამოვიდა, რითაც ბევრ ადამიანს დასწყვიტა გული. რასაკვირველია, ჩვენ ამ თემით დავინტერესდით და სანამ მანიკას ხასიათის შტრიხებს გამოვკვეთდით, მანამდე ამის შესახებაც ვკითხეთ.
- რატომ წამოხვედი "რუსთავი 2"-იდან? ვიცი, რომ ძალიან გიყვარს ტელევიზია...
- ტაიმ-აუტი ავიღე. დილით ადრე გაღვიძებამ ჩემს ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა და პატარა პრობლემები შემიქმნა, ამიტომ ამ ეტაპზე გადავწყვიტე წამოვსულიყავი, დამესვენა და ჯანმრთელობისთვის მიმეხედა.
მართალია, ძალიან მენატრება ჩემი ყოფილი თანამშრომლები, ტელევიზია, მაგრამ ასე იყო საჭირო. ახლა რომ წამოვედი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ დავკარგავ, არაა გამორიცხული, დავბრუნდე ტელევიზიაში, თუნდაც სხვა ადგილზე.
- შენ მაგივრად ნანუკა გოგიჩაიშვილი მიიღეს, თუ უყურებ და თუ მოგწონს მისი წაყვანილი ამინდი?
- რომ გითხრა, ხშირად ვუყურებ-მეთქი, ტყუილი იქნება, რადგან სწორედ იმიტომ წამოვედი, რომ დამესვენა და დილით ადრე არ გამეღვიძა, მიუხედავად ამისა, ნანახი მაქვს ნანუკას მიერ წაყვანილი ამინდის პროგნოზი და ძალიან მომწონს. ვგიჟდები მასზე, არაჩვეულებრივი ადამიანია და გამიხარდა, რომ ღირსეულმა შემცვალა.
- სანამ მე ჩაგეკითხები შენს ხასიათის შტრიხებზე, თვითონ დაახასიათე საკუთარი თავი...
- ვარ ძალიან მხიარული, პატარაობიდან დამცინოდნენ, სულ გაღიმებული როგორ უნდა იყოო და ამის გამო კრეჭიასაც კი მეძახდნენ, იშვიათად თუ მნახავთ ცუდ ხასითზე.
გარდა ამისა, ძალიან მეგობრული და უკონფლიქტო გახლავართ, არ მახსენდება შემთხვევა, რომ ვინმესთან უთანხმოება მომსვლოდეს, ასევე მიმნდობი ვარ. ყველაფერ ამასთან ერთად კი ჯიუტიც.
- და ამას ებრძვი?
- ვერ ვიტყვი, ვებრძვი-მეთქი, მაგრამ ზოგ რაღაცაში ხელს მიშლის, ზოგჯერ კი პირიქით, მომწონს ეს თვისება, ამიტომ ვცდილობ, ამ მხრივ თავი ვაკონტროლო.
- თქვი, მიმნდობი ვარო, ამის გამო იმედგაცრუება თუ გქონია?
- სერიოზული და ძალიან არასასიამოვნო იმედგაცრუება არ მქონია, მაგრამ მქონია სიტუაცია, როცა მგონებია, რომ ადამიანს ჩემთვის კარგი უნდა, არადა, ასე არ ყოფილა. მსგავსი შემთხვევა ალბათ ყველას ცხოვრებაში ყოფილა და შემდეგ ამით ვსწავლობთ ჭკუას.
- საკუთარ შეცდომებზე სწავლობ თუ სხვისაზე?
- სხვის შეცდომებზე მგონი, ვერავინ სწავლობს, თუ უფროსები რაღაცას გირჩევენ, ითვალისწინებ, მაგრამ სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი და იმედგაცრუებას თუ სხვა რამეს არ იგრძნობ, მანამდე კარგად ვერ მიხვდები, რას გეუბნებოდნენ.
შეიძლება, ვიღაცის რჩევამ დამაფიქროს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვითავისებ, სანამ არ შემხვდება დაბრკოლება და მისი გადალახვა არ მომიწევს.
- რა მიგაჩნია შენი ცხოვრების მთავარ შეცდომად, რას ნანობ?
- (ფიქრობს) ასეთს ვერაფერს ვიხსენებ, არაფერს არ ვნანობ, შეიძლება, პატარა ვარ და სანანებელი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მომავალში ამისგან დაზღვეული არ ვარ. ყოველ შემთხვევაში ახლა ვერაფერს ვიხსენებ, შეიძლება რამე გავაკეთე და იმ მომენტში ვინანე, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი არ ყოფილა, რომ დამმახსოვრებოდა.
ჩემი ცხოვრებიდან არაფერს შევცვლიდი, ყოველი ეტაპი განსხვავებული იყო და თითოეული მათგანი ძალიან მომწონს.
- აღნიშნე, უკონფლიქტო ვარო, მიუხედავად ამისა, გვითხარი, რას გამოჰყავხარ მდგომარეობიდან?
- პირფერობასა და ტყუილს. მე არც ერთი მიყვარს, არც მეორე, ამიტომ ყველასგან ვითხოვ, არ მომატყუონ და პირში მითხრან სიმართლე, თუნდაც ეს მწარე იყოს.
- გეტყობა, პირდაპირობით გამოირჩევი?
- მირჩევნია, პირდაპირ ვუთხრა ადამიანს სათქმელი, რამდენადაც მწარე უნდა იყოს ის და როგორი შედეგიც უნდა მოჰყვეს.
- მეგობარი დაგიკარგავს?
- საბედნიეროდ, მეგობარი არასდროს დამიკარგავს, ბავშვობიდან ვისთანაც ვმეგობრობდი და ვისაც ნამდვილ მეგობარს ვუწოდებდი, დღემდე მაქვს მათთან ურთიერთობა.
- შეგიძლია, მეგობარს მაშინაც კი მოუსმინო, როცა თავად პრობლემა გაქვს?
- კი, აბა რა. მეგობარს მაშინ უნდა დაეხმარო, როცა სჭირდები, ხასიათის მიხედვით მეგობრობა არ გამიგია. რასაკვირველია, ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია, გვერდში ამოვუდგე მეგობარს, დავამშვიდო და ვანუგეშო.
- ადამიანის გაცნობისას პირველ შთაბეჭდილებას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შენთვის?
- პირველი შთაბეჭდილება გარეგნობიდან იკვეთება, ჩემთვის კი გარეგნობა მეორეხარისხოვანია, შესაბამისად, ადამიანს ერთი ნახვით კი არა, კარგად გაცნობის მერე ვაფასებ, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა სიტუაციაში გამოჩნდება, როგორია ის ჩემთვის.
- მტირალა თუ ხარ? გულჩვილობით გამოირჩევი?
- პატარაობაში ძალიან გულჩვილი გახლდით, ფილმებზეც კი მეტირებოდა, მაგრამ ახლა ასე არ ვარ. ვფიქრობ, რომ ძლიერი ვარ, მაგრამ ტირილიც მჩვევია და ეს სულაც არაა სისუსტის ნიშანი.
- თუ გახსოვს, ბოლოს რის გამო იტირე?
- (ფიქრობს) იტალიაში ვიყავი ბექას გარეშე ერთი კვირით, ქმარი ძალიან მომენატრა და ამიტომ ვიტირე.
- რატომ წახვედი მის გარეშე იტალიაში?
- თამაშები ჰქონდა და ვერ მოახერხა წამოსვლა, მე კი სამოდელო ჯგუფთან ერთად ჩვენებაზე გავემგზავრე და ამიტომ მოგვიხდა ცალ-ცალკე ყოფნა.
- დაასახელე რამდენიმე ადამიანი, ვის გარეშეც ვერ იცოცხლებდი...
- ბექა, რომელიც ჩემი ნაწილი და მეორე ნახევარზე უფრო მეტია, ჩემი ოჯახი და უახლოესი მეგობრები.
- და სამი ნივთი, რის გარეშეც გაგიჭირდებოდა ცხოვრება..
- მობილური, რომელიც მუდამ თან მაქვს, რამდენჯერმე სახლში დამრჩა და მეგონა, თავი დავტოვე. ასევე ძალიან მიყვარს საყურე, რომც არ მეკეთოს, ჩანთაში მაინც მიდევს და მუდამ ჩემი თანამგზავრია და ასეთივეა ტუში. ახლა ეს ნივთები გამახსენდა (იღიმება)
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"