ქეთა თოფურია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოში არ ცხოვრობს, ქართველი აუდიტორიისთვის მაინც საინტერესო პერსონაა. მისი ცხოვრება, კარიერა თუ სხვა დეტალები ყოველთვის იმსახურებს დიდ გამოხმაურებას. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი მესამე შვილს ელოდება, რაც მისი ოჯახის ახლობელმა დაადასტურა და თქვა, რომ ქეთა და ლევი მშობლები გაზაფხულზე გახდებიან. ამჯერად კი ქეთი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ის მართლაც ელოდება მესამე შვილს.
ქეთა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ჯგუფ „ა-სტუდიოს“ ვოკალისტია. მისი მამა, ანდრო თოფურია, იყო "კანონიერი ქურდი", ხოლო დედა – ნატალია თოფურია — ინჟინერ-ქიმიკოსია. ქეთას მუსიკასთან ბავშვობიდანვე ჰქონდა ურთიერთობა. 1998 წელს დაამთავრა გოგი სუდრაძის სახელობის თბილისის მუსიკალური სკოლა, ხოლო 2003 წელს — მუსიკალური სასწავლებელი ვოკალის მასწავლებლის სპეციალობით. 2003 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ შეწყვიტა სწავლა მას შემდეგ, რაც მიიღო მოწვევა ჯგუფ "ა-სტუდიოსაგან" იმის თაობაზე, რომ შეეცვალა ჯგუფის იმჟამინდელი ვოკალისტი პოლინა გრიფიტსი. მოწვევაზე დათანხმების შემდეგ ის საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 2005 წელს ის წარადგინეს "ა-სტუდიოს" ახალ ვოკალისტად, რითაც ამჟამადაცაა დაკავებული.
ქეთა თოფურიას გარეგნობა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ის არ მალავს, რომ პლასტიკური ქირურგისთვის არაერთხელ მიუმართავს და თვლის, რომ თუ ადამიანს ესა თუ ის ცვლილება თავს უკეთესად აგრძნობინებს, უარი არ უნდა თქვას. მან აღნიშნა ისიც, რომ ბავშვობაში მიღებული ტრავმის გამო რინოპლასტიკას მიმართა.
"ჩემი ბიძაშვილი მოვიდა სახლში, ჩვენთან და ხუმრობით ცხვირში შოკოლადი "ტვიქსი" მესროლა. მაშინ ნამდვილად ვიგრძენი ის მომენტი, როდესაც ამბობენ, რომ თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა. ცხვირი შემიშუპდა და კეხი გაიზარდა. მეგონა, გამივლიდა, მაგრამ არა. გარკვეული პერიოდის შემდეგ სუნთქვის პრობლემები შემექმნა, ერთი ნესტოთი საერთოდ ვერ ვსუნთქავდი. ქირურგთან მივედი, რომელმაც ძგიდის ოპერაცია გამიკეთა. მოგვიანებით საკუთარ თავს ტელევიზორში რომ შევხედე, ცხვირის წვერი დაბლა მივარდებოდა. დედამ მკითხა: "ცხვირი მიკროფონზე გაქვს დადებული? მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო...
ერთხელ გავიკეთე რინოპლასტიკა. ამან მხოლოდ უკეთესობისკენ შემცვალა. პრინციპში, არასდროს დამიმალავს და არც ახლა ვმალავ. მაგრამ როდესაც პლასტიკური ოპერაციების გაკეთებისას ქალები ზღვარს გადადიან და გასაბერ თოჯინას ჰგვანან, ეს საშინელებაა.
ჩვენ ვიპოვეთ შესანიშნავი პლასტიკური ქირურგი, არტურ რიბაკინი, რომელმაც რინოპლასტიკა გამიკეთა. მითხრა, რომ ძგიდის ოპერაცია არასწორად იყო გაკეთებული და თავიდან გამიკეთა ძგიდის და ცხვირის პლასტიკური ოპერაცია. ახლა ბედნიერი ვარ“, - აღნიშნა ქეთამ გადაცემა Macarena-ში საუბრისას.