სოციალურ ქსელში 26 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო უამრავი ფოტო, პოსტი თუ ვიდეო გამოქვეყნდა. თავდაპირველად ამ დიდი გამარჯვების მოლოდინმა, შემდეგ კი თავად გამარჯვების სიხარულმა მთელი ქვეყანა, დიდი და პატარა გააერთიანა.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ვილი სანიოლმა დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2024 წელს ევროპის ჩემპიონატი.
მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გოლის გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა. გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.
"მე მოვითხოვე სანიოლთან პირველი დარტყმა. მზად ვიყავი იმისთვისაც, რომ შეიძლება ყველაფერი პირიქით ყოფილიყო, მაგრამ ვარჯიშმა და ყველაფერმა, რაც მანამდე გავაკეთე, შედეგი გამოიღო. პენალტის დარტყმის დროს რომ ვიდექი, თითქოს იმ სიმღერამ, რასაც ტრიბუნებზე მღეროდნენ, მომცა ის მუხტი, რომ სწორად მიმემართა ჩემი ემოციები და ფიქრები" - ამბობდა გიორგი.
გიორგი ქოჩორაშვილი 1999 წლის 29 ივნისს თბილისში დაიბადა. დღეს არის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ლევანტეს“ ცენტრალური ნახევარმცველი.
გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტეში"
მისი დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში შედგა 2020 წლის 12 ივლისს. ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში ის შეცვლაზე შევიდა რუბენ როჩინას ნაცვლად. შეხვედრა „ლევანტემ“ 1:2 დათმო.
გიორგი ქოჩორაშვილის სანაკრებო კარიერა
გიორგი თამაშობდა საქართველოს 19 წლამდე და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. 2023 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია. 2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0:0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4:2 დაამარცხა. პირველი პენალტი ქართველ ფეხბურთელთაგან გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
დღეს, 2024 წლის 26 მარტის შემდეგ, ალბათ, გიორგი გრძნობს ქართველი ხალხის დიდ სიყვარულსა და პატივისცემას, რადგან მისმა პირველმა გოლმა, შემართებამ და სიძლიერემ კიდევ უფრო გააძლიერა სხვა ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების მოტივაციაც.
ეს გამარჯვება თავად გიორგისთვისაც რომ განსაკუთრებით ემოციური იყო, მან ამის შესახებ თამაშის შემდეგ ისაუბრა:
"თამაშში იმხელა ემოციები გვქონდა ჩადებული, თამაშის შემდეგ ემოციების გარეშე დავრჩი. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რამხელა ისტორია დაიწერა. სამი-ოთხი წელი დიდი შრომა ჩავდე, შეიძლება, ამ მომენტისთვისაც. ეს ის დანიშნულება იყო, რომელიც უნდა შემესრულებინა. როდესაც ავიღე ბურთი, ისეთი შეძახილები და სიმღერა მესმოდა, რომ... ზუსტად ეგ მომენტია, როცა ან კარგი იმარჯვებს შენზე, ან - ცუდი. ხალხის დახმარებით კარგმა გაიმარჯვა", - ამბობდა ფეხბურთელი.
24 წლის ვარსკვლავი გიორგი ქოჩორაშვილი 2018 წლიდან ესპანეთში იმყოფება. ის საქართველოში ოჯახთან, მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობდა, ესპანეთში კი შეყვარებულთან, ბრაზილიელ სანდრა მენდონსასთან ერთად ცხოვრობს. სანდრა 2021 წელს კადრებს თვითმფრინავიდან აქვეყნებდა, სადაც ჩანდა, რომ ის ბორტის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, უცნობია, რას საქმიანობს ის ახლა, თუმცა ძალიან უყვარს მოგზაურობა და, როგორც ჩანს, ის გასულ წელს საქართველოში, გიორგის საგულშემატკივროდ იმყოფებოდა.
ამ მნიშვნელოვან თამაშს კი დისტანციურად ადევნებდა თვალს და საყვარელ მამაკაცს წარმატება საჯაროდაც მიულოცა: "ოცნებები ხდება" - წერს სანდრა გიორგის ვიდეოზე.
გიორგი სანდრასთან ერთად გადაღებულ კადრებს ხშირად არ აქვეყნებს, თუმცა ბოლო დაბადების დღე განსაკუთრებით ემოციურად მიულოცა:
"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიცოცხლე. მადლობა, იმისთვის, რომ ხარ ის, ვინც ხარ და კარგ და ცუდ დღეებში ყოველთვის ჩემ გვერდით ხარ" - წერდა გიორგი.