ლიზა მაღრაძე, მისი ოჯახიდან გამომდინარე, ყოველთვის ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში - იგი ბადრი პატარკაციშვილის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია. როგორც ცნობილია, ბადრი პატარკაციშვილს შვილიშვილთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა.
ლიზამ თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა და პროფესიით მსახიობია, გარდა ამისა, ბავშვობიდან მღერის, ტელევიზია და ყურადღების ცენტრში ყოფნა მისთვის უცხო არასდროს ყოფილა.
ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, ბაბუის გარდაცვალება მძიმედ გადაიტანა. ბადრი პატარკაციშვილი მუდმივად ცდილობდა, თავისუფალი დრო ლიზასთან გაეტარებინა და მას ყველა ოცნებას უსრულებდა.
"იმდენად პატარაც არ ვყოფილვარ, რომ ვერ გამეცნობიერებინა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. რთულია ამ თემაზე ლაპარაკი. ამ ასაკში უკეთ ვაცნობიერებ, რამხელა და რა მაგარი ადამიანი დავკარგეთ. მაშინ აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი. ვიცოდი, რომ ცუდი რაღაც მოხდა. ვიცოდი, რომ მიყვარდა და ძალიან მტკიოდა. ვიცოდი, რომ იმ დროს ჩემთვის არ ეცალათ და მარტო მიწევდა საკუთარ თავთან ყოფნა. მახსოვს, ძალიან ცუდად ვხდებოდი ხოლმე ამაზე ფიქრით.
მაშინ ასეთ ტკივილს პირველად შევეჯახე. ათი წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. პირველად რომ გავიგე, აღარ იყო, იმ მომენტიდან ერთი კვირის განმავლობაში, ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. თითქოს თავდაცვის მექანიზმი ჩამერთო და ეს პერიოდი ჩემი ცხოვრებიდან ამოვშალე. რაღაც დრო რომ გავიდა, ხშირად ვათვალიერებდი მის ფოტოებს და იმდენად აღარ ვნერვიულობდი, იმდენს აღარ ვტიროდი.
მისგან ძალიან ბევრი ლამაზი მოგონება დამრჩა. მახსოვს კადრი, ბადრი სახლში შემოდის და მოაქვს ორი დიდი ჩემოდანი. ხსნის და ორივე ჩემი საჩუქრებითაა სავსე. სულ ასე იქცეოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის დრო ყოველთვის ჰქონდა. მეგონა, ამ ადამიანს ყველაფერი შეეძლო. ჩემი თოვლის ბაბუა იყო. თუმცა, მარტო ჩემი არა, ძალიან ბევრ ბავშვს ეხმარებოდა", - იხსენებს ლიზა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ლიზა პანდემიის პერიოდში საიდუმლოდ გათხოვდა - მისი რჩეული გიორგი კაკაბაძეა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა. საზოგადოებას მალე აცნო, რომ შვილს ელოდებოდა. 2021 წელს კი ლიზა დედა გახდა, პატარა გოგონას ფოტოები მან სოციალურ ქსელში გააზიარა.
"ყველაფერი, რაც აქამდე გამიკეთებია და რასაც მომავალში გავაკეთებ, აუცილებლად იქნება ჩემი ოჯახის ტრადიციების ღირსეული გაგრძელება. ამას მაქსიმალურად ვეცდები. ბავშვთა გასართობი ცენტრის გახსნის იდეაც აქედან გამომდინარე გამიჩნდა. მინდოდა, ამას, კომერციულის გარდა, სოციალური ხასიათიც ჰქონოდა. ამ ადგილას ადრეც ბავშვთა გასართობი ცენტრი იყო, რომელიც ჩვენს ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო აღარ ფუნქციონირებდა. ჩემი ბავშვობის მეგობარი ანიმატორია და იმდენად ხშირად მელაპარაკებოდა ამ საკითხზე, რომ ბოლოს გადარეული ვიყავი, ისე მინდოდა ბავშვთა გასართობი ცენტრის გახსნა. ძალიან მეხმარებოდა, კი არა, ფაქტობრივად, ყველაფერი თავად გააკეთა. ოჯახში რომ ვთქვი ამ იდეის შესახებ, არ გაჰკვირვებიათ, რა მაგარიაო, მითხრეს. თითქოს, ლოგიკურიც იყო ეს ყველაფერი. ბევრი პრობლემა შეგვხვდა, მაგრამ მაინც მოვედით აქამდე" - ამბობდა ლიზა.