12 მარტს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს მიშა ბუკია. რეჟისორი ავადმყოფობის შემდეგ პალიატიურ დაწესებულებაში, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა...
გენიალურ რეჟისორს კოლეგები იხსენებენ:
"დარაბებს მიღმა გაზაფხულია" ჩემთვის მესამე პიესა იყო. 25 წლის ვიყავი. მელოდრამის ჟანრი ძალიან რთული ჟანრია. ან ძალიან ხარისხიანი უნდა იყოს, ან ძალიან მდარე.
რაღაც ამდაგვარი ჩემს მეგობარს შეემთხვა. მახსოვს მისი ნათქვამი ერთი ფრაზა, საკუთარი თავი მძულდა, როდესაც შვილის მოშორება ვაიძულეო. მერე კი შეირთო ცოლად ის გოგო, მაგრამ შვილი აღარ ჰყოლიათ. ეს გამოვიყენე სხვადასხვა თემისთვის. ბევრი რამაა - ადამიანის პასუხისმგებლობა, სიყვარული, დაუნახაობა, ბნელი და შუქი ადამიანში.
„არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი... სიყვარულში ქცევებით გამოვუტყდი“ - რეზო ჩხიკვიშვილი მეუღლესა და ოჯახზე
როგორც ყველა ახალგაზრდა რეჟისორი, იმ დროს მიშაც ფორმის ძიებაში იყო. როცა მაჩვენა სამუშაო ვერსია, მძაფრი რეაქცია მქონდა. შემდეგ მიხვდა, რომ მისთვისაც და სპექტაკლისთვისაც ჯობდა, რომ შეეცვალა. და აგერ, უკვე რამდენიმე ათეული წელია, ეს სპექტაკლი ახსოვს მაყურებელს. თან არა მხოლოდ ჩვენთან, უცხოეთშიც.
რუსთავის და თუმანიშვილის თეატრებში ერთდროულად იყო პრემიერები. ეს თეატრები, პლეხანოვზე, გვერდიგვერდ იყო. გადარბენაზე ვიყავი სპექტაკლიდან სპექტაკლზე და ძალიან კარგად მახსენდება.
ძალიან კარგი კაცი იყო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მიშა... " - ამბობს ლაშა თაბუკაშვილი.
რეჟისორის გარდაცვალებას რეზო ჩხიკვიშვილიც გამოეხმაურა. იგი სპექტაკლში მთავარ როლს ასრულებდა:
"სპექტაკლის დადგმა გაიწელა, ექვსი-შვიდი თვე გაგრძელდა და უკვე მისი თამაში აღარ გვინდოდა. რბილად რომ ვთქვა, გაფიცვა მოვაწყვეთ. მიშა რამდენიმე წლით იყო ჩემზე უფროსი, ახალგაზრდა იყო. უნდოდა, რაღაც ორიგინალურად დაედგა სპექტაკლი, ცნობისმოყვარე კაცი იყო და პიესა ამოატრიალა. ანუ დავიწყეთ ფინალით, ბებია უკვე გარდაცვლილია და მოგონებებით ვიწყებდი თხრობას.
მახსოვს, ლაშა თაბუკაშვილს რომ აჩვენეს ეს ვარიანტი, გაბრაზდა, ეს ჩემი პიესა არ არისო. დავიზაფრეთ ყველანი. ავტორი გაგვექცა. დავკარგეთ კურსი, რწმენა, ხალისი, მოგვბეზრდა ამის თამაში. გვქონდა კამათიც რეჟისორთან. კარგი, თავიდან დავიწყოთო, თქვა მიშამ. არადა, არაჩვეულებრივი პიესაა. დღეს ერთ თვეში დაიდგმება. ჩვენ კიდევ, ბავშვის დაბადებასავით, ამდენ ხანს გაგვეჭიმა. თუმცა, საბოლოოდ, კარგი ნაყოფი კი გამოიღო.
ეს არ იყო მიშას პირველი სპექტაკლი, უკვე ჰქონდა მას თავისი ხელწერა. იყო შრომისმოყვარე რეჟისორი. კარგი ადამიანი. თუმცა, ხომ ვამბობ, მის ძიებაში ჩვენ დავიზაფრეთ, დავიძაბეთ. გადავიღალეთ - აღარ გვინდოდა ამ სპექტაკლის თამაში.
და მახსოვს, პრემიერაზე რაც მოხდა. გამოვედი სცენაზე, რეკავს ტელეფონი, ლუიზა აქ არ ცხოვრობს-მეთქი, რომ ვამბობ. მერე, აა სოფლიდან ჩამოხვედით? მოსავალი როგორია-მეთქი და ამ დროს დარბაზმა რომ იხუვლა, ვიგრძენი, რომ მაყურებელთან კონტაქტი დაიწყო და ამის შემდეგ, უკვე თითოეულ სიტყვასა და მიმიკაზე მოგვყვებოდა. გავოცდი! შემდეგ მონოლოგი რომ წავიკითხე, იმდენად აიტაცა მაყურებელმა, სასწაული მოხდა. რა ხდება, კაცო, ვიფიქრე. ამ სპექტაკლის მოხსნაზე ვფიქრობდით და ეს რამხელა გამოხმაურება აქვს-მეთქი, თავი სიზმარში მეგონა.
ისეთ სადა, ადამიანურ თემებზეა სპექტაკლი, გულგრილს არ გტოვებს. თან ახალგაზრდები ვიყავით, სათქმელი სხვანაირად ანთებულებმა, გულიანად მოვიტანეთ. ლილი იოსელიანის სტუდენტი ვიყავი, ისეთი დაქოქილი და ანგაჟირებული მივედი თეატრში... მართლა გული და სული ჩავდეთ, უბრალოდ, დასაწყისში არ გვჯეროდა, აქედან თუ რამე გამოვიდოდა. ბოლოს კი, სასიამოვნოდ გაოცებულნი დავრჩით. ეს იყო გენიალური გამარჯვება, რაც მიშას გარეშე ვერ შედგებოდა.
მას შემდეგ მე მიშა აღარ მინახავს. ვფიქრობდი, სად არის, რატომ არ ჩანს-მეთქი. გული მწყდება, რომ მისი ნიჭის შესაფერისი რეალიზება ვერ მოხდა, რაღაც ისე ვერ აეწყო...
სადღაც მივეცი ინტერვიუ; ეტყობა, რაღაცაზე გულნატკენმა ვთქვი, მე, ალბათ, საქართველოში ვეღარ ჩამოვალ-მეთქი. უცებ მიშა საიდანღაც შემომეხმიანა, მომწერა, ისე, თითქოს ზევიდან მისი ხმა ჩამომესმა: რეზო, ეგ არ ქნა, შენ აქ გელოდებიან და აუცილებლად უნდა დაბრუნდე, აქ სჭირდები ხალხსო. ეს იყო რაღაცნაირი ძმური თუ მამაშვილური რჩევა; თურმე ვახსოვდი... ხომ შეეძლო, წაეკითხა და არაფერი მოეწერა, მაგრამ ვერ მოითმინა და ასე შორს მყოფს მომწერა, ამდენხნიანი უკონტაქტობის შემდეგ. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა."