ელი მიხვდა, რომ "სიზმრების დამჭერის" ბადეში ლათინური ასოები იყო გაბნეული - ზოგი თავდაყირა, ზოგიც სარკისებურად იყო შეტრიალებული. სულ ექვსი ასო იყო.
ელი სასწრაფოდ თავისი ოთახისაკენ გაემართა. "სიზმრების დამჭერი" საწოლთან ჩამოკიდა და ლეიბიდან მეთის სურათი გამოიღო. გონებაში იმ ექვს ასოს განუწყვეტლივ იმეორებდა.
კალამი ძლივს იპოვა და სურათის მეორე მხარეს მიაწერა ასოები. სხვადასხვანაირად დაალაგა და როგორც იქნა, სიტყვა მიიღო…
- "შიგნით"….
ელიმ მეთიუს სურათი ისევ წაღმა გადმოაბრუნა, შეხედა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
- შიგნით?.. რის შიგნით, მეთ… სად ხარ?.. ნეტა რა შეგემთხვა… თუ ეს მესიჯი შენ დატოვე, მაშინ რის თქმას ცდილობ?.. ალბათ, იმ გვირაბს გულისხმობ, რომელიც მე ვიპოვე… ალბათ, იმ გვირაბის შიგნით… ნუთუ შენ ხარ?..
ელიმ სურათი ისევ ლეიბის ქვეშ დამალა და გარეთ გამოვიდა. კორიდორში ვამპირის კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდა ბიჭი იდგა. სიმპათიური იყო. რაღაცნაირი ცივი და იდუმალი გამომეტყველება ჰქონდა. თეთრი, ჟაბოიანი პერანგი და შავი ფრაკი ეცვა. მხრებზე სისხლისფერი მოსასხამი ჰქონდა წამოსხმული.
ვამპირმა ელის შეხედა და თავისი ოთახისაკენ გაემართა.
- მაქცია შენ ხარ?
ელიმ ვერ მოითმინა და ზურგსუკან მიაძახა ვამპირს. ის შეჩერდა, შემობრუნდა და ელისაკენ დინჯი ნაბიჯით წამოვიდა.
- რატომ მეკითხები?
- შენ ხარ თუ არა?
- კი, მე ვარ! რა მერე?
- არაფერი… გუშინ, ღამით დავინახე, რომ ჩვენს ფანჯარას უყურებდი...
ვამპირს გაეღიმა. ელის მიუახლოვდა, ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა:
- შენ ამაში რაიმე უცნაურს ხედავ?
- არა… გიხდება ვამპირის როლი! უხეში, ცივი და ზედმეტად თავდაჯერებული ხარ…
ელიმ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
- შენც გიხდება ეს როლი… მადას აღმიძრავ! მხოლოდ მოჩვენება ხარ თუ?..
მან კიდევ გადადგა ელისაკენ ნაბიჯი. დაბალ ხმაზე ლაპარაკობდა და ნელ-ნელა უახლოვდებოდა.
- კიდევ რა შეიძლება რომ ვიყო?
- ქალი-მოჩვენება გამოძახებით!
ირონიულად გაიღიმა ვამპირმა. ელის უკან გზა აღარ დარჩა და ზურგით კედელს მიეყრდნო.
- ამ სასტუმროში ეგეთებიც ხდება?
- "ეგეთები" ყველა სასტუმროში ხდება, ლამაზო! ზოგს სექსუალურ ვამპირთან სურს ღამის გატარება, ზოგსაც მომხიბვლელ ქალიშვილ-მოჩვენებასთან…
თქვა მან, ხელები კედელს მიაბჯინა და ელი ფაქტობრივად მკლავებში მოიმწყვდია. თან თვალებში უყურებდა მას.
- გამატარე, რონი!
მკაცრი ტონით წარმოთქვა ელიმ და ვამპირი გზიდან ჩამოიშორა.
- ჩემი სახელიც გცოდნია! ეს იმას ნიშნავს, რომ…
- …ეს იმას ნიშნავს, რომ მინდა ყველას ვიცნობდე, ვინც აქ მუშაობს! ფანტაზია კლიენტებისთვის შემოინახე! - დაგჭირდება!
მიაძახა ელიმ და კიბისაკენ გაიქცა.
***
პიტერი უკვე დარბაზში იყო და ელის ეძებდა.
- სურვილების ჭასთან წადი და იქ დამელოდე!
წასჩურჩულა მან ელის და თვითონ ბარისაკენ წავიდა. ელი წყნარად გაემართა სურვილების ჭისაკენ. ცოტა ხანში პიტერიც მოვიდა და ოთხად გაკეცილი ქაღალდი ჩუმად ჩაუდო ხელში.
- რა ქენი? ელაპარაკე ალესტერს?
- ალესტერი საიდუმლო გასასვლელის არსებობას უარყოფს!
- ეს რა არის?
ელიმ ქაღალდი გაშალა.
- რუკაზე ის გვირაბი არ არის აღნიშნული, ვწუხვარ, ელ…
- დღეს ღამე კიდევ ჩავალ იმ გვირაბში!
- მარტო არავითარ შემთხვევაში არ წახვიდე! მეც წამოვალ! სადილის შემდეგ, "მკვდარი საათი" რომ გამოცხადდება, სარდაფის ჩასასვლელთან დაგელოდები!
- კარგი… მე კიდევ მაქვს რაღაც შენთვის…
- რა?
- აკლდამის კედელზე დახატულ "სიზმრების დამჭერში" ექვსი ასო წერია! კარგად თუ არ დააკვირდი, ვერ მიხვდები… ზოგი უკუღმაა! ის ასოები ამოვიწერე და სწორად დავალაგე…
პიტერი გაოცებული უსმენდა.
- მერე?
- "შიგნით" – აი, ეს სიტყვა მივიღე…
- "შიგნით?"..
- ჰო… და ვფიქრობ, რომ ის მესამე გასასვლელი უნდა იყოს კავშირში… ალბათ იმ გვირაბის შიგნით ამოშენებული კარია, რომლის შიგნითაც არის ის, რასაც ვეძებთ… უფრო სწორად, შენ ეძებ…
- ლოგიკურია! შენგან კარგი გამომძიებელი დადგებოდა, ელი…
ამ სიტყვებით პიტერი ელის დაშორდა და სურვილების ჭასთან მარტო დატოვა. ელიმ ცოტა ხანი დაიცადა. უცებ ტკაცუნი მოესმა და ხმის მიმართულებით გაიხედა. მოეჩვენა, რომ თითქოს ხეებში ვიღაც იმალებოდა.
ელი ტყის სიღრმეში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ მზე ზენიტში იყო, დაბურულ ტოტებში მაინც ძლივს აღწევდა დღის სინათლე.
ვიღაც ხეებს შორის გადაადგილდა. ელის კარგად ესმოდა მისი ნაბიჯების ხმა.
- არის აქ ვინმე?
ხმამაღლა დაიძახა მან და წამიერად შეჩერდა, რომ ყური დაეგდო. სიწყნარე იყო. უცებ მისკენ
ვიღაც ჩქარი ნაბიჯით გამოემართა. ტოტებიდან ნაცნობი მაქცია გამოვიდა და ელის წინ გაჩერდა.
- "ასე მალე როგორ მოასწრო კოსტიუმის გამოცვლა…" – გაუკვირდა ელის.
მაქცია ხმას არ იღებდა, იდგა და ელის უყურებდა.
- ასე მგონია, რომ მითვალთვალებ!
უთხრა მას ელიმ და მარჯვენა ხელი, რომელშიც პიტერის მოცემული რუკა ჰქონდა, ზურგს უკან წაიღო.
რონი მიუახლოვდა და ჰკითხა:
- შენ იმ ბიჭის გაუჩინარებასთან რაიმე კავშირი გაქვს?
ნიღაბი მის ხმას ახშობდა.
- მე არა! – შენ?
კითხვა შეუბრუნა ელიმ.
- ზურგს უკან რას მალავ?
- მე დასამალი არაფერი მაქვს!
- ყველას აქვს დასამალი რაღაც… და თუ შენ გამონაკლისი ხარ, მაშინ დამიმტკიცე!
ელის სხვა გზა აღარ ჰქონდა. არ უნდოდა, თავისი სიჯიუტით საქმე გაერთულებინა და ეჭვები გამოეწვია. ამიტომ რონის რუკა გაუწოდა.
- რად გინდა სასტუმროს რუკა?
- ორიენტაცია საერთოდ არ გამაჩნია! გუშინ კინაღამ დავიკარგე… გამომძიებელმა თავისი რუკის ასლი მომცა… მე მგონი, არაფერს ვაშავებ ამით!
რონიმ რუკა გაშალა და დახედა. მერე ისევ დაკეცა და ელის დაუბრუნა.
- კიდევ თუ გადაწყვეტ დაკარგვას, დამიძახე! ერთად დავიკარგოთ!
- არ მინდა, მადლობა!
ელიმ წასვლა დააპირა.
- ეგ რუკა ახალია და თუ შენ აქ რამეს მართლა ეძებ, ეგ რუკა არ გამოგადგება!
- ახალი?.. ეგ რას ნიშნავს? რომ ძველი რუკაც არსებობს?
რონიმ აღარაფერი უპასუხა. შებრუნდა და ცალთვალა ჯოს მაღაზიისაკენ გაემართა.
ელი სასტუმროში დაბრუნდა. სადილის დრო ახლოვდებოდა. ანა საერთო დარბაზში ჩამოსულიყო და ალესტერს ესაუბრებოდა.
- აი, გამოჩნდა ჩვენი თეთრი მოჩვენება!
ალესტერმა ელის ხელი დაუქნია.
- შენს დაიკოს წესების ფურცელი მივეცი და სადილის შემდეგ გადახედე. "თეთრი ქალის" უფლება-მოვალეობებში ლუქსი-ოთახების დალაგებაც შედის! ამჟამად მხოლოდ ორი ლუქსია დაკავებული, მეექვსე ნომერში წყვილია გაჩერებული, ხოლო მეთორმეტეში გამომძიებელი…
- რა უნდა გავაკეთო, მისტერ ალესტერ?
- დილაობით, სასაუზმოდ რომ ჩავლენ, შეხვალ და საწოლებს აალაგებ. მტვერს გადაწმინდავ და მტვერსასრუტით დაასუფთავებ ხალიჩას.
- გასაგებია! დილიდანვე შევუდგები საქმეს!
ალესტერმა ელის თვალი ჩაუკრა და ბარისაკენ გაემართა.
- რა ქენი? ცნობისმოყვარეობა მკლავს! ერთი წუთითაც ვერ გამოვედი იმ დაწყევლილი
ოთახიდან. საშინლად დავიღალე…
თქვა ანამ და დივანზე ჩამოჯდა.
- არ დაიჯერებ, რასაც ახლა გეტყვი… მე და პიტერი სარდაფის გვირაბში ვიყავით და ის მესამე გასასვლელი გამქრალია!
- რას ნიშნავს გამქრალი?
- მხოლოდ ორი გვირაბი დაგვხვდა! კინაღამ მეც შემეპარა ეჭვი საკუთარ თავში…
- ეს რას უნდა ნიშნავდეს?
- იმას, რომ გუშინ ღამე მესამე გასასვლელი შემთხვევით დარჩა ვიღაცას გახსნილი…
ანა დაფიქრდა.
- ასეც ვიცოდი, რომ აქ რაღაც ხდება!
- "მკვდარი საათი" რომ გამოცხადდება, მე და პიტერი ისევ ჩავალთ… პიტერმა რუკა მომცა, მაგრამ ის გვირაბი არ არის აღნიშნული. ეს კიდევ არაფერი… ის მაქცია გახსოვს? გუშინ რომ გვიყურებდა?
- კი…
- დღეს შემხვდა ზევით, კორიდორში… მერე ჭასთანაც… ჰოდა, რუკა დაინახა…
- რამე გითხრა?
- მე ვუთხარი, რომ რუკის გარეშე ორიენტაცია მიჭირს… დახედა და მითხრა, რომ თუ რამეს ეძებ, ეს ახალი რუკა არ გამოგადგებაო… გესმის? როგორც ჩანს, სასტუმროს ძველი რუკაც არსებობს!
- ელი… უფრო ფრთხილად უნდა იყო! ეგ მაქცია შეიძლება გითვალთვალებდეს… იქნებ მეთის გაუჩინარებაში მისი ხელიც ურევია?.. ჩვენ არაფერი ვიცით, ამიტომ არავის არ უნდა ვენდოთ და ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. არის კიდევ რამე ისეთი, რაც მე უნდა ვიცოდე?
ანას სიტყვებზე ელი შეკრთა.
- არა… ჯერჯერობით არაფერი…
- კარგი! "მკვდარი საათის" დროს ყურადღებით ვიქნები და იმ მაქციას ვუდარაჯებ!
გაგრძელება იქნება