"იმ წამს ყველაფერზე და თან არაფერზე ვფიქრობდი. ასეთი მდგომარეობა მე აქამდე არ მქონია, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობა იყო ჩემი თანაგუნდელების წინაშე და მთლიანად საქართველოს წინაშე. ხმაურიანი სიჩუმე იყო ჩემს ტვინში და ვერ გავიგე, რა ხდებოდა“ - ეს სიტყვები საქართველო-საბერძნეთის მატჩში გადამწყვეტი გოლის ავტორს, ნიკა კვეკვესკირს ეკუთვნის.
სწორედ მისმა დარტყმამ გადაწყვიტა გუშინდელი თამაშისა და საქართველოს ბედი - საქართველოს ეროვნული ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამისთვის 120 წუთზე მეტი დროის მანძილზე ქართველმა ფეხბურთელებმა თავდაუზოგავად იშრომეს. სპორტსმენებმა მოედანზე, გულშემატკივრებმა კი ტრიბუნაზე ყველაფერი გააკეთეს ამ გამარჯვებისთვის. 26 მარტი დიდი ღელვის, მოლოდინისა და იმედების ღამე იყო, იმედების, რომლებიც ჩვენმა ფეხბურთელებმა გაამართლეს და მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრეს - სავსე ქუჩებმა, ეკრანებთან მიჯაჭვულმა ათასობით ადამიანმა, სიხარულის ყიჟინამ, ფეიერვერკებმა, გამარჯვების სიმღერებმა და ზეიმმა გუშინ მთელი საქართველო მოიცვა. ამ ყველაფრის ერთ-ერთი შემოქმედი, ნაკრების სხვა წევრებთან ერთად, სწორედ ნიკა კვეკვესკირი იყო, რომლის დარტყმასაც ყველა ქართველი სუნთქვაშეკრული ელოდა, მერე კი იყო..."ხმაურიანი სიჩუმე".
31 წლის ნიკა კვეკვესკირი გუშინდელი თამაშის შემდეგ ამბობდა, რომ იცოდა, ბოლო პენალტის დარტყმა მას რომ მოუწევდა. ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო როგორც გუნდელების, ისე ხალხის წინაშე, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ იმ მომენტში მოედანზე ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი თავად იყო და ეს პასუხისმგებლობა სწორედ მას უნდა აეღო.
ნიკა კვეკვესკირი 1992 წლის 29 მაისს ზუგდიდში დაიბადა. არის ქართველი ფეხბურთელი, გორის „დილას“ ნახევარმცველი. გამოდიოდა საქართველოს 17 და 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში, 2010 წლიდან საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი იყო.
ნიკას მშობლები ნანა გერგაია და კობა კვეკვესკირი არიან. ნიკას მამა წლების წინ თავადაც ფეხბურთელი იყო, დღეს კი შვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
ნიკას შესახებ სოციალურ ქსელში საინტერესო ამბავს მისი ახლობელი წერს:
„გამარჯვების გოლის ავტორზე, ნიკა კვეკვესკირზე, მინდა ვთქვა რაღაც.
გალიდანაა. ომის შემდეგ ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა, მეზობლები ვიყავით. მე და ჩემი ძმა შორს დავდიოდით სკოლაში და, მეზობელი ბავშვებისგან განსხვავებით, ნახევარი საათით ადრე ვიდექით უკვე გაჩერებაზე. ყოველ დილით, ვინც ჩვენზე ადრე ელოდებოდა ტრანსპორტს, კვეკვესკირი იყო.
90-იანი წლების ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა.
კიდევ მახსოვს, შეკრებაზე უნდა წაეყვანა მწვრთნელს პატარების გუნდი და მის მშობლებს (რომლებიც ძალიან ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ ბავშვისთვის) არ აღმოაჩნდათ ფინანსები და ნიკას მოუწია სახლში დარჩენა, თუმცა იმდენად მტკივნეული იქნებოდა ეს ბავშვისთვის, რომ ეს ამბავი დაუმალეს და მწვრთნელს ათქმევინეს, რომ ერთი კვირა, უბრალოდ, ვარჯიში არ ექნებოდათ და ისვენებდნენ.
კიდევ მახსოვს, ერთხელ, „მარშრუტკის“ მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო ვარჯიშის მერე. მეორე მძღოლმა უთხრა, დაიფინე რამე და ჩემს „მარშრუტკაში“ ჩაჯექი, მალე გავდივარ მეცო.
მადლობა, ნიკა, ამ სიჯიუტისთვის, ყველაფრისთვის და, განსაკუთრებით, გუშინდელი, შენებური, თავდაჯერებული გამარჯვების გოლისთვის“, - წერს ნანა ცქვიტარია.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
"ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად ძალიან რთული და მძიმე თამაში იყო, რომელიც ლოგიკურად დასრულდა. ორი თანაბარი გუნდი იყო და თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ასეთი ფინალი უფრო საინტერესო და ტკბილია", - ამბობდა ნიკოლოზ კვეკვესკირი გუშინ, თამაშის შემდეგ.