"იანვარში ლონდონში ჩავიტარე მუცლის ღრუს სერიოზული ოპერაცია და იმ დროს ითვლებოდა, რომ ჩემი მდგომარეობა არ იყო სიმსივნური. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ კიბო მქონდა.
ამიტომ ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ მე უნდა გავიარო პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსი და ახლა ვარ ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შოკი იყო და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ჩვენი ოჯახის გამო.
ალბათ წარმოიდგინეთ, ამას დრო დასჭირდა, დრო დამჭირდა, რომ სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, დამეწყო მკურნალობა, მაგრამ რაც მთავარია, დრო დაგვჭირდა, რომ ჯორჯს, შარლოტას და ლუის ყველაფერი ავუხსნათ მათთვის შესაფერისი სახით და დავარწმუნოთ, რომ კარგად ვიქნები.
როგორც მათ ვუთხარი, მე კარგად ვარ და დღითი დღე ვძლიერდები იმ საკითხებზე ფოკუსირებით, რაც დამეხმარება გონების, სხეულისა და სულის განკურნებაში, უილიამის გვერდით ყოფნა ასევე კომფორტისა და სიმშვიდის დიდი წყაროა.
ალბათ ხვდებით, რომ ახლა ჩვენი ოჯახისთვის, დრო, სივრცე და კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია, რადგან მთლიანად უნდა გადავერთო გამოჯანმრთელებაზე" - ამბობდა უელსის პრინცესა, ქეით მიდლტონი ოთხშაბათს უინსდორში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში.
ქეითი უკვე რამდენიმე თვეა, გაქრა. არ ჩანს არც საჯარო ღონისძიებებზე და არც უილიამის გვერდით. ამ ამბავს, ცხადია, დიდი მითქმა-მოთქვა და არაერთი კონსპირაციული თეორია მოჰყვა. გავრცელდა ინფრომაცია, რომ პრინცესამ ოპერაცია გაიკეთა, თუმცა იწერებოდა ისიც, რომ ქეითი და უილიამი ერთმანეთს ურთიერთობაში მესამე პირის ჩარევის გამო შორდებოდნენ.
პრინცესას მიმართ ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ ინტერნეტში შეიქმნა მოძრაობა #WhereIsKateMiddleton, რომელშიც უელსის პრინცესას თაყვანისმცემლები აზიარებენ თავიანთ თეორიებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ფიქრობენ, რომ სასახლე საგულდაგულოდ ცდილობს ქეითის შესახებ ინფორმაციის დამალვას.
გავლენიანმა გამოცემა The Independent-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია ქეითის შესახებ, თუმცა ეს განცხადება ძალიან მშრალი იყო და საზოგადოებას აუწყებდა, რომ პრინცესას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ თავს უკვე კარგად გრძნობს და საქმიანობას აღდგომის დღესასწაულისთვის დაუბრუნდება.
ამ ზედაპირული განცხადების პარალელურად, ხმაური მოჰყვა დედის დღეს ქეითისა და მისი შვილების ფოტოსაც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ახლად გამოჯანმრთელებულ პრინცესას მეუღლემ, უილიამმა გადაუღო. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ფოტო გაყალბებული იყო ფოტოშოპით და Associated Press-მა, Getty Images-მა, AFP-მ და Reuters-მა ის წაშალეს. ფოტო რომ ფალსიფიკაცია იყო, ეს თავად ქეითმაც აღიარა და მოიბოდიშა:
"ბევრი მოყვარული ფოტოგრაფის მსგავსად, ზოგჯერ ექსპერიმენტებს მეც ვატარებ ფოტოშოპით. მინდოდა, ბოდიში მომეხადა ყოველგვარი დაბნეულობის გამო, რომელიც ჩვენ მიერ გუშინ გავრცელებულმა ოჯახურმა ფოტომ გამოიწვია. ვიმედოვნებ, რომ ყველას ბედნიერი დღე გქონდათ" - ამბობდა ის აღნიშნულ განცხადებაში.
წაიკითხეთ ვრცლად ლედი სარა როუზ ჰანბერის და პრინცი უილიამის შესახებ