ნინო ნადირაძე 24 მარტს 51 წლის გახდა. მას სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა მიულოცა დაბადების დღე. დაბადების დღის წვეულება სახლში წითელი ფერის დეკორაციებით მოაწყო. შეასრულა რომანტიკული ცეკვა მეუღლესთან ერთად, უმასპინძლა მეგობრებს, ია ფარულავასა და დალი ჩიტალაძეს და კადრები სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. თავად კი განვლილი ცხოვრების, საყვარელი საქმისა და ოჯახის შესახებ ნოე სულაბერიძის გადაცემაში ისაუბრა:
"ერთ-ერთი საუკეთესო დედა ვარ. ჩემი ორივე შვილი უპირობოდ მიყვარს. თითოეულ მათგანს იმდენ ყურადღებას ვუთმობ, რამდენიც საჭიროა.ჩემთვის კარგი დედობის მარკერი არის ის, რომ ორივე შვილი გამუდმებით მეძებს, კონფლიქტები არ მაქვს. ჩემი ნახვა ყოველთვის უხარიათ და შინ დაბრუნებამდე წუთებს ითვლიან. ჩემგან არასდროს არაფერს მალავენ.
ქერა, ექიმი და ცისფერთვალება ქმარი არ მინდოდა. კარიერისტი არ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ რაც არ მინდოდა, ყველაფერი ერთად მივიღე, ცისფერთვალება, ექიმი მეუღლე და ეს კლინიკის დირექტორობაც. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ მამამ უარი მითხრა, შიმშილით სული ამოგხდებაო. სამედიცინოზე ჩაბარება მირჩია.
მესაკუთრე ადამიანი ვარ. სიყვარული ყოველთვის კარგი და სასიამოვნო შეგრძნებაა, გარკვეული ტალღის მაგვარი. გუგამ ათასი პროცენტით გაამართლა ჩემი იმედები. მას ძალიან ვუყვარვარ, შეიძლება ითქვას, მას უფრო მეტად ვუყვარვარ, ვიდრე მე", - ამბობდა ნინო ნადირაძე.
ნინო ნადირაძე უკვე წლებია, სამედიცინო სფეროში საქმიანობს და მისი მეუღლე ცნობილი პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვია.
"ხშირად გვაქვს კამათი, თუმცა გუგა იმიტომ არის 30 წელი ჩემი მეუღლე, რომ ის მიღებს ისეთად, როგორიც მე ვარ. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი მეუღლე „გადამეკეთებინა“, რადგან მე ის მისი უჟმური ხასიათით მომწონს. მას მე ჩემი ხასიათებით მოვწონვარ.
ყოველთვის ერთმანეთთან შეთანხმებით ვაკეთებთ ყველაფერს, სხვანაირად 30 წელი ერთად ვერ ვიცხოვრებდით. მე ჩემი მინუსები მაქვს, გუგას - თავისი, მაგრამ ეს გლობალურ, საერთო მიზანს, რომ ჩვენ ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის, ერთმანეთისთვის საინტერესოები და ძალიან ბევრი ადამიანის საყრდენი, ხელს არ უშლის“, – ამბობდა ნინო ნადირაძე ქმართან ურთიერთობის შესახებ.
წყვილს ორი შვილი ჰყავს. უფროსი, ბაია კუზანოვა, მამის გზას აგრძელებს და თავადაც პლასტიკური ქირურგია. ბაიას ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს, რომელიც ბებიასთან და ბაბუასთან დროს ხშირად ატარებს.
ჩემს შვილებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, საკუთარი თავი ზედმეტად არ მოვახვიო. მე ვზრდიდი ჩემს შვილებს განსხვავებულად, ვიდრე ჩემი მშობლები მზრდიდნენ. მშობლებმა გამხადეს მაქსიმალისტი, არ შემიძლია ჩემზე ვიფიქრო, ჯერ სხვაზე უნდა ვიფიქრო. პირველი შვილი ვიყავი და ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებდი მე… კითხვას რომ მისვამს ჩემი მეუღლე, სად ხარო, ან შვილები მეკითხებიან, დღემდე არ მიყვარს. ადამიანის ბუნება ბნელით არის მოცული და ვერ გააკონტროლებ. თუ ჩათვლი საჭიროდ, რომ აკონტროლო, თუ რამის დამალვა უნდა, უფრო დაგიმალავს. ყველაფერს ვაკეთებდი შვილების ნდობის მოსაპოვებლად. ჩემი დასჯა არის ჩემი სიგრილე. სამსახურშიც იგივე მეთოდი მაქვს. იმდენად თბილი და მოსიყვარულე ვარ, დიდი დასჯაა, როცა დისტანცირდები და ვეღარ ხედავ იმ ადამიანს…
ჩემს შვილებს შორის შვიდი წელია განსხვავება. პირველად რომ გავხდი დედა, ოღონდ ვინმეს დაეტოვებინა, სადმე წაეყვანა, ვცდილობდი, ინსტიტუტიდან გვიან მოვსულიყავი. ივიკოზე მასე არ ვიყავი. შვილიშვილზე მზად ვარ, ყველაფერი დავტოვო და სულ ხელში მყავდეს აყვანილი. ფეთიანობა გადმოვაღვარე ამ ბავშვს და ვხვდები, რომ ზედმეტებში გადავდივარ…“ - ამბობდა ნინო.
ნინოს ბავშვობის ტრავმებზეც უსაუბრია. ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ საკუთარი გარეგნობა არასდროს მოსწონდა და ამის კომპლექსი ყოველთვის ტანჯავდა:
"სითბო ნამდვილად მაკლდა, ძილში გადამისვა მამამ 2-ჯერ თავზე ხელი, ამ დროს თვალები გავახილე და იმ წამსვე მივიტუქსე, რატომ გღვიძავსო… არსად არ მიშვებდნენ 2 მიზეზის გამო, ეშინოდათ, რამე არ მომსვლოდა და ჩემს ხუთოსნობას საფრთხე არ შექმნოდა;
"ბებია და ბაბუა" - კუზანოვების ოჯახური იდილია და ნინო ნადირაძე ბებიის ამპლუაში
მივეჩვიე დამჯდარ ძილს, ერთი წაკითხვით ვსწავლობდი ყველაფერს, ამიტომ წიგნს ვშლიდი მარტო ტექსტიან გვერდზე და შუბლზე ხელაფარებული ვიძინებდი. რომ მეთქვა, უკვე ვიცი-მეთქი, მედალი რომ ვერ გამეტანა ან პირველ წელსვე ვერ მოვწყობილიყავი, დაბრალდებოდა ერთჯერ წაკითხვით ნასწავლს…
მამას ვგავარ. მამას საკუთარი თავი არ მოსწონდა, მოსწონდა დედაჩემი, რომელსაც ჩემი და ჰგავდა, ამიტომ ავტომატურად ვითვლებოდი უშნოდ; ჩემი არსადგაშვება და 24 საათი სწავლის სტრესი მიკომპენსირდებოდა ლამაზი ტანსაცმლით. შედეგად, ასაკშიც სტრესის შემდეგ რამე უნდა ვუყიდო ჩემს თავს…
ყველაზე მეტად ვისჯებოდი ტყუილის თქმის შემთხვევაში უსასტიკესად… გართობა და დროსტარება ითვლებოდა დანაშაულად, ამიტომ ეს 2 რამ დღესაც არ გამომდის...”, – ამბობდა ნინო ნადირაძე. იხილეთ ასევე