ლელა კილაძემ 25 მარტს დაბადების დღე მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში აღნიშნა. წვეულებას არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის, მომღერლები, მუსიკოსები, მსახიობები და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები. განსაკუთრებული ყურადღება კი ლელას სტუმრების სიაში მისმა ყოფილმა ქმრებმა დაიმსახურეს: საღამოზე კილაძის ახლანდელ შეყვარებულთან, მუსიკოს გიორგი ცაგარელთან ერთად, იმყოფებოდნენ გიგი უგულავა და გუკა რჩეულიშვილიც. სოციალურ ქსელში მათი საერთო ფოტოც გავრცელდა:
საღამოზე გიორგი ცაგარელმა დაუკრა, სოფო ნიჟარაძემ იმღერა და იუბილარმა მეგობრებთან ერთად სადღესასწაულო ტორტიც ჩააქრო.
ლელა კილაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ის თბილისის იმდროინდელი მერის, გიგი უგულავას მეუღლე გახდა. ლელა კილაძესთან ქორწინება მეორე იყო გიგი უგულავასთვისაც, მასაც პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი, ტასო და თინათინი ჰყავს.
ლელა კილაძემ და გიგი უგულავამ ერთმანეთი მერიაში გაიცნეს. ლელა მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. მაშინ ორივეს ჰყავდა ოჯახი და შვილები. გიგის ცოლი თაკო ცაგურია იყო, ლელას ქმარი - ნიკა მაჭარაძე. ლელა კილაძე დიდხანს მალავდა უგულავასთან რომანს და ამის გამო სამუშაოდ სააკაშვილთან გადავიდა. ისინი ერთად ხშირად დადიოდნენ სამოგზაუროდ. ლელა კილაძე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონა გახდა.
„ჩემო სიყვარულო, გილოცავ დაბადების დღეს“ - გუკა რჩეულიშვილი ლელა კილაძეს დაბადების დღეს ულოცავს
ხმები უგულავას და კილაძის დაშორების შესახებ პერიოდულად ვრცელდებოდა.
დაშორების შესახებ გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა:
"მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა-მოთქმა. მოკლედ, მე და ლელამ 6-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ დაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ." - წერდა უგულავა.
რა გახდა მათი დაშორების მიზეზი, უცნობია, თუმცა ბევრი აღნიშნავდა, რომ მიზეზი ლელას "ცხოვრების სტილი" იყო.
"ყველაფერში დამნაშავე ლელას ცხოვრების სტილია. დიდი ხანია, ის და თბილისში კარგად ცნობილი ერთ-ერთი ოჯახის დედისერთა შვილი ყველგან ერთად დადიოდნენ და ახლო ურთიერთობას არც მალავდნენ... მათი სამეგობრო წრე ხშირად იკრიბებოდა, მთელი ღამის განმავლობაში "გუგუნებდნენ", სვამდნენ... ლელას ამგვარი ცხოვრების სტილის გამო პრობლემებიც დაიწყო. მაგალითად, ბავშვს ყურადღებას აღარ აქცევდა. ამის გამო დედამისმა ლელა ოთხი დღით სახლშიც გამოკეტა, მაგრამ... როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ ორთაჭალაში, ერთ-ერთ კაფეში, რომელიც კილაძის მეგობარს ეკუთვნის, ჩვეული "გუგუნისას", როგორც ამბობენ, ლელას მსუბუქი ნარკოტიკის ზედმეტი დოზა მოუვიდა. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. კილაძის ახლობლები დილის 6 საათზე მიცვივდნენ კაფეში, ლამის კარი ჩამოიღეს ბრახუნით. როცა ლელა ამ დღეში ნახეს, ძალიან გამწარდნენ. ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ უგულავასთან ციხეში მეგობრები მივიდნენ და ყველაფერი უთხრეს... ურჩიეს, რომ ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტილება მიეღო. უგულავამაც მიიღო გადაწყვეტილება და კილაძეს ოფიციალურად გაშორდა. რაც შეეხება კილაძეს, ის დავით კეზერაშვილმა სასწრაფოდ ინგლისის ერთ-ერთ ნარკოლოგიურ კლინიკაში წაიყვანა და იქ გადის რეაბილიტაციის კურსს. ყველა ხარჯს "კეზერა" ფარავს..." - ამბობდა ლელას ოჯახის ახლობელი.
ლელა კილაძის მესამე მეუღლე გუკა რჩეულიშვილი გახდა:
„მტკვარზე მივედი, ლელა თავის მეგობრებთან ერთად იყო და რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩემთან ერთად იქნებოდა. მაშინ მეც სხვა ცოლი მყავდა და ლელასაც სხვა ქმარი ჰყავდა. არ ვიცი, რატომ ვიფიქრე ასე, ვიგრძენი“, – ამბობდა გუკა რჩეულიშვილი მათ პირველ შეხვედრაზე.
წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა, თუმცა ყველაფერი მაშინ გაირკვა, როდესაც ლელა კილაძის ორსულობის შესახებ ინფორმაცია მისმა მომავალმა მამამთილმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა გაავრცელა. გუკა ამ დროს ციხეში იმყოფებოდა.
გუკა რჩეულიშვილი მეუღლის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო დააკავეს. მართალია, სასამართლომ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ საპატიმრო ოთხ თვეში დატოვა.
აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ციხის დატოვების შემდეგ ლელამ და გუკამ თანაცხოვრება გააგრძელეს, მათი წყვილი თითქოს ძველებურად ბედნიერი ჩანდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გუკა ხშირად ჩადიოდა კიევსა და სხვა ქალაქებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. როდის დასრულდა წყვილის ურთიერთობა, უცნობია.
„ეს იყო, რთული მომენტი. რადგან აღმოჩნდა, რომ თავის თავს საფრთხეს უქმნიდა და ჩვენს ოჯახს უქმნიდა საფრთხეს. მაიამ და რუსომ ციხიდან ძალა მომცეს. ასე რომ არ ყოფილიყო, მარტოს გამიჭირდებოდა. თრინითიმ განიცადა ეს ყველაფერი. ახლა ძალიან ბედნიერია, სახლში რომ მოდის და გუკას ხედავს, ეხუტება და ასეა ყოველთვის“, – იხსენებდა ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლელას გიორგი ცაგარელთან ჰქონდა ურთიერთობა. ცაგარელი ადრე ლიზა ბაგრატიონის მეუღლე იყო. მათი ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია 2014 წელს გასაჯაროვდა. წყვილი წლების მანძილზე ცხოვრობდა ერთად, თუმცა მაინც დაშორდნენ.
ლელა კილაძე საკუთარი ცხოვრების შესახებ არასდროს საუბრობს სმამაღლა, თუმცა მაინც ახერხებს, ყოველთვის იყოს ყურადღების ცენტრში. ბოლო დროს კი მან მედიის ინტერესი საკუთარი შემოქმედების წყალობით დაიმსახურა. ბაღი, სადაც გადავრჩი" - ასე დაარქვა ლელა კილაძემ პერსონალურ გამოფენას, რომელიც „რუმს ჰოტელში“ გაიმართა. ლელამ აღნიშნა, რომ ხატვა რთულმა პერიოდმა და ემოციებმა დააწყებინა:
"2017 წელს დავიწყე ხატვა. თვითნასწავლი მხატვარი ვარ. ძალიან რთული პერიოდი მქონდა - მაგ პერიოდში პირველად რომ შევძელი ჩემი ემოცია, შიგნიდან რაც მაწუხებდა, ფურცელზე გადმომეტანა, მერე მივხვდი, რომ ამისგან გავთავისუფლდი, მაშინ დავიწყე ხატვა. მას მერე სულ ვხატავ. ეს არის ის სამყარო, რაც მე მაინტერესებს".