"იქნებ პირადი ცხოვრება რომ ბედნიერი მქონოდა, ასე არ განმეცადა შენი წასვლა... მიშველე, არ ვიცი, რა დავაშავე, რატომ ვარ ასეთ დღეში, დავიღალე, დედა...“ - სწერდა სესილია თაყაიშვილი გარდაცვლილ დედას წერილში. პირად დარდებსა და პრობლემებს მაყურებელს არასდროს აჩვენებდა და მაინც ახერხებდა, შეექმნა ყველასთვის საყვარელი, დაუვიწყარი როლები თეატრსა თუ კინოში.
ხელოვნების სიყვარული მამისგან, დიმიტრი თაყაიშვილისგან დაჰყვა, რომელიც თეატრისა და პოეზიის დიდი მოყვარული იყო. პატარა სესილიასაც სამსახიობო ხელოვნების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გაუჩნდა. შვიდი წლის პატარა გოგონა უკვე სპექტაკლში „ყვავილთა შორის“ ყვავილისა და ანგელოზის როლს თამაშობდა.
1924-26 წლებში სესილია თბილისის აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში სწავლობდა. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, ვასო გოძიაშვილი. როცა ვასოს სესილია პირველად დაუნახავს, მაშინვე მოხიბლულა. მერე, ერთ საღამოს, სახლში გაუცილებია: „მეუბნებოდა, ამ ცას, ამ ვარსკვლავებს, ყველაფერს შენ გჩუქნიო. უცებ ეზოდან ფინია გამოვარდა ყეფით, ვასო ამომეფარა და ყვირილი დაიწყო... მე სიცილი ამივარდა და ვუთხარი, წეღან ყველაფერს მჩუქნიდი და ახლა ქუჩის ფინიამ შეგაშინა-მეთქი?!“ - იხსენებდა სესილია თაყაიშვილი.
სესილიას ვასოსთან ერთადერთი შვილი - დავითი შეეძინა. 6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი სესილია მეუღლეს დაშორდა.
დღეს შემოგთავაზებთ სამ სახალისო ისტორიას მსახიობის ცხოვრებიდან
მსახიობები ვერიკო ანჯაფარიძე და სესილია თაყაიშვილი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდნენ.
ამბობენ, ვერიკო ანჯაფარიძემ სესილია თაყაიშვილი დიდ საფრთხეს გადაარჩინაო: 1937 წელს, რეპრესიების დროს, ადამიანებს ერთი უბრალო სიტყვის გამო იჭერდნენ, აწამებდნენ და ხვრეტდნენ კიდეც. სესილიამ თეატრის ფოიეში ანტისამთავრობო ანეკდოტი მოჰყვა.
მეორე დღეს თეატრში კრება მოიწვიეს და ანეკდოტის მომყოლის ვინაობის გარკვევაც დაიწყო. ვერიკო ანჯაფარიძემ იცოდა, რომ ანეკდოტი სესილია თაყაიშვილმა მოჰყვა. მიხეილ ჭიაურელი სტალინის უახლოესი მეგობარი და ფავორიტი რეჟისორი იყო. ამიტომ მის მეუღლეს ანეკდოტის გამო ნამდვილად არ დაიჭერდნენ. სესილია თაყაიშვილი კი შეიძლება დაეჭირათ და დაესაჯათ კიდეც.
ვერიკო ანჯაფარიძემ მეგობრის გადარჩენა გადაწყვიტა და მისი “დანაშაული” დაიბრალა: ანეკდოტი მე მოვყევიო.
კრება დასრულდა. ვერიკო ანჯაფარიძე არავის არსად დაუბარებია და არც საყვედური გამოუცხადებია. მისი გაბედულების წყალობით უახლოესი მეგობარი – სესილია თაყაიშვილი კი, დასჯას გადაურჩა.
ბარნოვის ქუჩაზე დავდიოდი სამეცადინოდ რეპეტიტორთან. სკოლის დამთავრების შემდეგ, 9 საათზე უნდა ვყოფილიყავი გეგეშიძის ბაღის უკან რომ კორპუსია, იქ, ბარნოვის 142 ნომერია, მახსოვს დღესაც.
ლექტორი მერე უნივერსიტეტში მიდიოდა ლექციებზე და ამიტომ დილით მიბარებდა ხოლმე. ერთხელაც, მესამე თუ მეოთხე მეცადინეობაზე მივდივარ, ადრე მომივიდა მისვლა. მცხეთიდან დავდიოდი, ძალიან ადრე, დილაბნელზე გამოვდიოდი სახლიდან. ხან ადრე მიწევდა მისვლა და ხომ არ დავადგებოდი იმ პატიოსან ხალხს საწოლში თავზე?!…
ხუმრობა ხომ არაა, ოჯახში ერთი აკადემიკოსი, ერთი პროფესორი და ერთი მეცნიერებათა კანდიდატი ცხოვრობდა. კორპუსის ეზოში "ბესედკა" იყო, იქ ვიცდიდი ხოლმე 9 საათამდე და იმ დილითაც იქ ჩამოვჯექი.
ვეწევი ჩემთვის, ვფიქრობ ივანე მრისხანესა და ოპრიჩნინაზე…
ამ დროს გავიხედე და ეზოში შემოვიდნენ ზურა ქაფიანიძე და თენგიზ არჩვაძე, მთელი ღამის ქეიფი ეხატა სახეზე ორივეს. შემოდგომაა, ე.წ. პლაშების სეზონია. კარგად მახსოვს, თენგიზს თეთრი ეცვა, ზურას – შავი. 1980 წელია. დავინახე ეს ლეგენდა ხალხი ასე ახლოს და რაღაცნაირმა გრძნობამ ამიტანა, პირი გამიშრა და ხელები დამიბუჟდასავით, ჩემგან სამ მეტრში იდგნენ.
აი, იმ კორპუსს პირველი სართული კი ეზოს მხრიდან დაბალი აქვს, ასე, ერთ მეტრზე იქნება ფანჯრები მიწიდან.
მიადგნენ ერთ ფანჯარას და ერთმანეთს ეუბნებიან, არა, შენ დააკაკუნე, არა - შენო, ბოლოს ორივემ ერთად დააკაკუნა. დაჭიმული ვარ მშვილდივით, მაინტერესებს, რა მოხდება, ვინ გააღებს ფანჯარას. ამასობაში, როგორც იქნა, გაიღო ფანჯარა და: მოცილდით აქედან, თქვე ლოთებო, თქვენ, თორემ მილიციას დავუძახებ ახლავეო – ფანჯარაში დიდი სესილია თაყაიშვილი იდგა (აცხონოს ღმერთმა), – მოცილდით ფანჯარას და არ დაგინახოთ აქ მოსულები მეორედო, ეჩხუბება ორივეს სერიოზული სახით. ესენი კიდევ ხარხარებენ და დაგვალევინე თითო ჭიქა შენი არაყი, სესილიაო, ეხვეწებიან. არ ვიცი, რა ჯადო და სასწაული არაყი ჰქონდა სესილიას ისეთი, იმდენ ლანძღვად რომ ღირდა. ლანძღა სესილიამ და ახვეწნინა ორივეს კარგა ხანს.
ის დრო იყო, სესილია რომ უკვე ავადმყოფობდა, აღარ იღებდნენ კინოში და მის წყევლას და ჩხუბსაც ის შიშხათი აღარ ჰქონდა უკვე. გისოსები ჰქონდა ფანჯარას, მახსოვს კარგად. მოკლედ, არის ერთი წყევლა-კრულვა იქიდან და აქედან ხარხარი და ხვეწნა… ბოლოს ფანჯრის შიგნითა რაფაზე გამოჩნდა გრაფინით არაყი, მერე მისაყოლებელიც გამოუტანა და, მოკლედ რომ ვთქვათ, ფანჯრის რაფაზე გაიშალა სესილიასთან პატარა დილის სუფრაც. ესენი აქედან შეყოფდნენ გისოსებში ხელს, დაისხამდნენ, გამოწევდნენ ხელს, დაილოცებოდნენ და დალევდნენ, თან მისაყოლებელსაც ატანდნენ, იქიდან კი სესილია იყო ფანჯარასთან მომდგარი და არ აკლებდა “ქათინაურებს”. აქედან ეს ორი ბუმბერაზი ეფერებოდა სასწაული სიყვარულის ენით სესილიას და იყო მოკლედ ჩახუტების დილა.