ანრი ჯოხაძის სახელი და გვარი უკვე არაერთი წელია, რაც აქტიურად ისმის ქართული სცენიდან. ანრი ბევრი თაობის საყვარელი შემსრულებელია და მისი სიმრერები არასდროს კარგავს პოპულარობას. ცოტა ხნის წინ მან ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტი გამართა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად დუეტებიც შეასრულა. 43 წლის მომღერალს განსაკუთრებული ვოკალური მონაცემების გამო ხშირად "სცენის არწივადაც" მოიხსენიებენ.
ანრი ჯოხაძე მომღერლის, კომპოზიტორისა და შოუმენის ამპლუაში არაერთხელ გამოჩენილა ქართველი აუდიტორიის წინაშე. მან მსმენელს თავი ბავშვობიდან გააცნო. ანრი ჯოხაძემ პირველად მონაწილეობა 1998 წელს მუსიკალურ საერთაშორისო კონკურსში მიიღო, რომელიც უკრაინაში ჩატარდა. კარიერის მანძილზე მას არაერთი ჯილდო და გრან-პრი აქვს მიღებული. 2004 წელს ჯოხაძემ ჩინეთსა და რუმინეთში ჩატარებულ კონკურსებში მიიღო მონაწილეობა და ორჯერ მე-2 ადგილზე გავიდა. წარმატებას მიაღწია უკრაინულ ფესტივალებში „მორე დრუზეი იალტა –კიევი ტრანზიტი“, 2012 წელს კი საქართველო "ევროვიზიის" კონკურსზე წარადგინა.
საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძეც. როგორც ანრი აღნიშნავს, მისი კარიერის შექმნასა და წარმატებაში დედას დიდი წვლილი მიუძღვის.
ანრი მამაზე იშვიათად საუბრობს, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მამა წლების გამავლობაში ციხეში იჯდა. მომღერლის თქმით, მამა მაშინ დააკავეს, როცა თავად 1 წლის იყო. დედა სამი მცირეწლოვანი შვილით დარჩა მარტო. ანრის თქმით, მამას სახელმწიფო ქონების მიტაცება ედებოდა ბრალად და თავიდან დახვრეტაც კი იყო გათვალისწინებული, თუმცა საბოლოოდ 15 წელი მიუსაჯეს, საიდანაც 8 წელი საპატიმროში გაატარა და სწორედ იქ გაიცნეს მამა ბავშვებმა.
„ჩემი და ჩემი და-ძმის ამღერება მამის პატიმრობას უკავშირდება. როდესაც მამა დაიჭირეს, მას უმძიმესი სასჯელი, დახვრეტა ემუქრებოდა. შემდეგ ეს განაჩენი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს, რადგან მამას 5 შვილი დარჩა. მე ეს ამბავი წლების შემდეგ გავიგე.
დედამ მას წერილი გაუგზავნა და პირობა მისცა: „შენს შვილებს ყოველთვის ნახავ ტელევიზორში!” და ეს პირობა შეასრულა. ჩვენ სულ ვმონაწილეობდით საახალწლო სატელევიზიო გადაცემებში და მამა გვიყურებდა, მანამ, სანამ პირადად გავიცნობდით.
შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, მამას ამნისტია შეეხო და 1988 წელს გამოვიდა ციხიდან. გავიხსენებ გაცნობის მომენტს. მივედით საპატიმროში და იქ ყველა პატიმარი შავებში იყო ჩაცმული. ისინი ცოლ-შვილს ელოდებოდნენ და ერთ-ერთი იყო მამაც.
როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ჩვენ ეს დავინახეთ, საშინელი პროტესტი გვქონდა. ვეცით კალთაზე და დავიწყეთ გამოქაჩვა, წასვლა გვინდოდა. შემდეგ უკვე გავაცნობიერეთ, რომ ის მამაჩვენი იყო. დედამ ამაში დიდი როლი ითამაშა. მამა გარდაიცვალა უკურნებელი სენით. მაშინ ჯერ მხოლოდ 16 წლის ვიყავი”, – ამბობდა ანრი ჯოხაძე.
ანრი ჯოხაძის ძმა, ომარ ჯოხაძე საზოგადოებამ სცენაზე არაერთხელ იხილა. ის საოპერო მომღერალია და წლების მანძილზე იტალიაში ცხოვრობდა და სწავლობდა, სულ ცოტა ხნის წინ კი მან ძმასთან ერთად საქარტველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც იმღერა. რაც შეეხება ჯოხაძის დას, მაგდა ჯოხაძეც, მაყურებელი მასაც კარგად იცნობს. ის დედმამიშვილებში ყველაზე უფროსია და თავადაც მღერის:
"მე ანრისა და ომარიზე უფროსი ვარ. საერთო სამეგობრო გვყავდა და შეხმატკბილებულები ვიყავით. ძალიან ტკბილად გავიზარდეთ და ჩემი ძმების ზრუნვა დღემდე მომყვება. არ ვიცი, მათ გარეშე რა მეშველებოდა. არ მახსოვს, ანრი და ომარი სახლისთვის ბაზარში წასულიყვნენ სანოვაგის საყიდლად და ყველაფერი ორ-ორი არ ეყიდათ. ბაზრიდან სახლამდე ჩემთან გამოივლიდნენ და ერთ ჩანთას მე მიტოვებდნენ. შვილები რომ გავაჩინე, მამასავით ზრუნავდნენ მათზე და დღემდე საოცარი ურთიერთობა აქვთ. ფაქტობრივად, ჩემი შვილები ჩემმა ძმებმა გაზარდეს – პამპერსიდან დაწყებული და დაძინებისას გვერდზე მიწოლით გაგრძელებული. გავთხოვდი, მაგრამ ისევ მოვთხოვდი-ასე რომ, ახლა ისევ ჩემს ძმებთან ვცხოვრობ. ჩვენი ურთიერთობა არასდროს შეცვლილა – ერთმანეთი გვიხარია და გვაბედნიერებს", - ამბობდა მაგდა.
„ამას რაც ასაკი ემატება, უფრო სიმპათიური ხდება“ - ანრი ჯოხაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
მაგდა ჯოხაძე ერთხელ იყო დაქორწინებული, ოჯახი დაენგრა, თუმცა ორი შვილი ჰყავს და ყოფილ მეუღლესთანაც შეძლო მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება:
"მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი რომ გავიცანით, ის 16 წლის იყო, მე – 13-ის. რომ შევუღლდით, მე 15-ის ვიყავი, ის 18-ის. მიუხედავად იმისა, რომ როგორც წყვილი, საბოლოოდ მაინც ვერ ჩამოვყალიბდით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. გადასარევი ურთიერთობა მაქვს დედამთილთან, ყოფილ მამამთილთან და მთელ მის სანათესაოსთან. ბრაზილიური სერიალივით გამოგვივიდა. თუმცა, რადგან ჩვენი ურთიერთობა არ შედგა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები ცუდები არიან. პირიქით, ნამდვილად სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ. 18 წელი მქონდა ოჯახი. როცა დავშორდით, ჩემი შვილები უკვე დიდები იყვნენ. ალბათ, არ გამოჩენილა ადამიანი, რომელიც ოჯახზე დამაფიქრებდა. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებ. შეიძლება, იფლირტავო, მაგრამ ოჯახი კიდევ სხვა არის" - ამბობდა მაგდა.
ამჯერად ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელში სწორედ დასთან, მაგდასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს: