- ბოდიშს ვიხდი, თუ ხელი შეგიშალეთ! თქვენ, ალბათ, დღეს ჩამოხვედით, რადგან აქამდე არ მინახიხართ!
- დიახ, ასეა!.. დღეს ჩამოვედი! უბრალოდ, დამსვენებლის სტატუსით არ ვარ... შეიძლება გავიგო, ვის ვესაუბრები?
- პიტერი... - სახელი საკმარისი იქნება! თქვენ, როგორც ვხვდები, "სისხლიანი მერი" იქნებით...
- არა! "სისხლიანი მერი" ჩემი და იქნება… მე - მოჩვენება "ქალიშვილი თეთრებში"!
- გასაგებია! ესე იგი, უკანასკნელად გხედავთ ნატურალურ მდგომარეობაში! ხვალინდელი დღიდან, სავარაუდოდ, ასეთი ლამაზი აღარ იქნებით!
ელის გაეცინა.
- რას ამბობდით ამ სიმბოლოს შესახებ?
- თქვენი სახელი არ გითქვამთ...
- ელი!
- ელი... - ლამაზი სახელი გაქვთ! სიმბოლო - "სიზმრების დამჭერია"! გსმენიათ რაიმე მის შესახებ?
- მსმენია და მინახავს კიდეც! – სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, პიტერ!
- უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს, თუ "შენობით" ფორმაზე გადავალთ... თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნებით!
- არა, არ ვიქნები!
უპასუხა ელიმ და სასტუმროს მხარეს გაიხედა, შემთხვევით ანა ხომ არ მეძებსო.
- რა შეგიძლია მითხრა "სიზმრების დამჭერის" შესახებ?
- ის, რაც ალბათ თქვენც გეცოდინებათ! "სიზმრების დამჭერი" კოშმარებს ბადეში აბამს და მათ ასრულებას ხელს უშლის... თქვენ მითოლოგია გაინტერესებთ?
- მე დეტალები მაინტერესებს!
- დეტალები?..
- დააკვირდი ამ კედელს! ყველა სიმბოლო, რომელიც გამოსახულია, ძალიან ძველია! გარდა "სიზმრების დამჭერისა"… როგორც ჩანს, ვიღაცამ ცოტა ხნის წინ მიახატა ის… საინტერესოა, რატომ!
- როგორ მიხვდი?
ელი შეცბა და ნახატს დააკვირდა. "სიზმრების დამჭერი" მართლა გამოიკვეთებოდა სხვა სიმბოლოებისაგან. საღებავი მუქი იყო და საკმაოდ ახლად გამოიყურებოდა. ელის თავში უცებ უამრავმა აზრმა გაურბინა და გული აუჩქარდა.
- ალბათ, პერსონალიდან მიახატა ვინმემ...
- არა! მე უკვე გამოვკითხე ყველა! არავის დაუნახავს, ვინ მიახატა ეს სიმბოლო აკლდამას. პერსონალს კი რაში უნდა დასჭირვებოდა ამის გაკეთება? გარდა მაგისა, მე "ცალთვალა ჯოს" მაღაზიასაც ვესტუმრე და გავიგე, რომ რამდენიმე დღის წინ საღებავი იყიდეს!
ელის ხელები აუკანკალდა. მისთვის უცებ ნათელი გახდა, თუ ვინ იდგა მასთან.
- ვინ?.. ვინ იყიდა საღებავი?
- საქმეც მაგაშია! იმ ვიღაცამ, ვინც საღებავი იყიდა, წინასწარ გათვალა ყველაფერი და შესაბამისი ზომები მიიღო.
- რა ზომები?
- ტროლის კოსტიუმით შევიდა მაღაზიაში და ისე იყიდა საღებავი!
- ესე იგი, ამ სიმბოლოსაც ტროლი დახატავდა!
პიტერს გაეცინა.
- ტროლის ვაკანსია ისევე თავისუფალია, როგორც ჩემი გული. ვიღაცამ განგებ ჩაიცვა ტროლის კოსტიუმი… ამისთვის მან ჯერ გარდერობის ოთახში შეაღწია. დამლაგებელმა ზუსტად იმ ღამეს დაკარგა გარდერობის გასაღები. სასტუმროში მომუშავე პერსონალს ეძინა, რადგან ისინი თავიანთ ოთახებში პლასტიკური ბარათი-გასაღებებით შედიან. შესაბამისად, კომპიუტერი აფიქსირებს დროს, როდესაც კარებები იღება ან იკეტება!
- ეს ყველაფერი საიდან იცი? შენ ხომ არ ხარ ის ადამიანი, ვინც იმ დაკარგული მამაკაცის საქმეს იძიებს?
- მე გახლავარ!
ელიმ უცებ ანას მოჰკრა თვალი, რომელიც მისკენ მოემართებოდა, მაგრამ პიტერის დანახვაზე შეჩერდა და სწრაფად გაბრუნდა უკან. როგორც ჩანს, პიტერი იცნო და არ უნდოდა, რომ მასაც ეცნო.
- საინტერესო პროფესიაა! იცი, მე ბავშვობაში ძალიან მინდოდა გამომძიებელი ვყოფილიყავი!
- მერე რატომ არ გახდი?
- სკოლა რომ დავამთავრე, დედამ მიგვატოვა და ოჯახის საქმე მთლიანად მე დამაწვა. ჩემი და მაშინ თერთმეტი წლის იყო…
- ვწუხვარ!..
- არა უშავს! მე შევეგუე ჩემს მდგომარეობას!
- ჰო, მაგრამ ხელს ნუ ჩაიქნევ! ყველაფერი წინ გაქვს! არასოდეს არ უნდა გადაუხვიო მიზნისაკენ მიმავალი გზიდან!
ელიმ პიტერს გაუღიმა და ბილიკზე დაბრუნდა.
- ჩემი წასვლის დროა! არ მინდა, ჩემმა დამ ინერვიულოს…
- რა თქმა უნდა! იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით... თუ თანახმა იქნები, ყავა დავლიოთ ერთად!
- შესაძლებელია...
- ისე, საიდან გაიგე იმ მამაკაცის გაუჩინარების ამბავი? შეგიძლია მითხრა?
- სასტუმროს ადმინისტრატორმა გვითხრა! მისტერ ალესტერმა…
- რას ფიქრობ მასზე?
- არ ვიცნობ მას საკმარისად, რომ რაიმე დასკვნები გამოვიტანო.
- დასკვნას არ გთხოვ! ხანდახან პირველი შთაბეჭდილება უფრო ნამდვილი აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ხანგრძლივი ურთიერთობიდან გამოტანილი დასკვნები!
- მხიარული და თავისუფალი კაცი ჩანს! რასაც ფიქრობს, იმას ამბობს… მაგრამ, სავსებით შესაძლებელია, რომ მისი უშუალობა და გახსნილობა ნიღაბი იყოს, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო ირგებს…
- მაგით რისი თქმა გინდა, ელი?
- არაფრის! უბრალოდ, ვარაუდი გამოვთქვი… მე მგონია, რომ მისტერ ალესტერი… როგორ გითხრა…
- პირდაპირ მითხარი! ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს გამოძიებისთვის!
- ეს ინფორმაცია არ არის, ეს ჩემი შეგრძნებებია მხოლოდ… როდესაც "სისხლიანი მერის" ლეგენდას გვიყვებოდა, უცნაური გამომეტყველება ჰქონდა! გვიყურებდა, მაგრამ თითქოს ვერ გვხედავდა… თითქოს ჩვენ მიღმა, სადღაც, უსასრულობაში იმზირებოდა… მგონი, სისულელეს ვამბობ!
- არა, ელი… მადლობა ამ ვარაუდისთვისაც! ყოველი შემთხვევისთვის, მაინც შეხედე ამ ფოტოს…
პიტერმა შარვლის ჯიბიდან მეთიუს სურათი ამოიღო და ელის გაუწოდა. ელის მეთიუს სურათის დანახვაზე ყელში ბურთი მოაწვა.
- სიმპათიურია… რა ახალგაზრდა ყოფილა, მე უფრო ხანშიშესული მეგონა…
- თუ შემთხვევით…
- თვალს მოვკრავ სადმე, აუცილებლად შეგატყობინებ!
ელიმ პიტერის წინადადება დაასრულა და გაღიმებულმა დაუბრუნა სურათი.
- გქონდეს! შენს დასაც ანახე! ასეთი რამდენიმე მაქვს!
- კარგი… დროებით, პიტერ!
- სურათის უკანა მხარეს ჩემი მობილურის ნომერი წერია!
- არ დავკარგავ! სასიამოვნო იყო საუბარი…
- ჩემთვისაც! შეხვედრამდე…
ელი სასტუმროში დაბრუნდა. ანა ბარში აღარ იყო. ელი ზევით ავიდა.
- ის იყო! ის გამომძიებელი…
შესვლისთანავე უთხრა ანამ ელის. ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო ემოციებიდან.
- ვიცი… მივხვდი! რა უნდოდა?
- უბრალოდ, გამეცნო და გამესაუბრა! აინტერესებდა, ვიცოდი თუ არა რამე მეთიუზე…
- შენ რა უთხარი?
- რა თქმა უნდა, არაფერი! ვუთხარი, რომ აქ სამუშაოდ ჩამოვედი დასთან ერთად!
ანა განერვიულებული იყო. თავის საწოლზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო.
- შენ დასვენება გჭირდება, ანა! დაიძინე… ხვალიდან უფრო დავიტვირთებით…
- მაღვიძარა დავაყენე! ღამის ოთხ საათზე დარეკავს… მანამდე აჯობებს, რომ მართლა დავიძინო!
- ოთხ საათზე რას აპირებ?
- გვირაბების დათვალიერება მინდა! იქნებ გამიმართლოს და შავი ოთახის კარი ვიპოვო!
- რა არის იმ შავ ოთახში?
- წარმოდგენა არა მაქვს!
ანა საწოლზე გადაწვა და თვალები დახუჭა. მალევე დაეძინა. ელი ფანჯრიდან იყურებოდა. პიტერი სასტუმროს ტერიტორიას გასცდა და ტყეში გაუჩინარდა. კარგა ხნის მერე ისევ დაბრუნდა. ელიმ შეამჩნია, რომ ის მაქცია, რომელიც ბარში ყოფნის დროს დაინახა, საფლავის ქვაზე ჩამომჯდარიყო და მათი ფანჯრისკენ იყურებოდა.
ელიც საშინლად იყო დაღლილი. ჯიბიდან ჩუმად ამოაცურა მეთიუს სურათი, რომლის შესახებაც ანასთვის არაფერი უთქვამს და ლეიბის ქვეშ დამალა. მან ანას იმ სიმბოლოს პოვნის ამბავიც დაუმალა, რადგან ვერ ეტყოდა, რომ მეთიუს საწოლში გაატარა ერთი ღამე და "სიზმრების დამჭერი" ნახა. მიხვდა, რომ პირველად გაუჩნდა საიდუმლო, რაზეც ძალიან ინერვიულა.
კედლისაკენ გადაბრუნდა თუ არა, მაშინვე დაეძინა. ძილში მაღვიძარას ხმა ჩაესმა, მაგრამ ვერ გამოფხიზლდა. ცოტა ხანში ვიღაცამ ფრთხილად შეაჯანჯღარა. ელიმ თვალები გაახილა და მის საწოლთან მდგარი ანა დაინახა, ფარანით ხელში.
- წამოხვალ თუ დარჩები?
ჩურჩულით ჰკითხა ელის.
- წამოვალ…
- მისმინე… კარს ბარათით თუ გავაღებთ, დრო დაფიქსირდება კომპიუტერში… იმ გამომძიებელმა მითხრა, კითხვებს როცა მისვამდა…
- ვიცი! ამ კარებს რომ გავაღებთ, მერე სააბაზანოს კარებიც უნდა გავაღოთ და წყალი მოვუშვათ! უკან რომ დავბრუნდებით, ჯერ სააბაზანოს დავკეტავთ და მერე შემოვალთ აქ! ასე იფიქრებენ, რომ საბანაოდ გავედით.
ასეც მოიქცნენ. სასტუმროში სამარისებური სიჩუმე იყო. გოგონები ფეხის წვერებზე დადიოდნენ. გვირაბი-კორიდორები ყველა სართულზე იყო, სხვენის გარდა. მათ მესამე სართულიდან დაიწყეს და ნელ-ნელა ქვემოთ ჩავიდნენ.
- როგორ უნდა მივხვდეთ, რომელია შავი ოთახი?
ჩურჩულით ჰკითხა ელიმ ანას.
- მარტივად! შავ ოთახს შავი კარები აქვს! მეთიუმ ასე მითხრა!
გვირაბი-კორიდორები მართლა ლაბირინთებივით იყო დახლართული. ელი და ანა რამდენჯერმე ერთსა და იმავე ადგილას მოხვდნენ.
- მგონი, წრეზე დავდივართ! ცარცი მაინც გვქონდეს!
- არა, არავითარი კვალი არ უნდა დავტოვოთ! უნდა ვეცადოთ, რომ ზეპირად დავიმახსოვროთ გზა!
ანა უცებ შეჩერდა და გაკვირვებულმა დაიწყო ყურება აქეთ-იქით.
- რა ხდება?
- არაფერი... აქ გვირაბი სამ ნაწილად იყოფა! მარჯვენა გასასვლელთან, კედელზე დიდი რაოდენობითაა ხავსი! ჯერ აქ შევიდეთ, მერე შუაში და ბოლოს მარცხენა გვირაბში...
პირველი ორი გვირაბი ერთმანეთს ხვდებოდა და ისევ მთავარ გასასვლელთან გამოდიოდა. მარცხენა გასასვლელი კი ყველაზე გრძელი აღმოჩნდა. ყოველ ოცდაათ მეტრში თითო სავენტილაციო შახტა იყო. მესამე გვირაბს არც ერთი კარი არ ჰქონდა.
- ყრუ გვირაბია! ტყუილად ვიარეთ ამდენი!
თქვა ანამ და კედელს ზურგით მიეყრდნო.
- შეხედე! ეს აგური აშკარად ახალია! აქ რაღაცა ამოაშენეს!
ელი გვირაბის ბოლოში მივიდა და კედელი ხელით მოსინჯა.
- მართალი ხარ, ელ… აქ, სავარაუდოდ, კარები უნდა ყოფილიყო!
- რა ვქნათ? ჩვენ ამ კედელს ვერ დავშლით…
- ჩვენ ვერა! მაგრამ შერლოკ ჰოლმსი დაშლის!
მტკიცედ წარმოთქვა ანამ.
- შერლოკ ჰოლმსი?
- ჰო, ის გამომძიებელი! რა ჰქვია?..
- პიტერი…
- ხვალვე უნდა ნახო და უთხრა! მე ვერ დავენახვები…
- მეე? კი მაგრამ, რა უნდა ვუთხრა? რომ მკითხოს, ამ გვირაბში რას აკეთებდიო?
- რა პრობლემაა? ეტყვი, რომ გზა აგებნა!
- კარგი… საუზმის დროს ვნახავ სასადილოში და ვეტყვი! ახლა აჯობებს დავბრუნდეთ, სანამ ვინმეს არ გაღვიძებია და სააბაზანოსკენ არ გაუსეირნია…
ანა და ელი უკან დაბრუნდნენ. ყველაფერი წესრიგში იყო. წყალი გადაკეტეს და ოთახში შევიდნენ. ელი გაუხდელად შეწვა ლოგინში და საბანი გადაიფარა. თვალები დახუჭა და მეთიუს ნაჩუქარ მედალიონს ხელი მოუჭირა, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდა მაისურის შიგნით.
გაგრძელება იქნება