1969 წლეს ქართველმა რეჟისორმა მიხეილ კალატოზიშვილმა გადაიღო ფილმი, სახელწოდებით "წითელი კარავი", სადაც მთავარ როლებს შონ კონერი და კლაუდია კარდინალე ასრულებენ, ასევე - ქართული კინოს ლეგენდები: ოთარ კობერიძე და თენგიზ არჩვაძე. ფილმი იტალიისა და საბჭოთა კავშირის ერთობლივი კინოპროდუქციაა და საფუძვლად უდევს იური ნაგიბინის ამავე სახელწოდების ნოველა. სიუჟეტი კი ასახავს უმბერტო ნობილეს გადარჩენის ექსპედიციას.
ფილმი გადაღებულია ნობილეს თანხმობით, რომელმაც ფინჩის კასტინგზე თქვა: "არ ვიცი, ჰგავს თუ არა, მაგრამ თუ ჩემს წიგნებს წაიკითხავს და საქმის სულში ჩაერევა, დარწმუნებული ვარ, შესანიშნავ ინტერპრეტაციას მისცემს."
გადაღებები 62 კვირა გაგრძელდა. იგი მოიცავდა სამუშაოებს ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბალტიის ზღვასა და სვალბარდის არქიპელაგზე ჩრდილოყინულოვან ოკეანეში. აღსანიშნავია, რომ ფილმისთვის მუსიკა ლეგენდარულმა ენიო მორიკონემ შექმნა.
საინტერესო ამბებს ფილმის, მისი რეჟისორისა და კომპოზიტორის შესახებ საკუთარ ვიდეოში კინომცოდნე ზაკ მირიანაშვილი გვიზიარებს:
კარიერის დასაწყისში კალატოზიშვილი მუშაობდა ფირის დამწებებლად, კინომექანიკოსად, მძღოლად, ლაბორანტად, მემონტაჟედ, მსახიობად.
კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი რეჟისორული ნამუშევარია ფილმი „მათი სამეფო“ (1928). შემდეგ გადაიღო ფილმი „ჯიმ შვანთე“ („მარილი სვანეთს“, 1930) - ნოვატორული, პოეტური ნაწარმოები, რომელშიც დოკუმენტური და მხატვრული კინოს სანახაობითი პრინციპები ერთმანეთშია შერწყმული.
მსოფლიო აღიარება მოიპოვა კალატოზიშვილის ფილმმა „მიფრინავენ წეროები“ (1957, ოქროს პალმის რტო კანის XI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1958). ფილმში, რომელიც ყველა დროის საუკეთესო საბჭოთა ფილმად გამოცხადდა, სრულყოფილად აისახა ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და მეგობრობის, ახალგაზრდობის თემა.