"მე ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს, თუმცა გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება“ - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძის მეუღლე - Marao

"მე ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს, თუმცა გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება“ - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძის მეუღლე

2024-03-27 21:11:27+04:00

„ძალიან კარგი მამაა, ძალიან მეხმარება შაის აღზრდაში. 21-ში, მატჩის შემდეგ, იმდენი მოლოცვა მივიღეთ, მეორე საღამოს ძლივს დავდეთ ტელეფონი ოჯახის წევრებმა. მე ცოტა ინტროვერტი ვარ და დიდად ყურადღება არ მომწონს, თუმცა გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება“, - ამბობს ნინი კვერნაძე, ბუდუ ზივზივაძის მეუღლე. 

  • "დედა წვიმასა და ქარში გარეთ იდგა და მიყურებდა, როგორ ვთამაშობდი... ბედნიერი ვარ, რომ ნინია ჩემი მეუღლე და ყველანაირად მიდგას გვერდში..." - ბუდუ ზივზივაძის რთული პერიოდი, მეგობრობა ხვიჩა კვარაცხელიასთან და ოჯახური იდილია 

როგორც აღმოჩნდა, მეუღლისგან განსხვავებით, ბუდუსთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა დისკომფორტი სულაც არ არის. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი გულშემატკივრების წინ მან ნამდვილი შოუ მოაწყო და სოციალური ქსელი აალაპარაკა. ბუდუს ცეკვის ვიდეო უამრავმა ადამიანმა მოიწონა: "ბუდუ, სასწრაფოდ "ცეკვავენ ვარსკვლავებში", "ძალიან თბილი ბიჭი, საყვარელი", "როგორ გაიხსნა ყველა ამ გამარჯვების მერე" - წერენ კომენტარებში. 

 

26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა. 

ვილი სანიოლმა ​დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2024 წელს ევროპის ჩემპიონატი.

მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გოლის გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა.

გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. 

  • "იმ წამს ყველაფერზე და თან არაფერზე ვფიქრობდი, ხმაურიანი სიჩუმე იყო ჩემს ტვინში" - გადამწყვეტი გოლის ავტორის, ნიკა კვეკვესკირის ცხოვრება და კარიერა მოედანს მიღმა 
  • როცა ზღაპრის ბოლო მართლა კეთილია - მთელი საქართველო ერთად! როგორ აღნიშნეს ისტორიული გამარჯვება ქართველებმა 

მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩში ბუდუ ზივზივაძეს გოლი არ გაუტანია, წინა შეხვედრაში ლუქსემბურგთან ჩვენმა ნაკრებმა სწორედ მისი ორი გოლით მოახერხა გამარჯვება. ეს ფაქტი ბუდუს კარიერის მწვერვალადაც შეაფასეს. თავად სპორტსმენი კი ამბობდა, რომ რადგან მაშინ გუნდს ხვიჩა კვარაცხელია ვერ ეხმარებოდა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტა და მისია შეასრულა კიდეც. ბუდუმ ისიც აღნიშნა, რომ ფიზიკურად და მენტალურად შესანიშნავ ფორმაშია და ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ბევრჯერ გაახაროს.