სოციალურ ქსელში 26 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო უამრავი ფოტო, პოსტი თუ ვიდეო გამოქვეყნდა. თავდაპირველად ამ დიდი გამარჯვების მოლოდინმა, შემდეგ კი თავად გამარჯვების სიხარულმა მთელი ქვეყანა, დიდი და პატარა გააერთიანა.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ვილი სანიოლმა დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი.
მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გოლის გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა. გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.
როგორც აღმოჩნდა, გულშემატკივრებს შორის ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის ქალიშვილი, პატარა ანნაც იყო. მისი ვიდეო ჯანეტმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ნოე სულაბერიძეს პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. ჯანეტ ქერდიყოშვილი „მის საქართველო“ 2011 წელს გახდა. მან ამავე წელს ჩვენი ქვეყანა „მის მსოფლიოზეც“ წარადგინა, ხოლო 2015 წელს მონაწილეობა მიიღო „მის სამყაროს“ კონკურსში. ჯანეტს ჰყავს მშობლები და ერთი ძმა, რომლებთან ერთადაც ხშირად მოგზაურობს და ოჯახურ კადრებს მეგობრებსაც უზიარებს.