სოციალურ ქსელში 26 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო უამრავი ფოტო, პოსტი თუ ვიდეო გამოქვეყნდა. თავდაპირველად ამ დიდი გამარჯვების მოლოდინმა, შემდეგ კი თავად გამარჯვების სიხარულმა მთელი ქვეყანა, დიდი და პატარა გააერთიანა.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ვილი სანიოლმა დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი.
მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გოლის გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა. გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.
ამ ისტორიული გამარჯვებისა და ქართველი ხალხის ემოციების შესახებ უამრავმა საერთაშორისო სპორტულმა და არასპორტულმა გამოცემამ დაწერა. აქვეყნებდნენ გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების დაუვიწყარი ემოციების კადრებს და უკვირდათ, რომ ამ პატარა ქვეყანაში ფეხბურთის ამდენი გულშემატკივარი ცხოვრობს.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ამ გამარჯვების შემოქმედებმა - ფეხბურთელებმა ჯერ სტადიონზე გულშემატკივართან, შემდეგ გასახდელში სამწვრთნელო შტაბთან, შემდეგ ქუჩაში გამოსულ ხალხთან და ბოლოს - მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად რესტორანში აღნიშნეს, სადაც იმღერეს, იცეკვეს და სახალისო კადრებით სოციალური ქსელებიც დაიპყრეს.
ქართველი ვარსკვლავისთვის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის, გამარჯვების სიხარულს კიდევ ერთი სიახლე დაემატა - მან სწორედ ამ ისტორიულ დღეს გაამხილა, რომ მალე ბიჭის მამა გახდება.
მისი ორსული მეუღლე, ნიცა თავაძე, თამაშს დედასთან, დასთან და ხვიჩას მშობლებთან ერთად დაესწრო. მოგვიანებით კი მეუღლის გვერდით იყო "მესამე ტაიმის" დროსაც. მისი კადრები სოციალურ ქსელში გულშემატკივრებმა გამოაქვეყნეს.
წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.
15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.
საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს: „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.
გავრცელდა კადრები იმის შესახებაც, თუ როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ნიცა და ხვიჩა იცხოვრებენ. როგორც ცნობილია, ქორწილის მეორე დღეს ისინი იტალიაში გაემგზავრნენ და ნეაპოლში დაბინავდნენ. მათი სახლი მყუდროა, ზღვის ხედით.