ქართველი მოდის დიზაინერი დემნა გვასალია ბოლო წლების მანძილზე განსაკუთრებით პოპულარული გახდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. მისი არაორდინარული სტილი ბევრს მოსწონს, ბევრი იწუნებს, თუმცა ფაქტი ერთია - ახალგაზრდა, ნიჭიერი დიზაინერი სამეგრელოდან, ქმნის მსოფლიო მოდის ამინდს.
დემნა სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ანტვერპენის სამეფო აკადემიაში, ხელოვნების ფაკულტეტზე. ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად არის ფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
სულ ცოტა ხნის წინ დემნამ პარიზში 2024-2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა და აჩვენა ერთგვარი სატირული ხედვა კონსუმერიზმის შესახებ, რომელშიც წარმოდგენილია ტანსაცმელზე ჯერ კიდევ მიმაგრებული ტეგები, სხვა ტანსაცმლის ფენისგან შექმნილი ნაჭრები და eBay-ზე შეძენილი ნივთები... ჩვენებას ესწრებოდა „ინსტაგრამზე“ დემნა გვასალიას გვერდის, Demnagram-ის შემქმნელი და Balenciaga-ს თანამშრომელი საბა ბახია.
Monica Bellucci in Balenciaga for Odda Magazine - წერს Demnagram სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ გამოცემა Odda-სთვის მონიკა ბელუჩიმ Balenciaga-ს კაბა მოირგო.
მონიკა ანა მარია ბელუჩი იტალიელი კინომსახიობი და ფოტომოდელია. მონიკა ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს იტალიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში. მამამისი ლუიჯი ბელუჩი იყო სასოფლო-სამეურნეო სფეროს მუშაკი, ხოლო დედამისი მარია გუსტინელი — პროფესიით მხატვარია.13 წლიდან მოდელად მუშაობდა. 1986 წელს ბელუჩი ჩაირიცხა პერუჯის უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ფაკულტეტზე. სწავლის ფული რომ ეშოვა, 16 წლიდან მუშაობდა მოდელად „Liceo Classico“-სთან. სამოდელო ცხოვრებით ბელუჩი მეტად დაინტერესდა. 1988 წელს მონიკა ბელუჩი საცხოვრებლად გადადის ქალაქ მილანში, სადაც კონტრაქტი გააფორმა „Elite Model Management“-თან. 1989 წელს ბელუჩი, როგორც მოდელი, განთქმული იყო პარიზსა და ნიუ-იორკში. იმ დროისათვის იგი პოზიორობდა ისეთ ცნობილ მოდის სახლთან, როგორიცაა „Dolce & Gabbana“. ამასთანავე, თანამშრომლობდა ცნობილ მოდის საერთაშორისო ჟურნალთან „ELLE“. 2000 წლიდან ბელუჩის ფოტოსურათები იბეჭდებოდა სხვადასხვა პრესტიჟულ ჟურნალში. 2003 წელს ბელუჩი გახდა პოპულარული ჟურნალის, „Maxim“-ის სახე. იმ პერიოდში წარმატებას მიაღწია მოდის სფეროში, ამასთანავე, ცნობილი იყო, როგორც იტალიის სექს-სიმბოლო. სამოდელო კარიერაში მიღწეული წარმატების მიუხედავად, ბელუჩიმ კინემატოგრაფიაშიც დაიწყო მოღვაწეობა. სწორედ მოდელის კარიერამ მიიყვანა ბელუჩი კინოში. მას საკმაო გამოცდილება ჰქონდა, როგორც პროფესიონალ მოდელს. ამიტომ მას სულაც არ უჭირდა კამერის წინ თავისუფლად მოძრაობა და სხვადასხვა სცენის გათამაშება.
ბელუჩის დებიუტი იტალიურ კინოში შედგა 1990-იან წლებში. კარიერის პირველ ეტაპზე ეპიზოდურ როლებში იღებდნენ, თუმცა სიტუაცია შეიცვლა მას შემდეგ, რაც ბელუჩი მიიწვიეს ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში — „დრაკულა“, სადაც დრაკულას პატარძლის როლი შეასრულა. მომდევნო წლებში ფილმში სათამაშოდ მას სხვა კინორეჟისორებიც იწვედნენ. განსაკუთრებულ წარმატებას ბელუჩიმ მიაღწია 1996 წელს, როდესაც ითამაშა ფილმში „ბინა“, სადაც მისი პარტნიორი იყო ვენსან კასელი. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის წარდგენილი იყო სეზარის პრემიაზე ნომინაციაში "იმედისმომცემი მსახიობი". სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე გაიცნო მსახიობი ვენსან კასელი, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა. 1997 წელს გამოდის ცნობილი ფრანგული მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი „დობერმანი“. 1997 წლისათვის ბელუჩიმ ერთბაშად სამ ფილმში მოასწრო თამაში. 1990-იანი წლებში იგი მეტად პოპულარული და მოთხოვნადი მსახიობი ხდება. 2000 წელს გამოდის გახმაურებული კინოფილმი „მალენა“. 2001 წელს ფრანგმა კინორეჟისორმა კრისტოფერ განსმა გადაიღო თავისი ცნობილი მძაფრ-სიუჟეტიანი მისტიკური ფილმი „მგლის საძმო“. ერთ წელიწადში ბელუჩიმ მიიღო როლი ცნობილ ფილმში „ასტერიქსი და ობელიქსი-მისია კლეოპატრა“, რომელიც იქცა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდშემოსავლიან ფილმად. ამავე წელს გამოდის ფილმი „გარდაუვალობა“, სადაც ბელუჩის ისევ და ისევ მის მეუღლესთან მოუწია თამაში. კინოთეატრებში კინო მძიმედ აღიქვეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბელუჩის პერსონაჟს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში სასტიკად აუპატიურებენ. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ფილმი „მზის ცრემლები“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა ბრიუს უილისმა. შემდეგ იყო ისეთი ფილმები, როგორებიცაა: „ქრისტეს ვნებანი“, „შაითანი“, „დახვრიტე ისინი“, „უკან არ მოიხედო“ და ა.შ. მონიკა ბელუჩი ქორწინებაში იმყოფებოდა კლაუდიო კარლოს ბასოსთან, თუმცა წყვილი ერთმანეთს გაშორდა. 1999-2013 წლებში იყო ფრანგი კინომსახიობის, ვენსან კასელის მეუღლე, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს. ფლობს იტალიურ, ფრანგულ, ინგლისურ და სპარსულ ენებს