"ცალთვალა" ჯომ კარადის ქვედა თაროდან ხის ძველებური ყუთი გადმოიღო და დახლზე დადგა.
- როგორც ექსპერტებმა შეაფასეს, ის შავი ოთახები ადამიანების დასასჯელად გამოიყენებოდა. სავარაუდოდ, იქ მონებს სჯიდნენ. ეშმაკმა უწყის, რა საშინელებებს სჩადიოდნენ მაგ ოთახებში… აი, ეს ძველისძველი ჟანგიანი უცნაური იარაღები იპოვეს: სამართებლები, კაუჭები და რაღაც ოხრობები…
ჯომ ყუთს სახურავი ახადა და ელისა და ჯონის იარაღები აჩვენა.
- საშინელებათა ფილმებში, ხალხს რომ აწამებენ მანიაკები, ისეთი რაღაცებია!
თქვა ელიმ და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.
- და სასტუმროს მფლობელის ვინაობა რატომ არის ასე გასაიდუმლოებული?
ჩაეკითხა ჯონი, რომელიც გულდასმით ათვალიერებდა ჟანგისაგან შეჭმულ იარაღებს.
- მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ იმიჯია! ასეთ ადგილს უხდება მსგავსი სცენარი. რაც მეტია ბუნდოვანება, მით მეტია ინტერესი ხალხის მხრიდან! ყველაფერს მარკეტინგული გათვლა აქვს!
- შენც არ იცი, ვინ არის მფლობელი?
ჩაეძია ჯონი.
- არა, მეგობარო! ნამდვილად არ ვიცი… ის ვიცი, რომ საკმაოდ გულუხვია! მე მგონი, არც ერთ სასტუმროში არ არის ისეთი მაღალი ხელფასები, როგორიც აქ!
- კი, ხელფასი ნამდვილად მიმზიდველია! კარგი… აღარ მოგაცდენ! სასიამოვნო იყო საუბარი… სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, თუ თანახმა იქნები, ბარში დავლიოთ რამე.
ჯონიმ ცალთვალა ჯოს მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი და გასასვლელისაკენ დაიძრა.
- სიამოვნებით, ძმაო!
როდესაც ელი და ჯონი მაღაზიიდან გამოვიდნენ, ელის რაცია-მედალიონმა დაიწკრიალა და მოდერატორის ხმა გაისმა. ყველა პერსონალს სასტუმროს მთავარ "ფოიეში" უხმობდნენ. ჯონისთვის რაცია ჯერ არ მიეცათ, ამიტომ ორივენი ერთად დაბრუნდნენ სასტუმროში.
დარბაზში სასტუმროს ყველა დამსვენებელი და პერსონალი ერთად შეკრებილიყო და რაღაც თამაშს თამაშობდნენ.
- თეთრი ქალი და ტროლიც გამოჩნდნენ! შეგვიძლია დავიწყოთ!
ხმამაღლა წარმოთქვა ალესტერმა და ორივეს ხელი დაუქნია.
- ჩემი ბრალია, მისტერ ალესტერ! გოგონას ტერიტორიის დათვალიერება ვთხოვე. ცალთვალა ჯოც გავიცანი… ვწუხვარ, თუ გალოდინეთ!
- არა უშავს, არა უშავს! კარგ დროს მოხვედით. ერთ თამაშს ვთამაშობთ… მოკლედ, ჯერ უნდა დაწყვილდეთ! ტროლის მეწყვილე იქნება ვამპირი ენჯი! ენჯი, მოდი, აქ დადექი…
ვამპირი გოგონა ჯონის გვერდით ამოუდგა.
- დანარჩენი ყველა დაწყვილებულები ხართ! უი, ელი რჩება მარტო…
ალესტერმა პერსონალი მოათვალიერა. ამ დროს დარბაზში მაქცია შემოვიდა და მათკენ გამოემართა. როგორც ჩანს, კოსტიუმის გამოსაცვლელად იყო ასული.
- რონი, მოდი აქ! შენ იქნები "თეთრი ქალის" მეწყვილე!
მაქცია ელის გვერდით ამოუდგა და მის მოპირდაპირედ მდგარ ტროლს შეხედა. მართალია, სახე ნიღბიდან არცერთს უჩანდა, მაგრამ ორივეს ეტყობოდა, რომ ერთმანეთს აკვირდებოდნენ.
ანა უთავო მხედართან დაეწყვილებინათ, რის გამოც საკმაოდ უკმაყოფილო გამომეტყველებით იდგა.
ალესტერი მკვირცხლი მოძრაობებით დაჰქროდა დარბაზში. მან ხის შავი ყუთი გამოიტანა, რომელსაც სახურავი მრგვლად ჰქონდა ამოჭრილი. ყუთი სათითაოდ ჩამოატარა მოთამაშეებში. ყოველ წყვილს ყუთიდან ერთი ბარათი უნდა ამოეღო და წაეკითხა. ბარათებზე დავალებები ეწერა.
პირველად ანამ ამოიღო ყუთიდან ბარათი და ხმამაღლა წაიკითხა:
- "ნომერი 23… რამდენიმე წლის წინ ამ ნომერში დედა-შვილი შესახლდა. ქალიშვილს სახელად ელისი ერქვა. ყოველ ღამე, შესრულდებოდა თუ არა 5 საათი, მათი ნომრის კარებზე ვიღაც კაკუნს იწყებდა. ელისის დედა კართან მიდიოდა და კითხულობდა, თუ ვინ იდგა კარს მიღმა, მაგრამ პასუხი არ იყო. ელისის დედას კარი არასოდეს გაუღია.
ერთხელ რაღაც საქმეზე ქალაქში გაემგზავრა და ერთი ღამით ელისი მარტო დატოვა. კაკუნი განმეორდა. ელისს ძალიან შეეშინდა, მაგრამ კართან მაინც მივიდა და დაიძახა – ვინ არის? – პასუხი არ იყო! მაშინ კარს გასაღები გამოაძრო და ჭუჭრუტანაში გაიხედა. კორიდორში პატარა ბიჭი იდგა, რომელიც პირდაპირ ჭუჭრუტანას უყურებდა. უცებ მოხუცი კაცის ხმით დაიყვირა, არ მიყუროო!
გულგახეთქილი ელისი კარს მოშორდა და დაიმალა. შეშინებულმა ბავშვმა მთელი ღამე იმ სამალავში გაატარა. თავის თოჯინას იხუტებდა მკერდში. – იპოვე მისი სამალავი და წამოიღე ელისის თოჯინა!"
ყველა სათითაოდ იღებდა ყუთიდან ბარათს, რომლებზეც სხვადასხვა შიშისმომგვრელი ისტორია ეწერა და კონკრეტული ადგილები იყო მითითებული, საიდანაც მოთამაშეებს რაღაც ნივთი უნდა წამოეღოთ.
დამსვენებლები მათ დავალებებს უსმენდნენ და ფსონებს დებდნენ, თუ რომელი წყვილი დაბრუნდებოდა პირველი ნაპოვნი ნივთით დანიშნულების ადგილზე.
ელის რიგიც მოვიდა. მან ხელი ყუთში ჩაყო და ბარათი ამოაძვრინა.
- "დაწყევლილი ქოხი!" – ოჰოო, რა სასიამოვნო დასაწყისია!
გაეღიმა ელის და ხმამაღლა წაიკითხა:
- "ტყის სიღრმეში ქოხი იდგა, სადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ერთი უბედური შემთხვევის გამო ქმარს ფეხები მოეყინა და მოჰკვეთეს. სანაცვლოდ, ხის ფეხები დაუყენეს. ახალგაზრდა ქალი ინვალიდი ქმრის ამარა დარჩა და მალე საყვარელი გაიჩინა. მათ ერთად მოკლეს საცოდავი კაცი და მისი სხეული ტყეში ნადირებს მიუგდეს შესაჭმელად!
მას შემდეგ მიცვალებული ყოველ ღამე გამოდიოდა ტყიდან და ქოხის სიახლოვეს დადიოდა. თან თავისი ხის ფეხებით აკაკუნებდა, რითიც სახლში მყოფთ ენითაუწერელ შიშის ზარს სცემდა... მოძებნე ქოხი და წამოიღე მკვლელობის იარაღი!"
ელიმ კითხვა დაამთავრა და სიცილი აუტყდა.
- ეს ხუმრობაა, ხომ?
- მადლობა თქვი, რომ ჭაობი არ შეგხვდა!
უთხრა ელის ვამპირმა ენჯიმ და თავისი ბარათი ალესტერს დაუბრუნა.
- გონგის ხმას რომ გაიგებთ, შეგიძლიათ თამაში დაიწყოთ! ძველებმა წესები კარგად იციან, მაგრამ ახლების საყურადღებოდ გავიმეორებ! მოკლედ, თამაში ძირითადად სისწრაფესა და ლოგიკაზეა აგებული. იმარჯვებს ის, ვინც პირველი მოიტანს ნაპოვნ ნივთს. ექვსივე ლოკაციაზე, სადაც თქვენ უნდა წახვიდეთ, კამერებია დამონტაჟებული. ჩვენ ყველანი კინოდარბაზში შევალთ და ეკრანიდან გადევნებთ თვალს! აბა, წარმატებები!
ალესტერმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა თუ არა, გონგის ხმა გაისმა.
- წამოდი!
მაქციამ ელის ხელი მოჰკიდა და სასტუმროდან გაიყვანა. ტროლი და ვამპირი ენჯიც მათ მიჰყვნენ. საფლავებს იქით ბილიკი იყოფოდა. ენჯიმ ჯონი ჭაობის მიმართულებით წაიყვანა. რონი სხვა მხარეს წავიდა. ელი მას უკან მიჰყვებოდა.
- შენ იცი, სად არის ის ქოხი?
ჰკითხა ელიმ. რონი დიდ ნაბიჯებს ადგამდა და სწრაფად მიდიოდა. ელი ძლივს ეწეოდა მას.
- როგორ არ ვიცი! პირველად კი არ ვთამაშობ!
- ესე იგი, ისიც გეცოდინება, სად უნდა ვეძებოთ მკვლელობის იარაღი…
- ადგილები უცვლელი რჩება, მაგრამ დავალებები და ისტორიები ყოველ ჯერზე იცვლება! კვირაში ერთხელ ვთამაშობთ! შენ არ წაიკითხე წესები?
- უი, არა… ჯერ არ წამიკითხავს…
- უნდა წაიკითხო! აქ სხვადასხვა პროგრამაა…
ტყის სიღრმეში ქოხი გამოჩნდა.
- ის მიცვალებული რომ აკაკუნებდა ხის ფეხებით… კინაღამ სიცილით მოვკვდი… ვინ იგონებს ამ ისტორიებს? ალესტერი?
- სცენარისტი! სასტუმროს თავისი სცენარისტი ჰყავს! აქ რაღაც ინდივიდუალური პროგრამებიც არის. შეგიძლია მიხვიდე და დაგიწერენ სცენარს!
- მაგალითად?
- მაგალითად, იმ გოთებს აქვთ სცენარი! ზუსტად არ ვიცი, რა… ვამპირების თემასთან დაკავშირებით! იმიტომ დადიან ჯგუფურად… რაღაცებს ეძებენ…
- ბიბლიოთეკაში ვნახე, ვამპირების ბიბლიას კითხულობდნენ…
- წიგნების კითხვა გიყვარს?.. რა საშინელებაა ეს ნიღაბი… ლამის დავიხუთო… თან, თითქმის ვერაფერს ვხედავ!
- მოიხსენი მერე… ჩვენ გარდა აქ მაინც არავინაა! ალესტერთან არ ჩაგიშვებ!
- კამერები დაგავიწყდა? ფრთხილად, ეს კიბე ძალიან ძველია და შეიძლება ჩატყდეს!
მაქციამ ხელთათმანიანი ხელი გაუწოდა ელის და კიბეზე ასვლაში დაეხმარა.
- რა იარაღს ვეძებთ?
- ეგ რომ ვიცოდეთ… უნდა ვივარაუდოდ! ლოგიკით უნდა მივხვდეთ, რითი შეიძლება მოეკლათ ინვალიდი კაცი…
- დეტექტივობანას ვთამაშობთ? ძალიან კარგი..
ელი და რონი ქოხში შევიდნენ. ძველი, ხის ნახევრად დამპალი ავეჯი იდგა. ოთახის ერთ კუთხეში ინვალიდის ეტლი იყო გადაყირავებული. ელი ეტლთან მივიდა და ყურადღებით დააკვირდა.
- მე ნაჯახი ვიპოვე!
თქვა რონიმ და კედლიდან ნაჯახი ჩამოხსნა.
- ნაჯახით რომ მოეკლათ, მაშინ სისხლის კვალი დაგვხვდებოდა! თან, ნაჯახს კედელზე არ ჩამოკიდებდნენ, რადგან ყოველი შეხედვისას თავიანთი დანაშაული გაახსენდებოდათ…
- მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ მკვლელობის იარაღი თავიდან უნდა მოეშორებინათ!
- წესით, კი… ან დაემალათ!
რონი ძველ სკივრთან მივიდა და სახურავი ახადა. ელიმ ინვალიდის ეტლი ფეხზე წამოაყენა.
- შეხედე! სახელურები ხისაა და ზედ ნაკაწრებია!
- მერე?
- სავარაუდოდ, ხისფეხება ფრჩხილებით კაწრავდა მას, როდესაც კლავდნენ…
- რა გინდა თქვა, რომ უცებ არ მოუკლავთ და იტანჯებოდა?
- დიახ…
- ლოგიკურია! შენ სად ისწავლე ამდენი?
რონიმ სკივრს თავი დაანება და ეტლთან მივიდა.
- არ ვისწავლე! უბრალოდ, ლოგიკა გამოვიყენე… და დეტალებს დავაკვირდი! ყოველთვის უნდა დააკვირდე დეტალებს, რადგან შეიძლება უმნიშვნელო დეტალმა ბევრი რამ გითხრას…
- ხისფეხება გაგუდეს!
თქვა რონიმ.
- სავარაუდოდ, ასეა!
- მაშინ თოკი უნდა ვეძებოთ! თან მომიყევი შენზე რამე… რამ გადაგაწყვეტინა აქ მოსვლა?
- რასაც აქ ერთ კვირაში გადამიხდიან, იქ ერთ თვეში ვიღებ…
- სად იქ?
- სადაც ვცხოვრობ!
- და სად ცხოვრობ?
- რა მნიშვნელობა აქვს? შენზე მომიყევი რამე! შენ რატომ ხარ აქ?
- იმიტომ, რომ სხვაგან წასასვლელი არ მაქვს! სახლი დავკარგე… გარკვეული მიზეზების გამო! არ მინდა ჩემს წარსულზე ლაპარაკი. არ მიცხოვრია სანიმუშოდ… მეექვსე წელია, რაც აქ ვმუშაობ! სახლის ფული მინდა დავაგროვო…
- გასაგებია…
ჩაილაპარაკა ელიმ და გულში გაიფიქრა, რომ მეთიუ შესანიშნავი კანდიდატი იყო… უპატრონო ბიჭი, რომელსაც არავინ დაუწყებდა ძებნას! რონის და ანას კი მისი სახლი დარჩებოდათ…
- შეხედე… თოკი!
რონიმ ძველ სარეცხის მანქანაში შეგდებული თოკი იპოვა.
- ეგ იქნება! დროზე დავბრუნდეთ! რა საშინელი ადგილია… ასე მგონია, ის ხისფეხებიანი კაცი მართლა ცხოვრობდა აქ!
- შენ აკლდამა არ გინახავს!
თქვა უცებ რონიმ. ელი შეჩერდა და გაოცებული მისკენ შებრუნდა.
- შენ რა, ნამყოფი ხარ შიგნით?
- კი…
- შეგიძლია მეც შემიყვანო?
- მეორედ მანდ შესვლის სურვილი არ მაქვს, ლამაზო… მაგრამ შემიძლია გზა გასწავლო! ოღონდ ეს ჩვენ ორს შორის უნდა დარჩეს!
გაგრძელება იქნება