ელი თავის საწოლში იწვა. ცდილობდა, როგორმე დამშვიდებულიყო. თვალებიდან არ ამოსდიოდა ნანახი კადრი. ყელში ბურთი ჰქონდა გაჩხერილი და სიმწრისაგან ხელს მაგრად უჭერდა მეთიუს ნაჩუქარ მედალიონს.
ელი მთელი თავისი არსებით გრძნობდა, რომ აქ სრულიად მარტო იყო. გრძნობდა, რომ მეთიუს პოვნა მხოლოდ მას შეეძლო, თუ, რა თქმა უნდა, მეთი ცოცხალი იყო...
დარწმუნდა, რომ სინამდვილეში ანასაც არ უნდოდა მეთიუს დაბრუნება.
ელის თავში ათასნაირი აზრი უტრიალებდა. - რატომ? რატომ ან რისთვის გაწირეს მეთი...
პიტერთან დაკავშირებით, ელი გაორებულივით იყო. ერთი მხრივ, თითქოს ენდობოდა მას, მაგრამ ძალიან ბევრი ეჭვი არ აძლევდა მოსვენებას. თუ გამოძიება მიმდინარეობს, რატომ არ ეძებენ მეთიუს მშობლიურ ადგილებში? როგორც მეგიმ უთხრა, ნაიადაში საერთოდ არ გამოჩენილა პოლიცია.
იქნებ პიტერმა იმაზე მეტი იცის, ვიდრე ამბობს? იქნებ იცის, სად უნდა ეძებოს მეთი?..
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ანა ოთახში დაბრუნდა და კარი ფრთხილად ჩაკეტა.
- ელ, გძინავს?
ძალიან დაბალ ხმაზე დაილაპარაკა და როდესაც დარწმუნდა, რომ ელის ეძინა, თვითონაც შეწვა საწოლში.
***
ალესტერი გოგოებს საგრიმიოროში დახვდა და რაციები გადასცა. ეს არ იყო სტანდარტული ფორმის გადამცემი. ამ რაციებს მედალიონების ფორმა ჰქონდათ, მრგვალი დისკოს ფორმის, შუაში ღილაკით. ელიმ როგორც კი დახედა, მაშინვე გაახსენდა იმ უცნაურ დღიურში ნანახი აცტეკების მზის კალენდარი.
ელიმ ჩაიცვა, გრიმი გაიკეთა და ლუქსების დასალაგებლად გაემართა. ჯერ მეექვსე ლუქსი დაალაგა, შემდეგ მეთორმეტეში შევიდა. პიტერი არ დახვდა. სავარაუდოდ, სასაუზმოდ იყო ჩასული. ელიმ ჯერ მისი საწოლი გადაასწორა და შემდეგ დაიწყო მტვრის გადაწმენდა. ტუმბოზე ლურჯი საქაღალდე იდო.
ელიმ ყოველი შემთხვევისათვის კარი შიგნიდან გადაკეტა და საქაღალდე გადაშალა.
საქაღალდეში პრინტერზე ამობეჭდილი ფურცლები იდო, რომლებზეც რაღაც იურიდიული ტერმინები ეწერა. კიდევ იყო კრიმინალური პოლიციის შესახებ ძალიან ზოგადი ინფორმაცია.
გამომძიებლის უფლებები და სხვა ისეთი რამ, რაც წესით, პიტერს პირველ კურსზე უნდა ესწავლა.
ელიმ ქაღალდები ისევ საქაღალდეში ჩააწყო და პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნა.
ოთახიდან გამოსვლა რომ დააპირა, საკიდზე პიტერის ქურთუკს მოჰკრა თვალი. გულმა ვერ მოუთმინა და ჯიბეებიც მოსინჯა. გულის შიგნითა ჯიბეში დაკეცილი ფურცელი იდო, რომელზეც ფანქრით რუკა იყო დახატული.
ფურცელზე აკლდამა იყო გამოსახული, საიდანაც მიწისქვეშა გვირაბი გადიოდა და სასტუმროს სარდაფის გვირაბს უერთდებოდა. ოღონდ სასტუმროს გვირაბი არ იყო ბოლომდე დასრულებული და ვერ გაიგებდი, კონკრეტულად რომელი ადგილიდან გადიოდა გზა აკლდამაში.
"გამოდის, რომ პიტერმა იცის აკლდამაში მისასვლელი ალტერნატიული გზა! საინტერესოა, რატომ არ მითხრა?"
ელიმ ნომერი დატოვა და სასადილოსაკენ გაემართა.
პიტერი თავის ადგილას იჯდა და საუზმობდა. ელიმ მის მაგიდასთან ჩაიარა და ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა.
შიდა სასადილოში უკვე პერსონალის მეორე ცვლა საუზმობდა. ანა აღარ იყო. ელის გაუხარდა კიდეც, რადგან რაც უფრო იშვიათად ნახავდა მას, მით უფრო ნაკლებად მოეშლებოდა ნერვები.
აუჩქარებლად ისაუზმა. გონებაში ყველაფრის შეჯერებას და გაანალიზებას ცდილობდა. გული დასწყდა, რომ მისი ეჭვები კიდევ უფრო მიუახლოვდა სიმართლეს. პიტერი ნამდვილი გამომძიებელი არ არის... ნუთუ ისიც ისევე თამაშობს ამ როლს, როგორც ანა და ყველა დანარჩენი?
ელიმ პიტერის მაგიდისაკენ გაიხედა და "სიზმრების დამჭერის" ბადეში დაწერილი სიტყვა გაახსენდა – "შიგნით".
იქნებ გვირაბის გასასვლელის ნაცვლად, აკლდამის შიგნით უნდა ეძებოს პასუხი? რატომ დაახატა მეთიუმ ის სიმბოლო მაინცდამაინც აკლდამის კედელს? ელის ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ ტროლის ფორმა სწორედ მეთიუმ მოირგო და ის სიმბოლოც მან გამოსახა. – რატომ მაინცდამაინც "სიზმრების დამჭერი"? – იმიტომ, რომ ელი მას იცნობდა… რადგან მის სახლში, მის საწოლთან ნახა და ლეგენდაც მოისმინა. თუ მეთიუმ ეს მესიჯი ელის გაუგზავნა, ე.ი. გამოდის, რომ მან იცის, რომ ანას ნდობა არ შეიძლება!
***
ანა სადილამდე აღარ გამოჩენილა. ალბათ, მუშაობდა. დღემ ექსცესების გარეშე ჩაიარა. დამსვენებლებს "კინოს დღე" ჰქონდათ და ერთ-ერთ დარბაზში, სადაც პატარა კინოთეატრი იყო მოწყობილი, ფილმს უყურებდნენ.
ელიმ დაინახა, როგორ წავიდა თავისი მანქანით პიტერი სადღაც. საღამოს პერსონალი ალესტერმა სასტუმროს ეზოში შეკრიბა და აცნობა, რომ ტროლის ვაკანსიას მსურველი გამოუჩნდა, რომელიც ამ წუთებში კოსტიუმს ირგებდა და მალე შეუერთდებოდა მათ.
ელი დრაკულას შადრევანთან ჩამოჯდა. ის უკვე წუთებს ითვლიდა, როდის დასრულდებოდა სამუშაო საათები, რომ მეგისთვის დაერეკა.
სასტუმროდან ტროლის კოსტიუმში გამოწყობილი მაღალი მამაკაცი გამოვიდა, იქაურობა მოათვალიერა და შადრევნისაკენ გამოემართა. გზად შეჩერდა და ალბინოს ბილის გამოელაპარაკა. მერე ისევ ელისაკენ წამოვიდა და მის გვერდით ჩამოჯდა.
- როგორ გიკითხოთ, თავნება და უშიშარო ქალბატონო?
ელის მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა… მან მაშინვე იცნო მისი ხმა…
- შეენ?
ძლივს ამოთქვა და უეცრად უდიდესი შვება იგრძნო. ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს სადღაც, სხვა განზომილებაში, სადაც ყველა უცხო იყო მისთვის, როგორც იქნა, გამოჩნდა ვიღაც თავისიანი…
- ჯონი…
- ჩემი სახელი ხმამაღლა არ ახსენო, პატარა! და საერთოდაც, არ შეიმჩნიო, რომ მიცნობ… მოკლედ, მეგიმ ყველაფერი მომიყვა! ის კანადელი არქეოლოგი იპოვა, რომელიც ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ნაიადაში… არავითარ ანა ჯონსს არ იცნობს და არც გაუგია ეს სახელი…
- ასეც ვიცოდი…
- მაგრამ ექსპედიციის წევრები ამ სასტუმროში მართლა იყვნენ გაჩერებულები…
- ალბათ, აქ ნახა ანამ მათი პირადი მონაცემები და ალიბისთვის გამოიყენა!
- როგორც ჩანს… მისმინე, პატარა! მამაშენისთვის არაფერი მითქვამს, რადგან შენმა დამ თავი გაიგიჟა! ამიტომ მე წამოვედი… თავიდანვე რომ გეთქვა ჩემთვის შენი გიჟური გადაწყვეტილების შესახებ, მარტოს არაფრის დიდებით არ გამოგიშვებდი! ახლა იცოდე, რომ მე შენ გვერდით ვარ და ერთი წამითაც არ დაგტოვებ მარტოს!
ელი სიხარულისაგან კინაღამ ატირდა, მაგრამ დროულად შეიკავა თავი.
- მადლობა, ჯონ! არც კი ვიცი, რა ვთქვა… ყველაფერს მოგიყვები! ყველაფერს, რაც გავიგე…
აკანკალებული ხმით უთხრა ჯონის.
- რა თქმა უნდა, მომიყვები… მაგრამ დაიმახსოვრე წესი ნომერი პირველი: – როდესაც მეგის დაურეკავ, ჩვეულებრივ ელაპარაკე, რადგან შეიძლება შენი ტელეფონი ისმინებოდეს!
ელიმ ჯონს ყველაფერი მოუყვა.
- არ ღირდა ამ საქმეში ჩარევა, ელი!
უთხრა ჯონიმ ელის, როდესაც მისი მონაყოლი ბოლომდე მოისმინა.
- რას ფიქრობ პიტერზე, ჯონ? შენი აზრით, შეიძლება მისი ნდობა?
- ეგ ისევეა გამომძიებელი, როგორც მე შერიფი! სტაჟირებაზე თუა, არ ვიცი… როგორ შეიძლება გამოცდილ დეტექტივს გამოეპაროს ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, რომელსაც უბრალო მიმტანი გოგონა მიხვდა? გარდა მაგისა, მეგიმ თქვა, რომ პოლიცია არ დაუნახავს მეთიუს სახლთან. არადა, წესით, მთელი ნაიადა უნდა გადაეჩხრიკათ.
- იქნებ არსებობს რაიმე მიზეზი, რის გამოც ურჩევნიათ, რომ გამოძიება ფარულად მიმდინარეობდეს? პიტერი არ ჩანს ცუდი ტიპი… აფერისტის შთაბეჭდილებას არ ტოვებს!
- აფერისტმა თუ აფერისტის შთაბეჭდილება დატოვა ხალხზე, მაშინ აფერისტი კი აღარ იქნება, ელ… ისე, ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ მეთიუ მოგწონდა!
- მომწონდა?
- ოღონდ არ მითხრა, რომ თავი საფრთხეში ტყუილუბრალოდ ჩაიგდე! თუ ანას დახმარება გინდოდა, მაშინ აიკრავდი გუდა-ნაბადს, როცა ის სურათი იპოვე. მაგრამ შენ დარჩი და თავი დეტექტიური რომანის გმირად წარმოიდგინე!
- ყველაფერი ეგრე მარტივად არ არის, ჯონ… თუ ანას ვეტყოდი, რომ ყველაფერს მივხვდი, რა გარანტია მექნებოდა, რომ მეც არ მომიშორებდნენ თავიდან?
- მეთიუ კარგი ბიჭია! მაგრამ ხომ არ ჯობია, რომ ეს საქმე პოლიციას მივანდოთ? ოღონდ ნამდვილ პოლიციას, რომელსაც ჩვენ გამოვიძახებთ და არა ანა, რონი ან ალესტერი!
- მაგაზე მეც ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ასე რომ მოვიქცეთ, შეეშინდებათ და ყველანაირ კვალს მოსპობენ. თუ ერთპროცენტიანი შანსი მაინც არსებობს იმისა, რომ მეთიუ ცოცხალია, არ მინდა, ის შანსი მოვსპო… საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება! მე რომ მეთიუს ადგილას აღმოვჩენილიყავი, რას გააკეთებდი, ჯონ?
- ამ სასტუმროს ცაში ავწევდი და მიწიდან ამოგიღებდი, პატარა!
ჯონი ფეხზე წამოდგა.
- წამოდი, შენს ახალ კოლეგას დაათვალიერებინე აქაურობა!
ელიმ ჯონის სასტუმროს ეზო დაათვალიერებინა და აკლდამაც აჩვენა. მერე ცალთვალა ჯოს მაღაზიაში წაიყვანა. ჯონი ძალიან ბუნებრივად იქცეოდა და ყოველ შემხვედრს გამოელაპარაკებოდა ხოლმე. ცალთვალა ჯოსაც გაუბა საუბარი და შენობის შესახებაც შეაპარა კითხვები.
- ნეტა რომელ საუკუნეში აშენდა ეს შენობა? ან ვინ იყო მისი პირველი მფლობელი? სიამოვნებით ამოვქექავდი არქივს, თუ, რა თქმა უნდა, არსებობს.
- არსებობს! შენობა რომ აღადგინეს, გვირაბებში იპოვეს საიდუმლო ოთახი, სადაც ჩანაწერები იყო. საინტერესო ის არის, რომ მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, რა ენაზე იყო შესრულებული ნაწერი. შარშან ცნობილი არქეოლოგი იყო ჩამოსული. ვერც ის მიხვდა, რასთან ჰქონდა საქმე. ასე თქვა, ეს ან გამოგონილი ენაა, რომლის გაშიფვრა მხოლოდ მის მომგონს შეეძლო, ან რაღაც აღმოჩენასთან გვაქვს საქმეო…
- ჩანაწერების გარდა, ვერაფერი იპოვეს?
- კი, იყო რაღაცები… დიდი ზომის ფერწერული ნამუშევრები. ერთ ნახატზე, სავარაუდოდ,
სახლის მფლობელი, წვერებიანი კაცი იყო თავის ცოლთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოსახული. დანარჩენებზე რაღაც საშინელი სცენები დაეხატათ…
- მსხვერპლშეწირვის თემაზე ხომ არა?
ჰკითხა ელიმ ჯოს.
- რაღაც ასეთი, კი… თავმოჭრილი ცხოველები, ბევრი სისხლი… თეთრკაბიანი ქალი, რომელიც რაღაც ბორბალზე იყო გაკრული…
- ის ნახატები ისევ არსებობს?
დაინტერესდა ჯონი.
- სარდაფში უნდა იყოს, რომელიღაც ოთახში. ეგეთი რაღაცები მისტერ ალესტერს უნდა ჰკითხოთ. აი, აქ რაც დევს, ჩემს მაღაზიაში… უმეტესობა ამ ფიგურათაგან იმ შავ ოთახშია ნაპოვნი… ამათ არ ვყიდი.
- შავ ოთახში?
ელიმ ჯო სიტყვაზე გამოიჭირა.
- ყველა სართულზე თითო შავი ოთახი იყო. სულ ოთხი შავი ოთახი, შავი კარებით…
- და რა იყო იმ ოთახებში, გარდა ამ ნივთებისა?
გაგრძელება იქნება