21 მარტს "დინამო არენაზე" საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში გავიდა. 26 მარტს საქართველო-საბერძნეთის ისტორიული მატჩი გაიმართება. გუშინდელ შეხვედრაში ორივე გოლის ავტორი ბუდუ ზივზივაძე გახდა. მან თამაშის შემდეგ აღნიშნა, რომ ახლა ფიზიკურად კარგ ფორმაშია და მომდევნო მატჩს კიდევ უფრო მეტი მონდომებით ითამაშებს.
ბუდუ ზივზივაძის დუბლს სოციალურ ქსელში მისი მეუღლეც გამოეხმაურა: "ვამაყობ შენით, სიყვარულო" - დაწერა მან.
-რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს ნაკრების წევრობა? ბევრი წარუმატებლობის მიუხედავად, გულშემატკივარმა არ შეწყვიტა ნაკრების მხარდაჭერა…
ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენა. 8 წლის ასაკიდან დავიწყე ფეხბურთის თამაში – პირველი ოცნება იყო შენი ქვეყნის მაისურით თამაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე. პირველივე დღიდან ეს ფიქრი არ მქონდა, მაშინ ვერ ვიაზრებდი, მაგრამ როცა დავიწყე იმის გააზრება, რას ნიშნავდა ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოს ნაკრები, სურვილი გამიჩნდა აქ თამაშის.
- როდის მიხვდით, რომ ფეხბურთელად შედექით? რა იყო თქვენი პირველი პროფესიული წარმატება?
როცა პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მაშინ დაიწყო ჩემთვის დიდი ფეხბურთი. 17 წლის ასაკში შემდგარი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, არ ვიყავი, მაგრამ იქიდან დაიწყო პროფესიული განვითარება. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ფეხბურთელი.
- თქვენი მთავარი ოცნება რა არის?
საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ორი წლის წინ ეს შანსი გვქონდა. სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. ჩვენი შრომითა და ყველას გვერდში დგომით, გვაქვს მეორე შანსი, რომ 2024 წლის ჩემპიონატში მივიღოთ მონაწილეობა. მქონდა სურვილი, ჩემპიონთა ლიგაზე მეთამაშა. ახლა 28 წლის ვარ, რთული იქნება, ისეთ გუნდში გადავიდე, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, მაგრამ ეს ოცნებაც მაქვს.
- რომელმაც ცნობილმა ფეხბურთელმა გაგიღვივათ ფეხბურთელობის სურვილი?
პირველად ვნახე რონალდინიო, ის იყო პირველი საყვარელი ფეხბურთელი უცხოელებიდან.
- ბუდუს გარდა, ვინ არის თქვენი საყვარელი ფეხბურთელი ახლა?
უცხოელებიდან – ჰარი კეინი. ქართველებიდან – ხვიჩა კვარაცხელია. ყველას გამოვყოფდი ცალ-ცალკე, მაგრამ თავისი პროფესიონალიზმითა და ქვეყნის სიყვარულით ასევე დავასახელებდი გურამ კაშიას.
- სპორტსმენის წარმატებისთვის ოჯახის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო და არის?
ჩემი მშობლები ყოველთვის გვერდში მედგნენ. დედას დავყავდი ვარჯიშებზე, წვიმა იყო თუ ქარი. მაშინ ქუთაისში არ იყო ისეთი კარგი პირობები, რომ სითბოსა და გადახურულში მდგარიყო. ცუდ ამინდებშიც კი იდგა გარეთ და იქიდან მიყურებდა. მამა მუშაობდა და დედა იყო ორიენტირებული ამ თემებზე. დედაჩემის ძალიან დიდი დამსახურებაა ჩემს საფეხბურთო კარიერაში. მისი ძალიან მადლიერი ვარ.
- ეუბნებით ხოლმე ამ სიტყვებს ხშირად საჯაროდ?
ალბათ, ბედნიერი იქნება, როცა ამას წაიკითხავს, თუმცა პირადადაც ნათქვამი მაქვს. მამა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. კარიერაში ცუდი პერიოდი რომ მქონდა, ყოველთვის მამხნევებდა, დიდ მოტივაციას მაძლევდა და ჩემი სჯეროდა. მინდოდა, პირველ რიგში, მამაჩემისთვის მენახვებინა, რომ მის შვილს შეუძლია კარგად თამაში. აუცილებლად მინდა აღვნიშნო და დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს დას, რომელიც მეორე დედობას მიწევდა მაშინ, როცა საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით…
- თქვენი მეუღლე როგორ გიწყობთ ხელს?
უკვე ორი წელია, დაოჯახებული ვარ. ჩემი მეუღლე არის ნინი კვერნაძე. გვყავს შვილი – შაი. დღის განმავლობაში 6-7- საათი არ ვარ სახლში, ბაზაზე ვვარჯიშობ, შემდეგ ვრჩები აღდგენით პროცედურებზე. ნინია ბავშვთან ერთად, ზრუნავს სახლის საქმეებზე, უვლის ბავშვს, რომ მოვდივარ, მეორე ბავშვს უვლის (იცინის). ფეხბურთელებს სჭირდებათ სპეციფიკური კვება, დასვენება. ნინი ყველანაირად მიწყობს ხელს, რომ დროულად ვჭამო, კარგად დავისვენო. რთულია, რომ უცხო ქვეყანაში ვართ, არ ჰყავს ბევრი მეგობარი აქ. ბედნიერი ვარ, რომ ნინია ჩემი მეუღლე და ყველანაირად მიდგას გვერდში. როცა სახლში ვარ, ბავშვის მოვლაში მეც ჩართული ვარ.