26 მარტის საღამო, ალბათ, ყველა ქართველისთვის, განურჩევლად იმისა, არის თუ არა სპორტის და, კონკრეტულად, ფეხბურთის ქომაგი, დიდი მოლოდინებისა და მღელვარებისაა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ ლუქსებურგთან მოპოვებულმა გამარჯვებამ მთელი ერი გააერთიანა და კიდევ უფრო დააახლოვა ისტორიულ შედეგთან, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში თამაში ჰქვია.
სოციალურ ქსელში ბოლო დღეების მანძილზე უამრავი ადამიანი წერს გამამხნევებელ, სამოტივაციო პოსტებსა თუ კომენტარებს, რადგან ქომაგებისა და გულშემატკივრების გვერდით დგომას ახლა, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გასაკვირი არ იქნება, რომ თავად ფეხბურთელებისთვის, ამ მოტივაციის გარდა, დიდი როლი ოჯახსა და ოჯახის წევრების მხარდაჭერას აქვს. არაერთი მათგანი აღნიშნავს დედ-მამის წვლილსა და შრომას მათ წარმატებაში.
დღეს გთავაზობთ ამონარიდებს ქართველი ფეხბურთელებისა და მათი დედების, როგორც მთავარი მოტივატორების ინტერვიუებიდან.
გიორგი მიქაუტაძე ჰოლანდიური „აიაქსისა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელია. მიქაუტაძის დებიუტი „მეცში“ შედგა 2019 წლის 7 დეკემბერს ლიგა 1-ის მატჩში, „ნიცას“ წინააღმდეგ. 2020 წელს იჯარით ის ბელგიის პირველი B ლიგის (მეორე ლიგა) გუნდ „სერენში“ გადავიდა, სადაც 8 მატჩში 14 გოლი გაიტანა და მალევე გუნდის ლიდერად იქცა. 2021 წლის 25 მარტს შედგა მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. პირველი გოლი ნაკრების მაისურით გაიტანა 2021 წლის 2 ივნისს, რუმინეთთან ანგარიშით 2–1 მოგებულ შეხვედრაში.
გიორგის მშობლებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. მისი დედ-მამა საფრანგეთში ცხოვრობს. როცა მშობლებისგან შორსაა, ცდილობს, მათთან კონტაქტი მუდმივად ჰქონდეს, დედას კი სამზარეულოში ტრიალისას ხშირად ურეკავს რჩევებისთვის:
"ხანდახან, როცა რეცეპტები ძალიან რთულია, ტელეფონზე დედას ვურეკავ, რომელიც შესანიშნავი მზარეულია. მას განსაკუთრებით კარგად ქართული კერძები გამოსდის. ჩემი საყვარელი საჭმელი ხინკალია. ეს არის ხორცის კერძი, რომელსაც მიკეთებს ხოლმე, როდესაც სახლში მივდივარ", - ამბობდა გიორგი.
ქართველი ფეხბურთელი გურამ კაშია არის ბრატისლავის „სლოვანის“ მცველი. მისი პოზიციაა დაცვის ცენტრი, ასევე შეუძლია მარჯვენა ფლანგზე თამაში. მისი პლუსია ძლიერი თავური დარტყმა. გამოირჩევა ფიზიკური სიძლიერით და დაცვაში საიმედო თამაშით. 2012 და 2013 წლებში დასახელდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად. გურამ კაშია 2003–2010 წლებში თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, 2010 წლიდან გურამ კაშია ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ წამყვანი მცველი იყო. 2018 წელს შეუერთდა ამერიკულ „სან-ხოსე ერსქვეიქსს“, რომელიც 2020 წელს დატოვა, 2021 წლის თებერვალში გახდა თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი.
გურამის დედა შვილის კარიერაში ბავშვობიდან აქტიურადაა ჩართული. "დედაჩემი რაღაცას რომ წაიკითხავს ხოლმე ნიუსებში, დამირეკავს და, ახლა რაღა დააშავეო. მე ვპასუხობ, „დედა არ ვიცი, ახლა რაღა ხდება?“, - ამბობდა გურამ კაშია ერთ-ერთ ინტერვიუში.
ხვიჩა კვარაცხელია არის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველი. ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში, თბილისის საფეხბურთო აკადემიის „ოლიმპიკის“ ბავშვთა გუნდში დაიწყო, 2013 წლიდან კი თბილისის „დინამოს“ აკადემიის ბავშვთა და შემდეგ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. პროფესიონალური კარიერა 2017 წელს თბილისის „დინამოში“ დაიწყო. 2019 წლის 15 თებერვალს, კვარაცხელია იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა. 2019 წლის 6 ივლისს, კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2022 წლის 1-ელ ივლისს ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კი 10–12 მილიონი ევრო შეადგინა.
ხვიჩას დედა და მამა შვილის კარიერასა და წარმატებაში დიდ როლს ასრულებენ, როგორც ცნობილია, ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელია, თავადაც ფეხბურთელი იყო, დედა, მაკა ლუკავა კი იხსენებს, რომ ცხოვრების ნახევარზე მეტი სტადიონზე გაატარა: "ჯერ ჩემი მეუღლე იყო ფეხბურთელი. როცა თბილისში თამაშობდა, სულ სტადიონზე ვიყავი პატარასთან ერთად; მერე - აზერბაიჯანში, ორი ბავშვით. სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, მეუღლე-შვილები. მომიწია ასე. ცხოვრების ნახევარი თითქმის სტადიონზე მაქვს გატარებული.”
საბა კვირკველია არის საფეხბურთო კლუბ „ალ-უხდუდისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი. 2014 წელს დასახელდა საქართველოს წლის ფეხბურთელად. იყო საქართველოს 19 და 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი. 2013 წლიდან კი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი.
"მამაჩემი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, დედას კი უნდოდა, რომ მესწავლა. ბავშვობიდან ჩემი მთავარი სათამაშო ბურთი იყო და დედაც შეეგუა ამ გატაცებას. ბოლოს იმასაც მეუბნებოდა, რომ ცხოვრებაში მთავარი ფეხბურთია. დედა ჩემი ნამდვილი მეგობარია და მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. 15 წლის ასაკში სამტრედიიდან თბილისში წავედი, რათა ბედი ერთ-ერთი დედაქალაქურ კლუბში მეცადა, მაგრამ იქ მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა და პროფესია უნდა შემეცვალა. სახლში დავბრუნდი და დედას ვუთხარი, რომ ფეხბურთს აღარ ვითამაშებდი. სწორედ ამ დროს ვიგრძენი მშობლების მხარდაჭერა და გვერდში დგომა ყველაზე მეტად", - იხსენებდა საბა.
გიორგი ჩაკვეტაძე არის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველი. გიორგიმ ვარჯიში "ნორჩ დინამოში" დაიწყო, სადაც მისი პირველი მწვრთნელი იყო თამაზ კოსტავა. ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ფლაგმანში 2015 წელს ჩაირიცხა და 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, დებიუტი კი 2016 წელს თანაქალაქურ „ლოკომოტივთან“ ჰქონდა, როდესაც ოთარ კიტეიშვილი შეცვალა. გიორგი ჩაკვეტაძეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2018 წლის 24 მარტს, ლიტვასთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, სადაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.
"ჩემთვის ძალიან ემოციურია გიორგის თამაშის ყურება. თავადაც გექნებათ ნანახი ეკრანებიდან, როგორი მოკრძალებულია გოლის გატანის შემდეგ. არც კი სურს ემოციების გამოხატვა. - კარგი მოსწავლე იყო. განსაკუთრებულად უყვარდა მათემატიკა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა ფეხბურთს მიანიჭა. ძალიან თავმდაბალი იყო და ახლაც ასეა. საკუთარ თავზე საუბარს ერიდება. ჟურნალისტებთანაც კი არ აკეთებს კომენტარს", - ამბობდა გიორგი დედა, მთვარისა რუხაძე, რომელიც შვილის ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მოტივატორია.
ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევი ნახევარმცველია. მისი დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 2017 წლის 29 სექტემბერს შედგა, როდესაც ერთმანეთს „დინამო“ და ფოთის „კოლხეთი-1913“ დაუპირისპირდნენ. 2018 წლის ზამთარში მან კონტრაქტი თბილისის „ლოკომოტივთან“ გააფორმა. იმავე წელს The Guardian-მა დავითაშვილი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელა. 2019 წლის 29 ივნისს დავითაშვილმა ყაზანის „რუბინთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 2020 წლის 20 აგვისტოს დავითაშვილი ვოლგოგრადის „როტორში“ 2020–21 წლების სეზონში იჯარით გადავიდა. 2022 წლის 23 მარტს დავითაშვილმა ბათუმის „დინამოსთან“ გააფორმა კონტრაქტი, 2022 წლის 2 სექტემბერს კი ის ბათუმის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით „ბორდოში“ გადავიდა. 2022–23 წლების სეზონის შემდეგ, ფრანგულმა კლუბმა ქართველი გარემარბის შეძენის უპირველესი შეძენის უფლებით ისარგებლა და მასთან სრულფასოვანი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"უხარია, რომ ჩვენ გვახარებს. მამამისის სიხარული მისთვის ბევრს ნიშნავს, იცის, მის თითოეულ თამაშს ჩვენ როგორ განვიცდით. ძალიან თბილი და ყურადღებიანია, ამას მასთან ურთიერთობის ყოველ წუთს გრძნობ. სიყვარულის გამოხატვის უნარი აქვს. ჩვენ ერთმანეთთან მეგობრულად ვართ, ნებისმიერ თემაზე შეგვიძლია ლაპარაკი. მისთვის "დედუცი" ვარ. მოფერება უყვარს. როცა საზღვარგარეთ არის, მამამისი მასთან სულ კონტაქტზეა, აღარ მინდა ზედმეტად შევაწუხო და ზოგჯერ ერთი დღე შეიძლება ისე გავიდეს, არ მივწერო. მეორე დღეს თავად მომწერს; დედუცი, სად დამეკარგეო? ბავშვები უყვარს გამორჩეულად, თავადაც ძალიან ბავშვურია", - ამბობდ ზურიკოს დედა, თამუნა წიწილაშვილი.
ბუდუ ზივზივაძე საფეხბურთო კლუბ „კარლსრუესა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელია. ბუდუ ზივზივაძემ ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში, ქუთაისის „იმედის“ საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, 2011 წელს თბილისის „დინამოში“ გადავიდა, 2015 წელს ზივზივაძე უმაღლესი ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ გადავიდა, 2017 წლის იანვარში კონტრაქტი დანიის სუპერლიგის კლუბ „ესბიერგთან“ გააფორმა, 2019 წლის ივლისში მან ხელი უნგრულ საფეხბურთო კლუბ „მეზოკოვეშდთან“ მოაწერა. 2023 წლის 31 იანვარს, 2022–23 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ზივზივაძემ კონტრაქტი გააფორმა მეორე ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბ „კარლსრუესთან“.
ბუდუს ცხოვრებაში მშობლები, განსაკუთრებით კი, დედა, რომ დიდ როლს ასრულებს, ამაზე ფეხბურთელს საჯაროდაც არაერთხელ უსაუბრია:
"ჩემი მშობლები ყოველთვის გვერდში მედგნენ. დედას დავყავდი ვარჯიშებზე, წვიმა იყო თუ ქარი. მაშინ ქუთაისში არ იყო ისეთი კარგი პირობები, რომ სითბოსა და გადახურულში მდგარიყო. ცუდ ამინდებშიც კი იდგა გარეთ და იქიდან მიყურებდა. მამა მუშაობდა და დედა იყო ორიენტირებული ამ თემებზე. დედაჩემის ძალიან დიდი დამსახურებაა ჩემს საფეხბურთო კარიერაში. მისი ძალიან დიდი მადლიერი ვარ", - ამბობდა ბუდუ.
ზივზივაძე რამდენიმე წლის წინ კითხვაზე, რა იყო მისი ყველაზე დიდი ოცნება, ასე პასუხობდა: "საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაში". დღეს საღამოს მას სწორედ ამ ოცნების ასრულების შანსი აქვს.