ჭაღარა თმა ბოლო წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცნობილი მოდის ჟურნალები გარეკანების დასამშვენებლად ხშირად ეძებენ ასაკში შესულ ქალბატონებს, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებენ იმას, რომ "ასაკი მხოლოდ ციფრებია". ერთ-ერთი ასეთი მოდელი ელენე ჭანიშვილი - 58 წლის ასაკში მისი ფოტო "ვოგის" ფურცლებზე მოხვდა.
„20 წლის ასაკში თავს დამატყდა მთელი ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი დიდი, ყოვლისმომცველი და საკვირველი გრძნობა - სიყვარული...“ - ლანა ღოღობერიძისა და ლადო-ალექსი მესხიშვილის სიყვარულის ისტორია
51 წლის კამერონ დიასი მეორე შვილის დედა გახდა - " ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო"
ამჯერად ელენე "ჩვენი ოჯახის" სტუმარია, სადაც საკუთარ გამოცდილებაზე და "ვოგთან" თანამშრომლობაზე საუბრობს:
"ჩემს თავს მოდელად ვერასდროს ვერ ვხედავდი. უარყოფით კომენტარებზე ძალიან მშვიდად ვრეაგირებ. 8 მილიარდი ვართ და ყველას ვერ მოვეწონები.
15 წლის ვიყავი, როდესაც ჭაღარა გამიჩნდა. მე და ჩემი ძმა ზუსტად მამასავით გავთეთრდით, ეს ჩვენი გენეტიკაა. ეს მიუთითებს, რომ ჭაღარა ყოველთვის სიბერეს არ ნიშნავს, მაგრამ ასეც რომ იყოს, სიბერე სირცხვილი არ არის. ყველაზე მეტად არ მესმის, როგორ შეიძლება, სიტყვა „ბებერო“ სალანძღავ და დასამცირებელ ტერმინად გამოიყენოს ჩვენი კულტურის მქონე ერმა?!
ერთ-ერთმა გამომწერმა მითხრა, რომ ერთი კარგი ფოტოგრაფი 20-იდან 45 წლამდე მოდელს ეძებდა. ეს იყო გასული წლის აგვისტოში. ავდექი და ამ ფოტოგრაფს ხუმრობით მივწერე სამი სიტყვა – „ყველგან ახალგაზრდები გინდათ?“ და ერთი ცრემლიანი ემოჯი. მან მიპასუხა, 40-45 კარგი ასაკია, მაგრამ ძალიან ახალგაზრდაც არ არისო. ჩემი 57 წლის გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდაა-მეთქი, ვუთხარი. როგორც ჩანს, ამან დააინტერესა. ჩემს გვერდზე გადმოსულა და ფოტოები უნახავს. ოლგა კალაბინა – ასე ჰქვია ამ არაჩვეულებრივ ფოტოგრაფს და ის ქართველების რძალია. თურმე, მას შემდეგ რაც საქართველოში ცხოვრობს, თმაჭაღარა მოდელს ეძებდა, მაგრამ მანამდე – უშედეგოდ. მაშინვე ფოტოსესია დავგეგმეთ. გადაღების დროს ძალიან დაძაბული ვიყავი, მაგრამ მან დამარწმუნა, რომ არაფოტოგენური ქალი არ არსებობს. მე ეს ფოტოები ჩემი ბლოგის განვითარებისთვის მინდოდა, მაშინ მეტი არაფერი მიფიქრია. მასაც თავისი მიზნები ჰქონდა. რამდენიმე ევროპულ ჟურნალში გაგზავნა ჩვენი ნამუშევარი და მალე შემატყობინა, რომ ერთ-ერთმა იტალიურმა ჟურნალმა რვა ფოტო აიღო. საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა ჩემი ფოტოები და მისი გამომწერებიდან საქართველოში მოღვაწე არაერთი უცხოელი ფოტოგრაფი დაინტერესდა ჭაღარა მოდელით" - ამბობს ელენე ჭანიშვილი.