ნახევრად მთვლემარე სასტუმროს ბინადართ გონგის ხმამ "მკვდარი საათის" მოახლოება აუწყა. ელი თავისი ოთახის ფანჯარას მოშორდა და კარს მიაჩერდა. ანა ოთახში არ იყო.
ელის საწოლზე გადაკიდებული ბანშის მოსასხამი მოხვდა თვალში. დაუფიქრებლად მოიცვა და ოთახიდან გავიდა.
კორიდორებში თითქმის ბნელოდა. ლამპიონები ძლივ-ძლივობით ბჟუტავდნენ და მოცისფრო ფერს გამოსცემდნენ.
ელიმ რონის კარს ფრთხილად ჩაუარა და შეამჩნია, რომ ღია იყო. ოთახში არც რონი გახლდათ...
კიბის საფეხურებს დაუყვა. ეჩვენებოდა, რომ მისი მოძრაობები შენელებული იყო. ეჩვენებოდა, რომ ჰაერს რაღაც სჭირდა. მძიმედ სუნთქავდა.
ნულ სართულზე მიმავალ კორიდორში შედგა თუ არა ფეხი, გაშეშდა. გვირაბი-კორიდორის სიღრმეში ქალი იდგა, ელისაკენ ზურგით... "თეთრი ქალიშვილი - მოჩვენების" კაბა ეცვა...
ელი შიშმა აიტანა. ქალი ადგილიდან დაიძრა და კორიდორის სიღრმეში შევიდა. ელის კიდევ უფრო უჭირდა სუნთქვა. თითქოს გულზე ლოდი დაადესო... ძალ-ღონე მოიკრიბა და თეთრ ლანდს აედევნა...
კორიდორის ლაბირინთებში გზა აერია. ქალის დაძახება დააპირა, მაგრამ სიტყვაც ვერ დაძრა. სამაგიეროდ, სუსტად მოესმა ძალიან ნაცნობი ხმა...
- ელი...
ვიღაც ეძახდა... მალე ისევ გამოჩნდა თეთრი ქალი და გვირაბს იმ მიმართულებით გაუყვა, სადაც სამ ნაწილად იყოფოდა.
ელის აღარ ეშინოდა. მას უცნაური განცდა ჰქონდა. შინაგანად გრძნობდა, რომ ის ქალი მას არაფერს დაუშავებდა...
ელი ყველაზე იდუმალ ადგილას შეჩერდა. როგორც მაშინ, ახლაც სამ ნაწილად იყოფოდა გვირაბი. თეთრებში ჩაცმული ქალი ყველაზე გრძელ გვირაბში შევიდა. ელი უკან მიჰყვებოდა, მაგრამ ვერ ეწეოდა... დიდხანს იარეს... ბოლოს, როგორც იქნა, მივიდნენ ადგილზე, რომელსაც ელი ამდენ ხანს ეძებდა...
თეთრკაბიანი ქალი გვირაბის ბოლოში იდგა. კედლის ნაცვლად, დიდი რკინის შავი კარები იყო... მოულოდნელად ქალი სახით ელისაკენ შემოტრიალდა და დაიყვირა:
- გაიქეცი!
ელის თავზარი დაეცა... თეთრებში ჩაცმული ქალი სიღრმეში გაცურდა. ყველაფერი დატრიალდა... ელის ხან ალესტერის სახე ეჩვენებოდა, ხან რონის, ხან ანასი... ბოლოს მეთიუც დაინახა... ეს ყველაფერი ერთმანეთში აირია...
- დედა!
ეს სიტყვა, როგორც იქნა, მოსწყდა მის ბაგეს. მომენტალურად ჟანგბადი შეიგრძნო და ღრმად დაიწყო სუნთქვა. ცივი ოფლის წვეთებით დაენამა შუბლი.
- რა მოხდა, ელი? ცუდი სიზმარი ნახე?
ნაცნობი ოთახი კამერის ფოკუსარეული ობიექტივიდან დანახულივით, ნელ-ნელა სწორდებოდა. ელიმ გააცნობიერა, რომ სიზმრის სამყაროდან რეალობაში ბრუნდებოდა. ანა მის საწოლზე იჯდა.
- დედა... დედა დამესიზმრა!.. ჩემი კაბა ეცვა...
ელი ლოგინში წამოჯდა და ტუმბოზე დადგმული ჭიქისკენ გაიწვდინა ხელი.
- გითხრა რამე?
- მხოლოდ ერთი სიტყვა! - გაიქეცი...
- ემოციების ბრალია, გადაიღალე...
- მისი სიკვდილის შემდეგ არასოდეს დამსიზმრებია! არადა, როგორ მინდოდა, სიზმარში მაინც მენახა... ძილის წინ საათობით ვუყურებდი მის სურათს... მაგრამ არასოდეს დამსიზმრებია...
- დამშვიდდი, ელ... არაფერზე ინერვიულო! მალე მეთი გამოჩნდება და სახლში დავბრუნდებით! აი, ნახავ!.. ახლა დაიძინე...
- რომელი საათია?
- უკვე ოთხია!
- ვეღარ დავიძინებ! ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება! წავიდეთ...
ელი საწოლში წამოჯდა და ფეხსაცმლის ჩაცმა დაიწყო.
- დარწმუნებული ხარ?
ჰკითხა ანამ და ხელი შუბლზე მიადო.
- უბრალოდ, კოშმარი იყო! არაფერი არ მომხდარა... ფარანი ხომ მოგაქვს? ოთახში შუქის ანთება ძალიან სახიფათოა!
- მომაქვს!
ანამ კარი ფრთხილად გამოაღო და კორიდორში ფეხაკრეფით გავიდა. ელიმაც აიღო თავისი ფარანი და უკან გაჰყვა.
- მოდი და გაიგე, სად არის სასტუმროს მფლობელის კაბინეტი...
- ჯერ ალესტერის კაბინეტი ვნახოთ! შეიძლება იქ ვიპოვოთ რამე ხელმოსაჭიდი...
ალესტერის კაბინეტამდე არავინ შეხვედრიათ. ანამ დამლაგებლის ბარათი საკეტში შეუყარა და კარი გააღო. კაბინეტი ჩაბნელებული იყო. ანა კედელზე ჩამოკიდებულ სურათთან მივიდა და ფარანი მიანათა.
- მართალი ვიყავი, – რუკაა!
სურათს ელიც მიუახლოვდა და დააკვირდა. ზუსტად ისეთი რუკა იყო, როგორიც მან იმ ძველ ჩანაწერებში ნახა, მხოლოდ ეს გახლდათ რუკის სრული ვერსია.
ელი რუკაზე აღნიშნულ ოთხივე შავ ოთახს დააკვირდა. მესამე გვირაბის შავი ოთახიდან მართლა გადიოდა გზა, რომელიც ოთხკუთხედ ფიგურას უკავშირდებოდა. ამ ფიგურით, სავარაუდოდ, აკლდამა იყო აღნიშნული. ასეთივე გზა მიდიოდა მეორე შავი ოთახიდანაც, რომელიც ამჟამად სასტუმროს ადმინისტრატორის კაბინეტს წარმოადგენდა. მესამე და მეოთხე შავ ოთახებს მხოლოდ ერთი შესასვლელი კარი ჰქონდათ.
აკლდამიდან კიდევ ორი გზა გამოდიოდა. ერთი ტყეში, დაახლოებით იმ "დაწყევლილი ქოხისკენ" მიდიოდა, ხოლო მეოთხე მის საპირისპირო მხარეს, საითაც ჯონი და ვამპირი ენჯი წავიდნენ. სადღაც, ჭაობისაკენ…
- ჩვენ ახლა აქ ვართ!
ანამ თითი რუკაზე აღნიშნულ შავ ოთახს დაადო.
- სადღაც აქედან უნდა იყოს, წესით, გასასვლელი…
- კი მაგრამ… არ მესმის… რონიმ მითხრა, რომ აკლდამაში გვირაბი სასტუმროს მფლობელის კაბინეტიდან გადის… მაგრამ ეს კაბინეტი მისტერ ალესტერს ეკუთვნის… სასტუმროს მფლობელი კი აქ არავის უნახავს!
- ან პირიქით…
- რა პირიქით, ელი?
- სასტუმროს მფლობელის ვინაობა ხომ არავინ იცის? შესაბამისად, არც ის ეცოდინება ვინმეს, უნახავს თუ არა… იქნებ მისტერ ალესტერია აქაურობის მეპატრონე?
ანა დაფიქრდა.
- ლოგიკურად ჟღერს!
ელი ალესტერის საწერ მაგიდასთან მივიდა და წრე შემოუარა. მაგიდის უკან კედელი იყო. სავარძელზე კი მაქციის ფორმა იყო გადაკიდებული. ელის ძალიან გაუკვირდა, რა უნდოდა რონის ფორმას ალესტერის კაბინეტში.
- აქ არავითარი კარი არ არის!
- ნახატს შეხედე, ელი…
ელი კედლისკენ შებრუნდა და უზარმაზარ სურათს ფარანი მიანათა.
- ცალთვალა ჯო ყვებოდა ამ სურათების შესახებ…
ნახატზე დიდი ბორბალი იყო გამოსახული, რომელზეც ახალგაზრდა ქალი იყო გაკრული. მას ელისნაირი თეთრი კაბა ეცვა. ხელ-ფეხი ჯაჭვით ჰქონდა დაბმული, ხოლო მკერდი მთლიანად სისხლით მოთხვრილი. მისი მკერდიდან სისხლი მიედინებოდა და ბორბლის ცენტრალურ ნაწილში იღვრებოდა. შემდეგ კი, ჩაღრმავებებში გადაედინებოდა და უცნაურ ნახაზს ქმნიდა. სურათი შემზარავი იყო.
ელის ისეთივე შეგრძნება დაეუფლა, როგორიც სიზმარში. ის ნახატზე გამოსახულ ბორბალს ხელით შეეხო.
- ანა! აქ მოდი… ეს ბორბალი მოძრაობს…
ბორბალი მართლა მოძრაობდა საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით.
- ეს ის სიმბოლოებია, აკლდამის კედელზე რომ ხატია! ოღონდ სხვანაირი მიმდევრობით…
ელიმ ბორბალი დაატრიალა და ბორბლის გარეთ დახატულ სიმბოლოებს მოძრავი სიმბოლოები ისეთნაირად გაუსწორა, როგორც აკლდამის კედელზე ეხატა. კედლიდან მექანიზმის ხმა გაისმა, რასაც ტკაცუნის ხმაც მოჰყვა. ნახატი კარებივით შეიღო…
ელი გახევებული იდგა და უყურებდა. მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. საშინლად შეეშინდა, მაგრამ გაახსენდა, რომ ჯონი მას ფეხდაფეხ მოჰყვებოდა და გამხნევდა.
ანამ ნახატს ხელი ჰკრა და ფარანი შეანათა. გვირაბი ვიწრო და ბნელი იყო, ქვის კედლები ჰქონდა. სიცივემ წამოუბერა.
- ძალიან მეშინია!
ჩაილაპარაკა ელიმ და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
- იქ შეიძლება მეთი იყოს…
აკანკალებული ხმით დაილაპარაკა ანამ და გვირაბისკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა.
- ანა… მოიცადე!
ელის ფარნიანი ხელი უკანკალებდა. ანა კარებში იდგა და ვერ გადაეწყვიტა, შესულიყო თუ არა შიგნით.
- მგონი, სიღრმეში სინათლეები ანთია! დააკვირდი… მკრთალი შუქი გამოდის…
ელიმ კარის ზღურბლს გადააბიჯა და გვირაბში გაიხედა. თავიდან ვერაფერი დაინახა. მერე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ფარანი ძირს დაუშვა. გვირაბის სიღრმიდან მართლა გამოდიოდა სინათლე. უეცრად ზურგს უკან ანას ხმა მოესმა…
- არ შეგეშინდეს, ელ… ცუდი არაფერი მოგივა! მალე ყველაფერი დამთავრდება და ძალიან ბედნიერი იქნები!
ამ სიტყვებზე კარი გაჯახუნდა. ელის ფარანი ხელიდან გაუვარდა და ღრიალით ეცა კარს. მუშტებით აბრახუნებდა და ყვიროდა. მის ყვირილს გვირაბის ექო იმეორებდა…
ასეთი შიში მანამდე არასოდეს უგრძვნია. თითქოს მთელ სხეულზე ჭიანჭველები დასდიოდნენ... თითქოს ათასობით ნემსი ესობოდა ერთდროულად...
- ჯონი… ჯონი გააღებს კარებს… ჯონი დამპირდა, რომ დამიცავდა…
მისი უკანასკნელი იმედი ჯონი იყო.
ხელები კარებზე ბრახუნისაგან ძალიან სტკიოდა. მოეჩვენა, რომ მთელი საუკუნე გავიდა, მაგრამ კარს არავინ უღებდა…
ელიმ ფარანი ხელში აიღო და კარს მიანათა. კარი გვირაბის მხრიდან მთლიანად შავი იყო. მას არც საკეტი ჰქონდა და არც სახელური…
გაგრძელება იქნება