დავით გორგილაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი დედისადმი მიძღვნილ წერილს აქვეყნებს.
"დედას დაბადების დღეა.
გული არ მიშვებს, გამოვთვალო, რამდენი წლის გახდებოდა. როცა პირველად ვკითხე ასაკი, მითხრა, ორმოცდაორი წლის ვარო. ჩემს მეხსიერებაში მუდამ ორმოცდაორის იქნება. ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, მის ალბომებს ვათვალიერებ - ფრანგული და იტალიური კინოს კადრებითაა სავსე. ფოტოები ისეთი საიუველირო სიზუსტითაა ამოჭრილი, ისე ფაქიზადაა ჩაკრული... როცა ამ ალბომებს აკეთებდა, ოცისა არც იქნებოდა. ვზივარ და ვფიქრობ, რაზე ოცნებობდა მაშინ გოგონა, რა ჰქონდა გულში. ზოგჯერ მის გვერდზე გადავდივარ და ვჭოჭმანობ, გავხსნა თუ არა მიმოწერა. ვერ ვხსნი, რა თქმა უნდა. მის ნომერსაც ვკრეფ ხოლმე. დარეკვით ვერცერთხელ გავბედე. რას იზამ, ასეთია ობოლი ხალხის ბედი. ვიგონებთ, წარმოვიდგენთ, ვიხსენებთ. არაფერს ვაშავებთ ამით. უბრალოდ, ცხოვრებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა.
3 ამბავი სესილია თაყაიშვილის ცხოვრებიდან
ვიღლი ხოლმე გონებას ეჭვებით, რატომ მიივიწყა მანჩომ ჩემი სიზმრებისკენ მომავალი გზა. ბრაზი მერევა იმის წარმოდგენით, რომ შეიძლება დავავიწყდი. იქნებ აღარ ახსოვს, როგორ მწევდა ჰაერში რეიტუზის ჩაცმისას, როგორ მიშრობდა თმას, როგორ მაჭმევდა შემწვარ კარტოფილს ხელით. ვაითუ ჩემი არც სახე ახსოვს და აღარც სახელი - ვფიქრობ ხოლმე, ვცოფდები ამ ფიქრით და როცა კი რამე წამომტკივდება, გამოჩნდება ისევ სიზმრებში. ზუსტად ისეთი, ორმოცდაორი წლისა. წელიწადში ერთი დღე შემომრჩა, როცა აქ ხარ და არა მიღმიერ სამყაროში - ეს დღე დღესაა. მიყვარხარ და მთელი ცხოვრება წერაში რომ გავხარჯო, მაინც ვერ აგიხსნი, როგორ მჭირდები და მენატრები. ჩემი შვილის თვალები შენსას ჩამოჰგავს და ზოგჯერ მგონია, რომ შენც მიყურებ მასთან ერთად. ბევრი რამ მოხდა შენი წასვლის შემდეგ, ბევრია მოსაყოლი. მოვა მაგის დროც. გილოცავ", - წერს დავით გორგილაძე.
33 წლის ქართველი მწერალი და ჟურნალისტი დავით გორგილაძე თბილისში დაიბადა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება. არის ამავე უნივერსიტეტის "მედიისა და ახალი ტექნოლოგიების“ მაგისტრი.
გარდა სამწერლო საქმიანობისა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის მთავარი გადაცემის ტელეწამყვანია. ასევე საქმიანობს კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. არის ცნობილი ქართული საგანმანათლებლო ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ის ექსპერტ-ბლოგერი. საკუთარ ტექსტებში, ძირითადად, ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ თემებს ეხება. ასევე წერს პორტრეტებს მისთვის საინტერესო და საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანებზე. არის არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. მისი მოთხრობები 2011 წლიდან იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. 2018 წელს "ინტელექტმა" გამოსცა მისი მოთხრობების წიგნი "ღმერთი სამსახურშია", რომელიც მალევე იქცა ბესტსელერად.
დათო გორგილაძე დაქორწინებულია ნინია მაჭარაშვილზე. წყვილს ერთი შვილი, რემედიოსი ჰყავს. დათო შვილის აღზრდაში აქტიურადაა ჩართული და ამის შესახებ თავადაც არაერთხელ ისაუბრა:
"ჩემი ცხოვრება შვილის დაბადების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. აბსოლუტურად სხვა ფერები, განცდები და განწყობები შემოიტანა. შვილზე უკეთესი მეგობარი ვერასდროს ვერ გეყოლებათ. შვილის ყოლა, ვალდებულებასთან ერთად, პირველ რიგში, ბედნიერებაა - გაძლევს საშუალებას, რომ ხელახლა დაიბადო" - ამბობდა დათო გორგილაძე.