ანა ჟღალი ფერის თმამ ძალიან შეცვალა. მოუხდა კიდეც და თითქოს, რაღაცით ელისაც დაემსგავსა... წესით, ადვილი დასაჯერებელი უნდა ყოფილიყო უცხოსთვის ის ტყუილი, რის თქმასაც ისინი აპირებდნენ.
ასეთ ვარცხნილობაში ანა უფრო ჰგავდა ელის დას, ვიდრე მეგი.
თუ სასტუმროში ორივეს აიყვანდნენ, საჭირო ნივთების წამოსაღებად უკან რომ აღარ დაბრუნებულიყვნენ, ყველაფერი წინასწარ ჩაალაგეს.
გზაში ანა ელის სასტუმროს ამბებს უყვებოდა. მიახლოებით აღუწერა იქაურობა, რომ ელის გარკვეული წარმოდგენა ჰქონოდა. ანამ ყველაფერი უამბო, რაც მისი და მეთის იქ ყოფნის პერიოდში გაიგო.
თურმე, სასტუმროს ძალიან ბევრი საიდუმლო გასასვლელი ჰქონია, თვითონ შენობა კი ძალიან ძველი და ისტორიული ყოფილა. შენობამ პატრონი რამდენჯერმე გამოიცვალა. ბოლოს საფუძვლიანად გაარემონტეს და უცნაური სასტუმრო გააკეთეს.
როგორც ჩანს, სასტუმროს მფლობელს დიდად არ სურდა თავისი ვინაობის გამხელა. ან შეიძლება ესეც ერთგვარი ინტრიგა იყო, რათა "მდუმარე სასტუმროს" მიმართ ინტერესი უფრო გაზრდილიყო.
***
"მდუმარე სასტუმრო" ტყის სიღრმეში იყო შემალული. გალავანი მიწაში ჩასობილი უამრავი შუბისა და სარისაგან გაეკეთებინათ, რომლებზეც ადამიანისა და სხვადასხვა ცხოველის თავის ქალები იყო ჩამოცმული. თავის ქალები, რა თქმა უნდა, იმიტაცია იყო, მაგრამ შესახედად საკმაოდ შემზარავად გამოიყურებოდა…
სასტუმროს ეზოში საფლავის ძველისძველი, ხავსმოკიდებული ქვები იყო, სანახევროდ მიწაში ჩაფლული. ეს საფლავებიც დეკორაციას წარმოადგენდა. ეზოს შუაგულში დამშრალი და დაჭაობებული შადრევანი იყო, ცენტრში გრაფ დრაკულას ქანდაკებით, რომელსაც მარჯვენა მკლავზე ქალი ჰყავდა გადაწვენილი და ყელიდან სისხლს სწოვდა.
ქალის ფიგურას მთელი სხეული მოდუნებული ჰქონდა. ნაკბენი ადგილიდან წვრილ ზოლად გადმოდიოდა წყალი და ჩამოვარდნილ მკლავზე მიედინებოდა.
კიდევ კარგი, რომ დღე იყო, თორემ ელის, ალბათ, შიშისაგან გული გაუსკდებოდა.
სასტუმროს უკანა ეზოც ჰქონდა, სადაც ძველი აკლდამა იყო. აკლდამა დალუქული იყო და ეკლიანი მცენარის ტოტებს თითქმის მთლიანად დაეფარათ შესასვლელი კარი.
ელი და ანა ისეთ დროს მივიდნენ, როდესაც სასტუმროში "მკვდარი საათი" იყო გამოცხადებული. ყოველდღე, სადილის შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში, სასტუმრო გარედან იკეტებოდა და არავის ჰქონდა თავისი ნომრიდან გამოსვლის უფლება.
სწორედ ამიტომ იყო სამარისებური სიჩუმე, რაც ირეალურობის განცდას უფრო უმძაფრებდა ელის…
სასტუმროს დიზაინი მთლიანად გოთიკის სტილში იყო გადაწყვეტილი, ბოლოში მომრგვალებული და წაწვეტებული სარკმლებითა და შეისრული თაღებით. შენობის შესასვლელი კარებიც უზარმაზარი იყო. კარებს მეტალისაგან დამზადებული საშინელი დემონის თავი ჰქონდა მიმაგრებული, რომელსაც კბილებით ზარის დასარეკი ღილაკი "ეჭირა".
ანამ დემონს პირში თითი შეუყო და ზარი დარეკა. შიგნიდან კივილის, ყმუილისა და სხვა შემზარავი ხმები მოისმა.
- ეს ზარის ხმაა! არ შეგეშინდეს!
გადაულაპარაკა ანამ ელის.
- ღმერთო, შენ გვიშველე…
ჩაილაპარაკა ელიმ და მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, რომ აღელვება დაეფარა.
კარი მაღალმა, გამხდარმა მამაკაცმა გააღო. სახეზე თეთრი გრიმი ესვა. თვალებში წითელი ფერის ლინზები ჰქონდა ჩასმული. შუა საუკუნეების დროინდელი ფორმა ეცვა და სისხლისფერი მოსასხამი ჰქონდა წამოსხმული.
- გამარჯობა! ჩვენ გასაუბრებაზე მოვედით!
თითქმის ჩურჩულით უთხრა ანამ და გაუღიმა.
- გამომყევით…
თეთრსახიანი მსახური გოგონებს სასტუმროს დიდ დარბაზში შეუძღვა, იქიდან კი გვირაბისმაგვარ კორიდორში შეიყვანა. კორიდორი ვიწრო, ნახევრად ბნელი და მიხვეულ-მოხვეული იყო. კედლებზე ალაგ-ალაგ შანდლები იყო დამაგრებული, რომლებზეც სანთლები ენთო, მაგრამ ეს სანთლები არ იყო ნამდვილი. თუ კარგად დააკვირდებოდით, მიხვდებოდით, რომ ალის ადგილას – პაწაწინა ნათურები იყო ჩასმული, რომლებიც ბჟუტავდა და ციმციმებდა.
სასტუმროს ადმინისტრატორის კაბინეტიც მუქ წითელ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ადმინისტრატორს შავი სმოკინგი ეცვა. ის გოგონების დანახვისთანავე ფეხზე წამოდგა და მათ შესახვედრად გამოემართა.
- შუადღე მშვიდობისა! რით დავიმსახურე პატივი, რომ ასეთი სილამაზე ჩემს კაბინეტში მეხილა?
ეშმაკურად გაიღიმა მან და დააყოლა:
– მე ალესტერი მქვია!
"მდუმარე სასტუმროს" ადმინისტრატორის თაობაზე, ეს კაცი ზედმეტად მხიარულად იქცეოდა. მხიარულიც არ ეთქმოდა, სიტყვა "ცანცარა" უფრო მეტად შეესაბამებოდა მის დახასიათებას.
- ელი…
ელიმ მენეჯერს ხელი ჩამოართვა.
- მე ა...
- ეს მეგია, ჩემი და!
ელიმ ანას სიტყვა შუაზე გააწყვეტინა და ამით ისიც გადაარჩინა და საკუთარი თავიც.
- აი, აქ დაბრძანდით! ჩვენი საფირმო კოქტეილი მინდა შემოგთავაზოთ! რასაკვირველია, უფასოდ!
- სხვა დროს იყოს, მადლობა…
თქვა ანამ და ადმინისტრატორს გაუღიმა.
- მინდა თქვენზე მომიყვეთ! ალბათ, უფრო მკაცრ დახვედრას ელოდით აქ… მე კიდევ… მოკლედ, ეს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ განებივრებულნი სამუშაოს დაწყების მსურველების ვიზიტებით.
სტუმრების 95% ტურისტია. უცხოელები! ვინაიდან დასახლებული პუნქტისაგან საკმაოდ მოშორებით ვართ და აქ არც ტრანსპორტი დადის, მომსახურე პერსონალის დეფიციტს განვიცდით! ზოგიერთ მათგანს რამდენიმე როლის მორგება უწევს… რაც ადვილი ნამდვილად არ არის! ასე რომ… მიამბეთ, თქვენ რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ გეტყვით! მიზეზი რამდენიმეა! პირველი – ანაზღაურება, რომელიც საკმაოდ ეფექტურად ჟღერს! მეორე – ერთფეროვანი ცხოვრებისაგან თავის დაღწევის სურვილი. ამას მიუმატეთ ინტერესი ირეალური სამყაროს მიმართ…
- რა იცით ირეალურ სამყაროზე? ან ზებუნებრივ არსებებზე?..
ალესტერი თავის სავარძელში ჩაჯდა და საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო.
- სამწუხაროდ, ბევრი არაფერი! ნაიადაში საკმაოდ მწირი ბიბლიოთეკა გვაქვს! ინტერნეტი კი სულ ახლახან გვეღირსა… ზებუნებრივ არსებებზე თუ რაიმე ვიცით, ფილმების დამსახურებაა! მაგრამ თუ საჭირო გახდება, ძალიან სწრაფად ვისწავლით ყველაფერს!
- მთავარი სურვილია, არა? ბევრი რამის სწავლა არ მოგიწევთ! აუცილებელია იცოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, ვისი როლის შესრულებაც მოგიწევთ! თავისუფალ დროს შეგიძლიათ ჩვენს ბიბლიოთეკას ესტუმროთ!
- ბიბლიოთეკაც გაქვთ?
გაუკვირდა ელის.
- თანაც, როგორი... ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა გვაქვს. რამდენიმე უნიკალური წიგნიც მოგვეპოვება!
- არაჩვეულებრივია! მე ძალიან მიყვარს წიგნები...
- როდიდან შეგიძლიათ, საქმეს რომ შეუდგეთ?
- ჩვენ ახლაც მზად ვართ! უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა გავაკეთოთ…
- თუ ასეა, წამობრძანდით!
ალესტერი სავარძლიდან წამოხტა და მეორე კარებისაკენ გაემართა, რომელიც მთავარი შემოსასვლელი კარის მოპირდაპირე მხარეს იყო.
- სასტუმროში ბევრი საიდუმლო გასასვლელია! ყველას არც ვიყენებთ. ზოგიერთი მათგანი გაუქმებულია, რადგან არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. ეს გასასვლელები მხოლოდ პერსონალისთვისაა. ისინი სწრაფად უნდა გადაადგილდებოდნენ მთელ სასტუმროში და ერთი ადგილიდან მეორეში "გაჩენა" უნდა შეეძლოთ…
- რა საინტერესოა!
- თქვენ გექნებათ პლასტიკური ბარათი-გასაღები, რითიც შეძლებთ კარების გაღებას. მაგრამ ყველა კარი არ გაიღება და ეს არც უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ყველგან შესვლა თქვენ არ დაგჭირდებათ!
გაგრძელება იქნება