"ჩემი აზრით, ლამარა დადებითი პერსონაჟი იყო და სახასიათო. მას მერე, რაც სერიალში მეგრელების სცენები გამოჩნდა, განსაკუთრებით, გრიშა კაკაჩიასი და ლამარასი, მაყურებელმა შეგვიყვარა. ალბათ იმიტომ, რომ ბუნებრივი სცენები გამოგვივიდა" - გვეუბნება მსახიობი მარინა დარასელია, რომელიც პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გრიშა კაკაჩიას მოახლის როლს შესანიშნავად ასრულებდა. ბოლო დროს ეს გმირი "დაქალებში“ აღარ გამოჩენილა და არც მეგრული ხაზი გაუაქტიურებია გადამღებ ჯგუფს.
რას საქმიანობს მარინა დარასელია, როგორ ცხოვრობს და რა ნატვრა აქვს, ამაზე ინტერვიუდან შეიტყობთ:
- მე და დათო კვირცხალია გადაღებებზე რაღაცებს ექსპრომტადაც ვაკეთებდით, ესეც უხდებოდა, რადგან ბუნებრივი იყო და ლამაზად ჯდებოდა სცენარში... მთელი თბილისი მეუბნებოდა, სადაც უნდა მივსულიყავი და გამევლო (დღემდე გრძელდება), რომ კარგი პერსონაჟი ხართ, ქალბატონო ლამარა, ვგიჟდებით თქვენზე, გვიყვარხართო... ეს რამხელა ბედნიერებაა, რომ მაყურებელს ასე უყვარხარ და გაფასებს. დათო კვირცხალიამ ხომ გრიშა კაკაჩიას საოცარი პერსონაჟი შექმნა. მეგრულში არის ასეთი სიტყვა "სკუმონტილი", რაც ცოტა პედანტს, ცოტა კირკიტა ადამიანს ნიშნავს, ქართულად ზუსტი თარგმანიც არ არის. ამ სიტყვას მხოლოდ მეგრელები გაიგებენ. მოკლედ, გრიშა კაკაჩია ზუსტად „სკუმონტილი კოჩია“, არაჩვეულებრივი იყო...
- ერთმანეთისთვის უცხო მსახიობები გადასაღებ მოედანზე ასე გადაიკვეთეთ და საოცარი ტანდემი შექმენით...
- უსიტყვოდ ვხვდებოდით, ვის რა გვინდოდა, ერთი დუბლი არ გაგვიფუჭებია. პატარა ბავშვივით ვსწავლობდი ტექსტს, რომ პარტნიორი არ შემეწუხებინა. იმდენად ვიყავი ამ როლში ჩართული და იმდენად ორგანული ვიყავით ორივენი, გადაღების მიღმაც ზოგჯერ მეგონა, ისევ ლამარა ვიყავი.
- თქვენთან ლამარა თავისი თვისებებით ახლოს ხომ არ იყო და თუ გენატრებათ?
- ცოტა რაღაცით კი ვგავდი - ისიც გაუთხოვარი, წესიერი, ერთგული, ადამიანის პატივისმცემელი ქალი იყო, თუმცა რაღაცებითაც არ ვგავდით... ლამარა როგორ არ მენატრება. ზოგადად გადაღების პროცესიც მენატრება - შესანიშნავ მსახიობებთან ერთად ვთამაშობდი. დათო კვირცხალია, ლაურა რეხვიაშვილი, ახალბედა ნიჭიერ მსახიობებთან მიწევდა თამაში. მაყურებელს ვუყვარვართ, მთელი თბილისი, ისრაელი, ქართველი ემიგრანტები დღემდე მირეკავენ, - სად ხართ? რატომ არ ჩანს გრიშა და ლამარაო. ვეუბნები, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუ სცენარისტმა არ დაწერა, სერიალში როგორ აღმოვჩნდებით-მეთქი?!. ახლა ვოცნებობ, ნეტავ, სხვა სერიალში, ან ფილმში გადამიღებდნენ. სულ ლამარა ხომ არ ვიქნები.
ამიტომ, მინდა, მარინა დარასელიამ ეკრანზე სხვა სახეც შექმნას... თეატრის მსახიობი ვარ, ჩემი როლები სპექტაკლებში სულ განსხვავებული კია, რაც მიხარია, რომ მარინა დარასელია მუდმივად სხვადასხვა სახეს ქმნის. ჩვენს თეატრში თამთა მელაშვილის „შაშვი, შაშვი მაყვალი“ 2022 წელს დაიდგა, სადაც ეთეროს როლი ვითამაშე, მეგრელი ქალის სახე შევქმენი. სანამ როლზე დავიწყებდი მუშაობას, რატომღაც ეგონათ, ლამარას არ დაემსგავსოს, რადგან ეთერო მეგრელი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ჩიკვაიძემ (გრიბოედოვის თეატრის რეჟისორი) მეგრელი ქალი მათამაშა, ჩემი ეთერო სულ სხვა პერსონაჟი გამოვიდა. აბსოლუტურად განსხვავებული მარინა დარასელია ვიყავი. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის პრიზი მომცეს, ასევე თანხითაც (1000 ლარი) დამაჯილდოვეს. ამ სპექტაკლს კიდევ 2000 ლარი აჩუქეს.
- კმაყოფილი ხართ პროფესიის არჩევით და შემდგომ თქვენი განვლილი გზით?
- ძალიან ბედნიერი ვარ. რომ არა ეს პროფესია, სხვა რამეს ალბათ ვერც შევძლებდი. წარმოიდგინეთ, როგორია ჩვენი ცხოვრება, რამდენი ადამიანი ვარდება დეპრესიაში. ამისგან ყველას ჯვარი გვწერია, მაგრამ იმდენად გადართული ვარ ხოლმე როლებზე, რომ არა ეს პროფესია, ალბათ გავგიჟდებოდი... ქალაქში ნესტია, თეატრშიც, ამიტომ სახსრები მაწუხებს, მაგრამ სცენაზე რომ გავდივარ, დავფრინავ. ერთხელ სპექტაკლზე ექიმი დავპატიჟე და მითხრა, არ თქვა, რომ რამე მტკივაო. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩემი ტვინი როლზეა მთლიანად გადართული, სპექტაკლში ვარ მთლიანად, ტკივილი და ყველანაირი წუხილი მავიწყდება.
- ზუგდიდში თეატრის გარდა რით ხარ დაკავებული?
- სასულიერო სკოლაში მეტყველების კულტურას ვასწავლი, დრამატული წრის ხელმძღვანელი ვარ. სამწუხაროა, რომ მეტყველება საჯარო სკოლებში არ ისწავლება. კარგი იქნება, თუ განათლების სამინისტრო ამაზე დაფიქრდება. ხელოვნებას კი ასწავლიან, მაგრამ სკოლაში მეტყველების კულტურა უნდა ისწავლებოდეს, ეს არათუ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც სჭირდებათ. სწორი სუნთქვა, ენის გასატეხი სავარჯიშოები, ბგერების სწორად გამოთქმა... ამაზე მუშაობა უნდა მიდიოდეს... ასე რომ, რასაც ინსტიტუტში ამ კუთხით მასწავლიდნენ, ყველა ბავშვს ისევე ვასწავლი. ახლა ესპანეთიდან ჩამოსული ბავშვი მყავდა, ხ-ს, წ-ს, ჭ-ს ვერ ამბობდა, იქ დაიბადა და გაიზარდა. ლოგოპედთან მიიყვანეს, მაგრამ არ გამოვიდა არაფერი. მას მეტყველების პედაგოგი სჭირდებოდა. მართალია, ვიწვალე, მაგრამ ბავშვმა ყველა ის ბგერა თქვა, რასაც ვერ ამბობდა... ნეტავ, საჯარო სკოლაშიც შეიტანდნენ ამ საგანს, სიამოვნებით ვიმუშავებდი. ჩემს გაკვეთილებზე ბავშვების აქტივობაც არის, ინტერესით არიან ჩართულები, მონდომებულები არიან და კმაყოფილები. ძალიან ვუყვარვარ. ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ამასაც მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც მარინა მასწს მეძახიან. „თეატრალურის“ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, მეტყველებას გურამ საღარაძე რომ გვასწავლიდა. ერთ ნიშანს უკლებდა იმას, ვინც ცხვირში ლაპარაკობდა, ეს არაფრით არ შეიძლებაო... მოკლედ, მეტყველება ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის.