"ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში” - გურამ რჩეულიშვილის ეს გენიალური სიტყვები ჩემი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო და არის! ბიჭებო, წარმომიდგენია, თუ როგორ ღელავთ და როგორი დიდი შემართებით ემზადებით ამ ისტორიული დღისთვის, რომელიც თქვენი დამსახურებით დადგა! ჩვენ ყველას, მთელი გულით გვჯერა თქვენი თავდაუზოგავი შრომის, მონდომების და ერთობის", - წერს მუსიკოსი ნათია თოდუა სოციალურ ქსელში და საქართველოს ნაკრებს ისტორიული მატჩის წინ თანადგომას უცხადებს.
26 მარტის საღამო, ალბათ, ყველა ქართველისთვის, განურჩევლად იმისა, არის თუ არა სპორტის და, კონკრეტულად, ფეხბურთის ქომაგი, დიდი მოლოდინებისა და მღელვარებისაა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ ლუქსებურგთან მოპოვებულმა გამარჯვებამ მთელი ერი გააერთიანა და კიდევ უფრო დააახლოვა ისტორიულ შედეგთან, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში თამაში ჰქვია.
საბერძნეთთან შეხვედრა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველოს ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი 2020 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა და შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.
ქართველი მომღერალი ნათია თოდუა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის მოგების შემდეგ. ნათიას ძალიან საინტერესო და, ამავდროულად, რთული ისტორია აქვს.
ნათია თოდუა დაიბადა თბილისში 1996 წლის 12 მარტს. 1992 წლის სამოქალაქო ომის დროს მისმა ოჯახმა დატოვა აფხაზეთი და დროებით თბილისში დასახლდა. როდესაც ნათია ორი წლის იყო, ოჯახი დაბრუნდა აფხაზეთში და დასახლდა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში. სკოლის დამთავრების შემდეგ ნათია და მისი და დაბრუნდნენ თბილისში უმაღლესი განათლების მიღების მიზნით. თოდუამ ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის განხრით.
2016 წელს თოდუა საცხოვრებლად გადავიდა ბრუხზალში (გერმანია), სადაც ოპერის პროგრამით დაიწყო მუშაობა. მომდევნო წელს მან მონაწილეობა მიიღო The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის შესარჩევ ტურში, რომლის წარმატებით გავლის შედეგად შეუერთდა ფინელი მუსიკოსის და ჯგუფ Sunrise Avenue-ს სოლისტის, სამუ ჰაბერის გუნდს. 2017 წლის 17 დეკემბერს The Voice of Germany-ს ფინალურ შოუში მან მოიპოვა შემოსული ხმების 50.1% და გახდა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული.
"ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, თუ მე გავხდებოდი პროექტის გამარჯვებული. ეკრანზე ჩემი სახელი რომ დაეწერა, ისე გამიხარდა, შოკში ჩავვარდი და ახლაც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ალბომის ჩაწერა, მანქანა და ტურნე გერმანიის დიდ ქალაქებში - ეს არის ის პრიზები, რომლებიც გადმომცეს პროექტში გამარჯვების შემდეგ" - ამბობდა მაშინ ნათია.ნათია თოდუას ქმარი2022 წლის სექტემბერში ნათია თოდუა დაჯილდოვდა საქართველოს „ღირსების მედლით“. ამავე წელს მომღერალმა ჯვარი ბოდბეში, წმინდა ნინოს ტაძარში დაიწერა. ნათიას მეუღლე დავით ზურაბაშვილია. ახალგაზრდებს დიდი ხანია, რაც ერთმანეთი უყვართ, რადგან დავითი ჯერ კიდევ 2020 წლის პოსტებში წერს ნათიას შესახებ... წყვილმა ქორწილი კახეთში, "შატო ბუერაში" გადაიხადა. წვეულებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.