სოციალურ ქსელში 26 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო უამრავი ფოტო, პოსტი თუ ვიდეო გამოქვეყნდა. თავდაპირველად ამ დიდი გამარჯვების მოლოდინმა, შემდეგ კი თავად გამარჯვების სიხარულმა მთელი ქვეყანა, დიდი და პატარა გააერთიანა.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ვილი სანიოლმა დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი.
მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გოლის გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა. გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.
ამ ემოციური ფონისა და საერთო ზეიმის ფონზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი თამთა მიქელაძე მთელი ამ ამბისა და ქართველი ფეხბურთელების განსხვავებულ, არასპორტულ შეფასებას გვთავაზობს:
"ჩვენი ფეხბურთელების იმიჯსა და ქცევაში მასკულინობის ახალი ფორმები გამოჩნდა, რომელიც ყველაფერთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია.
პირველ რიგში, ჩანს, რომ ისინი თავმდაბლები არიან და საჯარო კომენტირების დროს ეს გრძნობა სულ თვალშისაცემია. მათ აქვთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და ერთმანეთის აღიარება. ყოჩების ლოგიკა არ ჩანდა გუნდში, არც თამაშში და არც გარეთ.
მნიშვნელოვანი იყო, რომ ბერძნების ძალიან აგრესიულ თამაშს აგრესიით არ უპასუხეს და თავიანთ მიზანზე ორიენტირებული დარჩნენ. გამარჯვებაც ლაღად და მსუბუქად, ცეკვით და სიმღერით მიიღეს. საჯარო ინტერვიუების დროს ამ ბიჭებს არ ავიწყდებათ, რა მძიმე გამოცდილებიდან მოდიან და ჩანს, როგორი მადლიერები არიან საკუთარი ოჯახების და დედების, რომლებმაც ძალიან რთულ სოციალურ რეალობაში გაზარდეს. სწორედ ამიტომ არის ეს გამარჯვება დიდი გამარჯვება, რომ ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაწილი უბრალო ოჯახებიდან მოდის და მათ საკუთარ თავზე აქვთ განცდილი ჩვენი ხალხის ყოფა, ტკივილი და ძალა. მათ შეძლეს არაფრისგან საკუთარი თავის შექმნა, როგორც ამას ჩვენი ხალხი ახერხებს უკვე 30 წელია და თავდადებით იმედის შექმნა", - წერს თამთა მიქელაძე.